გოჩიაშვილი ელა
გაზიარება

ორეულის გარეშე ექსკლიუზივი

ნუგზარ მწარიაშვილს

მთვარე დასვა ალჩუზე
და მოგებულ სივრცეებს
ბნელ მუჭაში მოიქცევს
ღამე - ყომარბაზი;
შიშის გრილი მედუზა
ძვლებზე ამომაცოცდა
და ჩემს მიუსაფრობას
შემკრთალ მზარზე აზის.
ერთი ლექსიც დამცალდეს! –
უმრწემესი ძმისათვის
გული მისართმევი მაქვს
სტრიქონებზე ბაზმით.
... დადრეკილა ტაძრებში
რიგი აღმსარებელთა,
თითქოს ასე მარტივად...
თითქოს ასე, - დღესვე...
შენ კი ისიც არ იცი,
რა მორწმუნე კაცი ხარ,
გიკაშკაშებს უღელი
სათნოების მთესველს;
სადაც სიყვარულია,
ყველგან ეკლესიაა;
სადაც შენ ხარ, ტაძარიც
იქვე ჩაყრის ფესვებს.
... დადრეკილა ტაძრებში
რიგი აღმსარებელთა, -
რა მრავალი წვეული
მრავლად ფარისევლობს;
შენ კი მხოლოდ ის იცი,
ყოფნის ორომტრიალში
სულ თან გახლდეს მოძღვარი,
სიყვარულის მრევლო!
გზას - გულიდან სიტყვამდე
და სიტყვიდან საქმემდე
ორეულის გარეშე
ადგახარ და ,  გევლოს!...
შენი ძმობის იმედით
ვებრძვი შიშის მედუზას,
ჩემი მიუსაფრობით
თავგასულს და გართულს;
იჯდეს მთვარე ალჩუზე, -
სულაც არ მეშინია! –
ისევ შეანაცვლებენ
საპირეს და სარჩულს;
გამოგვიშვებს მუჭიდან
ღამე ფერგადასული,
გათენდება, - წაგვაგებს, -
მზე დაჯდება ალჩუს!

??????