ლექსების გამოფენა
გაზიარება

პოეზიის კონკურსი - 2013 ექსკლიუზივი

ბებო

მზეს მიფიცხებულ ხმელ ტოტებზე ძალიან მშვიდად
ჩამოდო თავი შუადღისას ქარმა და ათგზის
შეცვალა ბებოს (სახლთან მყოფის) დაღლილი მზერა.
თონესთან - შეშა, შეშაზე - თოვლი და თოვლზე - კვალი
გააქრო უცებ. მზე დატოვა. მზეზე სიშიშვლე -
სიტყვის. ყინვით კი სულწასული ქარები აცლის
არაქათს, უკვე იმდენს ფიქრობ დამპალ სიკვდილზე,
გინდება ისევ დაბადება, გინდება. ათგზის.

ირგძნობა მზეზე გამოსული კვირტების სუნი,
მთებზე კი თოვლი დაემსგავსა გაცრეცილ ზეწარს,
იცი რომ ყველა სიყვარული მაღლიდან მოდის
და ამ დროს საზრდოს მარცვლებივით გულიდან კენკავ.
თვალები სავსე – მოწყენილი მზეების სარჩო,
ამოჭამს შიშებს მათში დილით ნათქვამი ლოცვა.
თონეზე - შეშა, შეშაზე - თოვლი და თოვლზე - კვალი
ქრება, როგორც ამ გულში ვინმეს ადგილი. მორჩა

ბებია გარეთ ფუსფუსს, ქარში გამშრალი ფიჩხით
ახურებს ბუხარს, თეთრი კვამლით ნაყრდება ეზო.
ისეთი მზეა, თვალებს ჭრის და ნეკნებში მიდის.
სიკვდილი?... კაცს რომ სადმე გზად არ გადაეღობოს,
როგორ იქნება?! ‘’შვილები ვართ ყველანი მისი!’’
ბებოს თვალებში დამალული იხსნება სევდა,
რომ ქარმა უკვე მერამდენედ დააღო პირი
და ერთი სიტყვა - სიყვარული - ვერაფრით ვერ თქვა.


                  
* * *

ურმის ჭრიალი ავსებდა ლოდინს...
...
იდგა საღამო, ბაცი და მშვიდი,
დაკემსილ ჰაერს ბღავილი ხევდა,
ფურებთან ერთად, სოფლის შარაზე,
დარდს აცილებდა წკნელებით დედა.

მთვარე იკლავდა თავს ხის ჩეროზე,
ცარიელ ცაზე რჩებოდა მასრა,
იწვნენ დეკემბრის ქარები პირქვე
და მეწამულ მზეს იგდებდნენ მასხრად...

ხეებს კი შიშის ჰქონდათ თვალები,
კალთებს იფენდნენ თვალის გუგებზე,
დღეს ჩაექინდრა ბეღურასავით,
თავი სამყაროს გიშრის უბეზე...

კუპრი ღრუბელი - ლურჯი ცის ელდა,
უფრო კი გერი, პირმშო კი არა...
და სამს რომ ხუთი წუთიღა აკლდა,
ცაში ღრუბელმა იმშობიარა... -
თქეშად დაეშვა წვიმა დახეთქილ,
ზამთრის სუნთქვებით მოღალულ ბელტებს...
და წვიმდა,
წვიმდა,
თითქოს სტიქია
თავის სველ სხეულს მიწაზე ვერ ტევს...

იწვნენ დეკემბრის ქარები პირქვე,
თან წვიმის წვეთებს ეძახდნენ მასხრებს(!)
ტიროდა წვიმა,
ო, საწყლად, იქვე,
რომ იტკიებდა გაჭორილ სახსრებს...

დარდი ეძებდა ამინდებს, საფერს
და ლამაზ ქალის მოგრძო თითებით,
სარეცხის თოკზე სევდას რომ აფენს,
ეწებებოდნენ ნერვებს ფიქრები...

სოფლის ბოლოში, თონის ღადარზე,
იხრუკებოდა ბინდი რაცრაცით,
ღამე და გოგო ერთმანეთს ჰგავდნენ,
სევდა-ღიმილით?!
არა!
რაღაცით...
...
ურმის ჭრიალი ავსებდა ლოდინს...



                         
დედა

(11 წლის უნახავ, ივნისშიჩამომსვლელ დედას)

იცოდე, სული ამოუღო თავხედმა დრომ სულს,
ვიცი, ჩვენ შორის წრფეებია, წილადებია.
დაგიწერე და დავიჯერე უაზროდ, რომ სულ
ცოტათი ახლო გახდებოდა ფილადელფია ...
და მერე სიცილს ვეომები. და მერე დაღლას,
ამოვეზრდები გვერდით ჭადრებს და ვდუმვართ მწკრივად.
შენი იქ ყოფნა მაშინებდა ადრე და ახლა -
შენი ჩამოსვლა მაშინებს
დე, შეხვედრა მტკივა ...
ალბათ გაიგე, რომ სიჩუმემ გამომაყრუა,
ყველა ზამთარს რომ ყველა ფიფქის ხათრით დე, ვუვლი.
და მოსაყოლად აღარც კი ღირს ის, რომ ბაბუამ
ინფარქტს მესამედ უსახსოვრა მოხუცი გული ...
და წელს ზამთარი მოვიწონე, არავის გავდა
იყო (რაღაცით) სიცივესა და თოვლზე მეტი.
მამის საფლავზე (ყვავილების დადების გარდა)
ბიჭებმა ღვინის სმაც დავიწყეთ (ბოლო დროს) დედი ...
და მერე ისევ მომინდება, მაგრამ არ მოთოვს
შერცხვება ამინდს ამდენ მარტში, მზეებში ამდენ.
კარგა ხანია ის შავ-თეთრი (ოჯახის) ფოტოც
(არ დამეკარგოს ქარში - მეთქი და) სახლში დავდე ...
დამათენდება, შენ რა მოგდის, გძინავს კი არა
გამოიღვიძე, გაჩუმების დროა ქალაქო!
ბევრს ვეღარც გიწერ დე, ხომ გახსოვს, რომ დღეს კვირაა
და მეჩქარება, სკუპე-ში რომ გელაპარაკო.
იცოდე, ნუღარ მოვძებნით და გავიგებთ მიზეზს,
ვიცი, ჩვენ შორის წრფეებია, წილადებია.
სასაცილოა, ვერ დავკუჭე ქაღალდიც ისე
რუკაზე მაინც გამხდარიყო ფილადელფია -
სულ, სულ ცოტათი ახლო მაინც ჩემი სახლიდან ...




ბოლო ლექსი

არავინ არა ჩანს. წისქვილებს ატირებს სიბერე.
წვიმას გამაყოლე, რომ წმინდა მიწები მენახა
(სადმე აქ მოვკვდები) მახსოვხარ ენკენისთვისფერი.
და ის, ვინც ვერ ვპოვე, მუხლამდეც ვერ შევწვდი, შენა ხარ!

აქ, სადაც მთებია, თოვლიან ხიდების ამარა.
ხსოვნაა თმების და სითბოა თვალების, გიშერის.
გთხოვ, ჩემზე ნუ ეტყვი, ნურავის ნუ ეტყვი, დამალე.
შენ ჩემი მიწა ხარ, შენ სიყვარული ხარ, მიშველი.
და მაინც სიზმრმამდე, იქამდე მაცხოვრე. ქარიან
სიმღერას გავყვები შორ ზღვებში ჩაცვენილ ნავებთან.
(სადმე აქ მოვკვდები) შენს იქით, აღარსად არიან,
შენს იქით ტყე არის და ზამთრის პირველი წამება.

გზებია უფოთლო. მინდორთა, ნიავთა ღაღადი.
ხილვათა ბოლოა, წლების წინ ნაწერი სიტყვები.
(იესო შენ მაინც... შენ მაინც... აქა ვარ მარადის)
ვინც მუდამ მელოდა, ვინც ხელს მიწოდებდა, მივყვები

ბოლომდე, და შენი დაღლილი ხელების ლანდია
ბაღებთან და შენი მზისკარა თვალების ნოველა,
(სადმე აქ მოვკვდები) ჩემთანაც მოდიან, დადიან,
ვწვები და მათ გვერდით ღვთაებრივ აღსასრულს მოველი.

მერე კი დარდები ჩემს მხრებზე ეწყობა. თქორია,
თბილია ბალახი, ნაცადი ბედია, მივდივარ.
შორსა ხარ, შორსა ხარ! ტოტივით მაქანებს ბორიო
და შენი ცხოვრების პატარა მოთხრობის გმირი ვარ.

აი, აქ მოვკვდები, ჩემო.





ფრაგმენტები მონატრებიდან
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  
ზღვა მივატოვე
და გიხსენებთ ახლა შენ და ზღვას.
მანდ, ნური-გელთან ამინდია ახლა საჩემო.
მე თითებს ისე ნაზად ვახებ ჩახუთულ ჰაერს,
როგორც შენ ფანქარს - მეწამული ტუჩის გარშემო.

თვალები – საწვიმრად განწირული ცის ფერი სევდა.
მე შენ მიყვარხარ!
არაფერი გარდა ამისა.
ლამპიონებზე აყოლილი ლანდივით მსდევ და
მოდი, წითელი…სისხლისფერი ღვინო დავისხათ.
ჰო! ვამპირული შემართებით დავცალოთ ღამე,
მთელი სისხლისგან.
იქნებ გათენდეს!

ჰოდა, ხომ იცი არაფერი შეედრება ზღვაზე თენებას.
ჰოდა, რადგანაც ზღვა არაა ახლა, შენ ხარ და...
მოდი და ისე ჩამახედე
შენს სველ თვალებში,
ზღვა დავინახო და მოგიყვე როგორ ღელავდა.

გონება, გული - არაფერი შემრჩა საერთოდ.
მე გავხდი ღამე!
გავხდი ბნელი!
გავხდი უკუნი!……
... და ღამე გკოცნის ყვრიმალებზე,
მუხლებზე,
ყელზე.
გავხდი შენი და შენი მაჯის ფეთქვა, გუგუნი...

ეს ცოდვიანი ღამე არის ამ საუკუნის.
გათენდი!
სანამ დაიცალა ღამე და მოკვდა,
რომ ხელმეორედ დაღამდეს და ისევ გათენდე...
თორემ ეს ღამე მე დავცალე უკვე სისხლისგან
ჰოდა როდემდე...

მე შენ მიყვარხარ!
არაფერი გარდა ამისა.
ლამპიონებზე აყოლილი ლანდივით მსდევ და...
მოდი, წითელი…სისხლისფერი ღვინო დავისხათ.
მანახე შენი განწირული ცისფერი სევდა.

მე თითებს ისე ნაზად ვახებ ჩახუთულ ჰაერს,
როგორც შენ ფანქარს - მეწამული ტუჩის გარშემო.…
აქ ვამპირული შემართებით იცლება ღამე,
მანდ კი, გელ-ბაშთან გარიჟრაჟი არის საჩემო.



* * *

ბათუმში აირია ამინდები.
წვიმაა,  ეგზოტიკა, მოგონება.
გარბიან წვიმისფერი გოგონები,
ცოტათი სასაცილოდ ტანდახრილი
ქურთუკებს თავს წყვილ-წყვილად აფარებენ,
ღრუბელი ქალაქზეა გადაყრილი,
ტალღების აქოჩრილი ფაფარია!
შუაში საცხოვრებელ კორპუსების
სულ მალე სველი მთვარე მიგორდება.
ფიქრები, ლირიკული ოპუსები,
ქუჩები, აფიშები, ბილბორდები,
წვეთები... აფთიაქი შუაღამის,
რომელიც ეომება დეპრესიას
და თვლემენ მატროსები შუახანის
და ღამით გასასვლელი ექსპრესები,
უცდიან "დანტესებს" და "რადამესებს",
თუნდაც იმ "კაროჟნას" ან "დულსინიას",
რაღაცას ხაზი უნდა გადაესვას,
როცა ბედს უფსკრულები უცინიან...
და შენი კრებულივით დაუწყობელ
შენს ნერვებს ნოსტალგია ეძალება.
ძარღვები არსებობას გაუწყებენ
და სულში ამომსკდარი ენძელები...
და რაგინდ აღმოსავლეთ მეჩეთიდან
მოლას ხმა ალაჰისთვის წრიალებდეს,
და რაგინდ შენი მიწის ბეჭები და
ნისლები ერთდებოდნენ თრიალეთზე,
დღეს მაინც პასტორალის სიყვითლეა,
მსუბუქი სიყვითლეა პასტორალის,
ტალღების აქოჩრილი ფაფარია,
ღრუბელი ქალაქზეა გადაყრილი,
ცოტათი სასაცილოდ ტანდახრილი
გარბიან წვიმისფერი გოგონები...
არც ისე შენეული აპრილია
და მაინც ეგზოტიკა, მოგონება...




წერილი თირზასგან

(ჯ.გ ბაირონმა ქართველი გოგონა გამოიხსნა მონათა ბაზარზე,  ეგვიპტეში)

დიდი ხანია, ჩემმა ნატვრის ხემ
შემოიძარცვა ჭრელი ბაფთა, ხმელი ტოტიდან.
ვეღარ ვუკერავ პეპლებს კაბას,
წითელს და მზისფერს,
ვარდობისთვეში, დავიბადე, მერე მოვკვდი და
კვლავ, განვმეორდი... დედამიწა - სისხლით მაკეა.
გზად, ლეკვებივით დაჰყრის გვამებს,
ასე, - მესამედს.
ვეფხის ზოლივით გაწოლილი პანტიკაპეა
დიდი ხანია, აღარ სერავს,
ზღვისკენ ჩემს სავლელს.
მიყვარხართ, მილორდ! (ჩვენებურად, უფრო ბატონო.)
ქალღმერთიც ვიყავ, ხან, მეძავი
და ხანაც, ჩარჩი.
არ მიმატოვო, ამ კუნძულზე,
არ მიმატოვო,
იქნებ დავბრუნდეთ,
იქნებ, ერთხელ
კიდეც, გადავრჩეთ!
შორით, მარმაში შვენის პიტიუნტს,
რიფებს მტევნებზე უსვენიათ დიოსკურია,
მარჯნის სამანით...
კლდე-კლდე, ნაოჭებს რომ ჩამოხოკავ,
მაშინ, ვიცი, გულს
ამოიგლეჯ და ხახაბოსთან დაისამარებ.
ქარიშხალივით შემომეჭერი...
ხან, გველთან ვმრუშობ, ხან დუმილთან...
არ მიმატოვო.
რა ბედენაა,
გამაბახებს, ვინმე, ფლეთჩერი,
თუ, საყლაპავში გადამისვრის
ალიგატორი.
მიყვარდით, მილორდ, სიყვარული არ მეპატია.
...რიბი-რაბოა ნისლიანი ამბიონიდან...
ეს, ახლა, მე ვარ, ნაცრისფერი ეპიტაფია,
ამ ბნელს კუნძულზე წვიმა მოვიდა,
არ მიმატოვო!
...
დიდი ხანია, ჩემმა ნატვრის ხემ
შემოიძარცვა ჭრელი ბაფთა, ხმელი ტოტიდან.



Vagitus

შენ ვეღარასდროს მოხვალ შინ
შენ ვეღარასდროს ნახავ ცას.
ათასი მზე და ჰიროში...
ათასი მზე და ნაგასა...
მე აღარ ვიცი, რა გელის
მთელი სამყარო არია
მგლურმა გოდებამ რაქელის
"რამეთუ აღარ არიან"
და ვეღარავინ ბედავს თქმას
რომ ცას გაუშრა სარძევე,
როცა მკლავები დედათა
სიცარიელეს არწევენ.
და მხოლოდ ერთი ისმისღა,
რომ დაანარცხეს ღმერთი ძირს,
რომ მწარე არის სისხლის ზღვა
და უფრო მწარე - წვეთი რძის.
და ამ ჰაერში მოხარშულ
შეძახილს მოეჭიდები,
შენ ვეღარასდროს მოხვალ შინ
და აღარაფრად გჭირდება
თვალის გახელა ახლიდან
და შენი მყუდრო საკანი,
ეს ქვების გროვა - სახლი და
ეს ნაცრის გროვა - აკვანი.
ძგერა დაიწყეს მიწებმა,
დაეშვი, დაბლა დაეშვი,
რომ ნახო, ზეცა იწვება
შენი შვილების თვალებში.
და აღარავის უჩივი,
რომ დაწყვეტამდე მოჭიმა.
ზიხარ ნაცარში მუნჯივით
- ხელმოგლეჯილი თოჯინა.



ქარის კაცი

მოვიდა.
რაც ნახა, მოხვეტა,
მოხვეტა და გაანიავა,
ჰარალე.
ხან ანჯამები აჭრიალა,
ხან განჯინები ახმაურა,
დარაბებს
გამოუყვანა წირვა და
პარმაღზე
ფეხი რომ წამოკრა,
გამიბრაზდა,
არადა,
ქარი იყო,
მე რას დავუშლიდი,
ან რას ვუშავებდი,
ქაღალდებს,
ალალბედზე ნაფრიალებს,
წამოვკრეფდი და ლექსებს ვწერდი,
ჰარალე...

ქარის კაცია ჩემი ქმარიც, ქმარყოფილი,
ქარივით ვნებიანი, ეჭვიანი,
ყველა კუთხე-კუნჭულს მოივლიდა,
ყველა ღრიჭოში ცხვირს ჩაყოფდა,
აბა მე...
რომელი დევის ცოლი მე ვიყავი,
სახლში უცხო კაცი დამემალა,
ვუთმობდი.

თოვლის კაცი გამიგია,
წვიმის კაცი გამიგია,
მაგრამ ქარის?

ქარის კაცია ჩემი ქმარი, ქმარყოფილი,
ქარივით ბობოქარი, მრისხანე,
როგორც არ უნდა ყოფილიყო,
თავისი უნდა გაეტანა,
აბა, წარბის შეკვრა რად უნდოდა,
მარტო შემოხედვაც იკმარებდა,
კაცი ის იყო და უფროსი...

თოვლის კაცი გამიგია,
წვიმის კაცი გამიგია,
მაგრამ ქარის?
არ გამიგია და გაქრა...
რომელმა ქარიშხალმა გაიტყუა,
რომელმა კუდიანმა შეულოცა,
ცხრა მთას, ცხრა ზღვას იქით გადაკარგა.

ახლა ქარია და ქარის კაცი - აღარ,
ახლაც ქარია და ქარიშხლები,
ეს ჯოჯოხეთის მაშხალები
მახელებენ.
მიფრიალებენ თვალწინ ფარდებს
გამომწვევად,
მიჯახუნებენ კარს.

ვინ ეკითხებათ, ნეტავ?
ვინ ეკითხებათ ქარებს,
როგორც ყვავილის მტვერი,
რატომ გადააქვთ სითბო
ჩემი გულიდან შენში,
შენი გულიდან სხვაში?

შევკრავ ფიჩხის კონას, ტოტებს
თივის გადავადებ ბულულს,
აბრიალდება მუგუზალი,
შევულოცავ:
- ქარი იყო და ჩადგა,
ქარი იყო და ჩადგა.
არული კუდიანებს,
ჰარული,
ჰარალე...
 



ორჯერ დამარხვის ბალადა

I

ხშირ გვიმროვანში, ამ დროს, ბავშვები თამაშობენ,
ტან-ფეხშიშვლები აღმა და დაღმა დარბიან.
ხშირ გვიმროვანში, ამ დროს, ბავშვები თამაშობენ,
თუმცა, იმ თამაშს, ალბათ, თამაშიც არ ჰქვია:
გველებს და ხვლიკებს თხილის წნელებით ხოცავენ.

ხშირ გვიმროვანში, ამ დროს, ბავშვები თამაშობენ,
გარუჯულები, თხუთმეტამდე ან ოცამდე.
ხშირ გვიმროვანში, ამ დროს, ბავშვები თამაშობენ
და ამ მომავალ სოკრატეებს და მოცარტებს,
ლორდ ბაირონებს, დე ბალზაკებს და ვან გოგებს, -

რომ ზრდის ეს ყანა, ეს გვიმრები და ეს მდინარე,
ეს ტყე (ამ ტყეზე, ღმერთო, რას აღარ ამბობენ,
თითქოს, ამ ტყეში ადრე ალები ბინადრობდნენ),
ეს მთა... და რომ აქვთ ეს ყველაფერი, სამყოფი, -
რაში ანაღვლებთ ეს დახოცილი, ათასი

ქვეწარმავალი. ეს გასართობი მათთვის არი,
ეს ნადირობა მათ სიგიჟემდე იზიდავს.
ბავშვმა რა იცის ბებოს და ბაბუს სატკივარი,
ბავშვმა რა იცის ბალახისა და მიწისა.

II

რა უნდა იყოს იმაზე მძიმე სანახავი,
მამა იდგეს და შვილის ცხედართან ტიროდეს
(რა უნდა იყოს ამაზე მძიმე სანახავი),
და ვერ იკრავდეს გულზე პირღია ჭრილობებს.
ხარიც, ბოსელში, ამოაცრემლებს ფინახარს.

რა უნდა იყოს ამაზე მძიმე სანახავი,
მაგრამ მე ვნახე, დიახ, ოდესღაც მინახავს,
არაფერია ამაზე მძიმე სანახავი,
ნახავ და ფიქრობ შენთვის, რა ხარ და ვინა ხარ,
შენც სულ ეგა ხარ. ჯდები კუთხეში, ბედავ და

ფიქრობ (რა არი ამაზე მძიმე საფიქრალი), -
შენც ცხედარი ხარ, ან დამხობილი ცხედართან
(რა უნდა იყოს ამაზე მძიმე საფიქრალი),
ამოირჩიო, _ არვინ არც ამის ნებას გრთავს.

დიახ, მე ვნახე. მახსოვს ჩურჩულით საუბარი,
მახსოვს, ვიდექი სახემოღუშულ ბიჭებთან,
გასვენებისას, დედას გული რომ წაუვიდა,
მამა თავში რომ ვეება მუშტებს იშენდა.


III

ჩვენთან ასეა, თუკი, ერთხელაც გაიავდრა,
არ გადაიღებს და კვირაობით მიაბამს,
ჩვენთან ასეა, თუკი, ერთხელაც გაიავდრა,
იმ მზიან დღეებს, ნაყიდს ბლომად და იაფად
ძვირად დაგვისვამს, ისე დაუშენს მახათის

სიგრძე წვიმას და ჩამოსარეცხსაც ჩამორეცხავს,
ამოსავსებსაც ამოავსებს და ნახვამდის!
ჩვენთან ასეა, ხოდა, მაშინაც ასე მოხდა,
კაცის თვალები უარესს რაღას ნახავდა:
თურმე, ღვარცოფმა ერთი საფლავი ჩამორეცხა,
თურმე ღვარცოფმა კუბოს თავიც კი ახადა...

მერე კი, მოხდა ჩემთვის იქამდე არნახული,
ჩემთვის იქამდე არგაგონილი ამბავი:
მე არ მსმენია, ორი-სამი დღის დამარხული,
დედამ შვილი რომ თავისი ხელით დაბანოს,

თავისი ხელით სუფთა ჩააცვას ტანსაცმელი,
და ჩააწვინოს ახალ და სუფთა კუბოში.
მანამდე მსგავსი მე არ მსმენია და არც ველი
ისევ მოსმენას!

IV

ამ დროს, ბავშვები თამაშობენ,
ტან-ფეხშიშვლები აღმა და დაღმა დარბიან.
ხშირ გვიმროვანში, ამ დროს, ბავშვები თამაშობენ,
თუმცა, იმ თამაშს, ალბათ, თამაშიც არ ქვია:
გველებს და ხვლიკებს თხილის წნელებით ხოცავენ.

ხშირ გვიმროვანში, ამ დროს, ბავშვები თამაშობენ,
გარუჯულები, თხუთმეტამდე ან ოცამდე.
ხშირ გვიმროვანში, ამ დროს, ბავშვები თამაშობენ
და ამ მომავალ სოკრატეებს და მოცარტებს,
ლორდ ბაირონებს, დე ბალზაკებს და ვან გოგებს, _

რომ ზრდის ეს ყანა, ეს გვიმრები და ეს მდინარე,
ეს ტყე (ამ ტყეზე, ღმერთო, რას აღარ ამბობენ,
თითქოს, ამ ტყეში ადრე ალები ბინადრობდნენ),
ეს მთა... და რომ აქვთ ეს ყველაფერი, სამყოფი, _
რაში ანაღვლებთ ეს დახოცილი, ათასი

ქვეწარმავალი. ეს გასართობი მათთვის არი,
სანამ მდინარე აიდღვიბება ღამისფრად.
ბავშვმა რა იცის ბებოს და ბაბუს სატკივარი,
ბავშვმა რა იცის ორჯერ დამარხულ მამისა!



                            
სხვა გაზაფხული

„თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე.”
მარკოზი (8, 34)

“აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია.”
ლუკა (17, 21)

«შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო,
სულო ჭაობზე უნოტიესო.”
გალაკტიონი

ვნახე ზამთარი, მომისაჯა მზეთა ლოდინი,
რომ დამენახა, ვგრძნობდი რასაც ალღო-გუმანით -
ზეცა, რომელიც მუდამ არის ცოტაოდენი,
ლურჯი ფერივით უკმარი და გაუხუნარი,

და მზის მაგიერ მომახურა თბილი ქარები,
თებერვლის რბილი, მსუბუქი და ნორჩი ნიავი,
და მგონი ისევ მრუმე ძილში მივექანები,
თუმცა ვიხსენებ, რა მარტოსულ თოვლში ვიარე.

ვივლი ამ ქარშიც, თბილი ქარი ისე მადუნებს,
მე შემიძლია მოვიარო ზღვის სანაპირო,
ხელი ავუკრა ფიქრის მყიფე ულტიმატუმებს,
მერე ზღვის ბლანტი, მლაშე გული მოვინადირო.

როგორ უხდება გარინდება ჰაერს ნატკივარს,
შიშველ ხეებზე რომ ტოვებდა ხორცის ნაფლეთებს,
მე შემიძლია ჩავიმუხლო ასეთ ადგილას,
და როცა მარტი სუსხის თოვას შემომაფეთებს,

ავდგე, მუხლები დავიფერთხო და გავემართო
სახლისკენ, შიშის და იმედის მღვრიე ნაზავით.
მზე კი სად არის? სად წყვდიადში გადაენათა?!
სად უსაფრდება დილის ძილქუშს ჰიენასავით?!

სანამ ქარები ღრუბლებს ციდან გადაათრევენ,
ან რა იღონოს? (უმიზეზოდ მუდამ ვწყევლიდი),
რა მზის ბრალია, სულელურად და ნაადრევად
სულ რომ ჰყვავიან მიმოზები, თუნდაც ტყემლები?!

რით ვერ ისწავლეს - მალე ამ თბილ, ამ ახალ ქარებს,
გააცილებენ კვლავ ცივები, თან გაცილებით,
და ჩემს მიამიტ სიხარულზე ამახარხარებს,
წელში მოხრილი ალვები და აკაციები.




გაზაფხულდება კვლავ მერცხლების გამო კი არა,
მოფრინდებიან გაზაფხულის გამო მერცხლები.
უნდა მოგხედო, სულო ჩემო, და მოგიარო,
სანამ სხივების მოლოდინში გამომეცლები,

ისევ ჩემივე დუმილია გარდაუვალი,
ყველა ღრუბელი მე თვითონვე რომ აგარიდო,
რადგან ჩემშია იქნებ ზეცა, მზე და უფალი,
დავიწყებული სანიმუშოდ, სამაგალითოდ?!

იქნებ გაეკრა ჯვარზე ქრისტე შენთვის კი არა,
სულო ჭაობზე უშხამესო, უნოტიესო,
სხვების მაგიერ კი არ ჩხვლეტდა ეკლის ტიარა,
სხვებისთვის მხოლოდ მაგალითი სურდა მიეცა?!

ჩემში რომ არის თვითონ ცათა სასუფეველი,
ტანზე ბზარები საკმარისი არგუმენტია,
სხვა რის გამოა სისხლძარღვები ასე ფერილი?! -
თიხაში ზეცა, რა თქმა უნდა, არ დამეტია.































                                  * * *   38
1.
შუახნის კაცი იქნებოდა ფრანგისხევიდან .
თითქმის კაცი და თითქმის შუახნის
და აუცილებლად ფრანგისხევიდან.
ის ჯდა სკამზე
და გაჰყურებდა გზას,
გზას - უსაშველოდ გაგრძელებულს უპუროდ დაღამებული დღესავით.
მატარებელი კი მიდიოდა,
როგორც ზოგადად მატარებლები მიდიან-ხოლმე.
2.
როცა ლიანდაგებზე მოდიოდა ქარი სან-ლუისის შორეული სანაპიროდან
და გულმოდგინე ობობები ქსელს ქსოვდნენ ჭერზე,
მე ვიდექი რკინიგზის შელანძღულ სადგურთან
და ვუყურებდი თხელ ჩითის სარაფანში გამოწყობილ პატარა გოგონას მხრებს,
- არა სიცივით,
მოლოდინის განცდით რომ თრთოდა.
3.
მატარებელში დაჰქონდათ: წმინდა პატრიკის, ფრანცისკო ხავიერის, ვინმე იგნატი ლოიოლას გამოსახულებით აჭრელებული ბროშურები,
ხატები - ჭირში გამარჯვებისა, ლხინში შეწევნისა და მოულოდნელი სიხარულისა.
მე კარგად მახსოვს შუახნის ქალბატონი,
რომელმაც შეიძინა ყველაზე ძვირი ხატებიდან -
„ხატი მოულოდნელი სიხარულისა“
და როგორ ხარბად გადაავლო თვალი ვაგონის ბოლოში მყოფ რამოდენიმე ჯარისკაცს.
4.
ჩემი მხრებიდან მოშორებით
იქ, სადაც სუსტად აღწევდა მეთევზეების სიმღერა,
იდგა ყმაწვილი შორეული პროვინციიდან.
გაოცდებოდით, რომ გენახათ,
თუ როგორ უხდებოდა მისი ცრემლები ცხელი დღის დასასრულს.
5.
მეთევზეები კი მღეროდნენ ასე:
აი ეს არის მშვენიერი ლოლიტას სახლი .
აი ეს არის ყვავილების და გლოვის ქუჩა.
სახლი, რომელშიც გლიცინიებს ადვილად დათვლი.
ქუჩა, რომელსაც გახედავ და ბოლო არ უჩანს.
აი ეს არის მშვენიერი ლოლიტას კაბა.
აი ეს არის მშვენიერი ლოლიტას თმები.
რომ ვერ უძებნი ვერავითარ სიტყვებს და საბაბს
თვალებს, რომელშიც იძირები და ფსკერზე რჩები.
6.
სახელდახელოდ გამოფენილ ნუშის დახლებთან, ფხიზლად თვლემდნენ
ჰაუსტონის ქუჩის ჯიბგირები. ადვილად შეამჩნევდით რამოდენიმე პოლიციელს და
მკითხავ ქალებსაც.
ყველაფერი ისე იყო, როგორც ყოველთვის, მატარებელმაც ამდენადვე დაიგვიანა.






                             *  *  *   47

მაჭირხოლები მოფრინდნენო, ნახეო სქუა,
ჩვენსას რომ დედა კვებავდაო ჭიით და მატლით
შარშან და ახლაც მათი მოსვლა მიზეზი თუა,
სხარტმა აპრილმა შეცვალაო ზოზინა მარტი.
მეტყოდა ბებო, სევდიანი ღიმილით სავსე,
თავშეკავება, როგორც შვენის ქალს დაქვრივებულს.
მე კი ბავშვური ხალასით და სიცელქის ჯანზე
უმცროს დაიკოს ვეძახოდი და გაკვირვებით
ვუცქერდი ტალახს როგორ ზელდა ჩიტი ნისკარტით,
აივნის კიდეს თითქოს ზეცის სასახლეს დებდნენ.
ტანზე აპრილის აფეთქებულ კვირტებს ვიკრავდით
სითბოდ და ვამჩნევ შერჩენია ეს სუნი დღემდე
მინიატურულ პლანტაციებს ლიმონის, დაფნის.
ჩემი ბავშვური ოცნებები მხვდება კარდაკარ,
(ვიცვლიდი როგოც დასვრილ სამოსს) ახლა ამ რაფებს
შენ რომ გაწმინდე, მე მივაწერ, დედა, კარგად ვარ!
ვფიქრობ, რომ თითქოს არ იცოდე, ისე მიყურებ.
ახლა მე ოცზე თითქმის ერთი წელით მეტი ვარ.
მაგრამ არასდროს მამასაც კი აღარ ვუყვები
ჩემზე და ვიცი, ახლაც ვამბობ სიტყვებს წყვეტილად
და ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოვიგონებთ მე და დაიკო
რომ ვუცქეროდით მამას, როგორც ღმერთკაცს და შემძლეს
ყველაფრის. როცა შემოვა და ქურთუკს დაკიდებს
ახლაც და მერე, წლებისა და დიდი ხნის შემდეგ
ჩვენ შევახსენებთ გაბრაზება რომ არ გამოსდის,
რომ ყოველ ჯერზე გვაშინებდა ვეტყვიო დედას.
და წელიწადის ყოველ დროს რომ სულ საღამოთი
სახლიდან გადის, მეგობრებთან,  ასრულებს ნებას,
რაც ბავშვობიდან აეხირა, როგორც მე ყოფნა
სარკმელთან, როცა ბარდნის გარეთ, ფარავს სრულებით
ეზოს თუ ქუჩას. და კედლებში რომლებიც გვყოფენ,
როცა დამათბობს ჯერაც ცხელი პურის სურნელი
გიცქერით, როგორც არასოდეს (შეამჩნევთ თუ კი,
თუ კი შეამჩნევთ ბავშვობიდან ჩემში რა დარჩა).
მაგრამ თქვენ უხმოდ დამანახებთ რომ მიცნობთ უკეთ
მაგ თვალებიდან სამყაროზე დიდი რომ ვჩანვარ.

*  მაჭირხოლები _ მერცხლები (მეგრ)
*  სქუა _ შვილო (მეგრ)





ბაიდა ნაფისა

"არავინ იცის, საქართველოს რომელ კუთხეს ან გვარს ეკუთვნოდა `თეთრ განძად~ წოდებული ქართველი ქალი, რომლის გამჭრიახობამაც გადაარჩინა ქაირო. ეგვიპტელები მას იცნობენ სამი სახელით, როგორც ნაფისა ხანუმს, ბაიდა ნაფისას და მამლუქთა დედას.~

წამწამებზე ეგვიპტური მზე გესვენა,
წამწამებქვეშ _ ლივლივებდა მირაჟი.
წარსული რომ ცის თაღივით განიხვნება,
ირეკლება ვარსკვლავთცვენა სილაში.
რას გერჩოდნენ, ნეტავ, ვისი რა ემართა
ათასობით ლამაზ ქალს და ქვრივ-ობოლს?!
და ბავშვური შენი ცრემლიც დაემატა
ბევრი ცოდვის მნახველ კონსტანტინოპოლს.
ტკივილს ვიღას შესჩივლებდი, იქ შენს მსგავსად
ბევრი იყო, არ იყავი პირველი...
თუკი გაჩნდა ქვეყნად სადმე სილამაზე -
გამყიდველიც გამოჩნდება, მყიდველიც.
გასაცემი საქართველოს ვიღამ მისცა
ან შვილები, ან ნაფლეთი მიწის, თუმც
თქვენ გყიდიდნენ ისე, როგორც ქართულ მიწას,
ქართულ მიწას, მერეც ბევრჯერ გაყიდულს.
დიდოუ ნანა, დედაშენი მებრალება,
მიწა წყევლა დიხაშხო* _ რომ გიშვილა,
ვერ იხილა შენი გაზრდა-დაქალება,
ვეღარც შენი დედოფლობა იხილა.
თავს გიხრიდა მოწიწებით ქაირო და
მზრუნველობდი ღარიბთა და მდიდართა...
რა შორს იყო მშობლიური შენი ოდა
და შორიდან უფრო ძლიერ გიყვარდა.
როცა მტერთა სიმრავლისგან ცა გამუქდა,
როცა ძრწოდა შიშით სპა და მსტოვარი,
წინ აღუდგა ლაშქარს დედა მამელუქთა,
მომხიბვლელი და დიდბუნებოვანი.
ჯიქის მზერით დამპყრობელი დაიპყარი
და სიდინჯით დედოფლობა იფერე.
იმპერატორს ეცლებოდა მიწა-მყარი,
როცა თვალებს აწყდებოდა ზღვისფერებს.
ფეხთ გიგებდნენ საუცხოო დიბა-ატლასს
დღეს თეთრ განძად ქცეულ, ყოფილ მონა-ქალს
და ევროპის სახელოვან მთავარსარდალს
თვალს ამაყად უსწორებდი ბონაპარტს...
სილამაზე და სიმდიდრე საარაკო
ოქროს ქვიშის კრიალოსნად ასხმულა.
სანამ ვცოცხლობთ, ჩვენ წარსულზე ვლაპარაკობთ,
მივდივართ და _ ჩვენც ვიქცევით წარსულად.

წამწამებზე ეგვიპტური მზე გესვენა,                                                                                                                                                                                             
წამწამებქვეშ ლივლივებდა მირაჟი...

* დიხაშხო _ უნაყოფო, მწირი მიწა.


              
იმერული ესკიზები                                                                                                                                                                                                                                                                                

აი, მოვიდა შემოდგომა და თვე დადინჯდა,
წვიმაც გახშირდა, რა დროსია ახლა ხაბარდა?!
უნდა ჩაიცვა მატყლის წინდა რეზინის წუღით,
კრეპდიშინი და კრიოლინი ძველ დროს ჩაბარდა.
ამოიზუზნა ტალახებში ნარგიზას ღორი,
აქეთ ოთარას ბატები ხო გვჭამენ სისინით...
როცა ჩავდივარ ქუთაისში, მარის ვურეკავ,
ჩემს თავზე ვხუმრობ: ჩამოვიდნენ მთიდან ისინი!..
ხოლო სოფლელი ჯეელები ყვირილას ჩქერში
გახვითქულები რო აჩენდნენ ჭრელ, გრძელ ნიფხავებს,
ახლა ბუზღუნით მისჯდომიან ნოტიო მარანს
და ქვევრები კი მათი სარცხლით გვერდებს იფხანენ.
საღამოობით, თუ არა წვიმს მით უკეთესი,
(ასეთი დარი მე ბავშვობის დღეებს მაგონებს)
გზაზე დადგება თბილ "ბუშლატით" იგივ ჯეელი
და არა "ქემელს", შინ მოყვანილ "ბალახს" აბოლებს.
თუ ძლიერ გშია, უკეთ იგრძნობ საამო სურნელს,
ახალმა რძალმა მოადუღა ქლიავის ჯემი...
ბოლო რეისის მატარებელს ჩამოჰყვა ალბათ,
მოდის ქვემოდან ქალაქელი კეპით და ჯემპრით...
ყავის სურნელმა მოაღწია სიცილთან ერთად,
ბებიას უკვირს, - გადარია რაღამ ქალები?!
აქეთ სწუხს ნორა ბიცოლა და მკითხავს აჩქარებს:
- რიგი ჩემია, უჭმელიო დამრჩა ქათმები!..
თუკი გაქვს ბედი, თან გაცვია კოჭამდე კაბა,
იცინი მშვიდად, არ ხმაურობ ვით მაჭახლები,
თუ იცი ძროხის მოწველა და ცომის მოზელა,
აჰ, რ იქნება არ მოგადგეს კარს მაჭანკლები!..
აუცილებლად ეს იქნება ბიჭის ბიცოლა
და კიდევ ერთი, ხელში ჯოხით, თბილი თავშლებით,
ამ დროს კი ნაღდად დაიძახებს მეზობლის ქალი,
მოქოთქოთდება ხოტორა და ცელქი ბავშვებით.
თავგამოდებით გარწმუნებენ: გამყოფი არ ყავს,
სახლ-კარი აქ და ელექტრობის დიდი ნიჭიო,
შენ თუ გაქ სამი დიპლომი, ა, რაში გარგია?
ბოლოს იტყვიან: არი მართლა კაი ბიჭიო!..
გეფერებიან, თავს გიხვევენ, მჩატედ გტუქსავენ,
გეუბნებიან, გაჩვენებთო შემთხვევით ვითომ...
შენ იმიზეზებ, რომ სხვა გიყვარს... რომ არ თხოვდები..
(ამ დროს ჯაზზე და შენს საყვარელ სცენაზე ფიქრობ).
...და წაბრძანდება შემოდგომაც, ვერ დავდინჯდები,
კვლავ გავუყვები იმ სტუდენტი კეპიანის გზას,
თუმცა მიყვარხართ, მაგრამ მაინც, მაინც გელევით,
ასდის ქალაქის მტვერის სუნი ჩემს ჩალისფერ თმას.

??????