ჩვენ მუდამ ვჩანვართ ექსკლიუზივი
აუმღვრეველი დუმილის მხრიდან
ნათლის მდინარე მოჩქებს ულევი
და ხელისგულზე ვუსხედვართ უფალს
სირცხვილის შემდეგ ჩასახულები,
ჩვენ მუდამ ვჩანვართ...
არც დრო, არც ჭერი,
არც სამოსელი გვფარავდა დღემდე,
და ყველაფერი ხდება ამქვეყნად
სირცხვილამდე, ან სირცხვილის შემდეგ.
არ არსებობენ სამალავები,
თუ არსებობენ, არას მალავენ;
სადმე შეყუჟულს პოეზია და
თვალები მაინც მოგვიპარავენ.
ნამდვილი თუ ხარ, თან ამოჰყვები
სულის ჩანგიდან აწყვეტილ სიმებს,
ლექსიც ტანჯულთა რელიგიაა,
ამ სტრიქონებსაც ჩახედავს ვინმე.
ვიტოვებ მხოლოდ შენს ძვირფას სახელს,
ვდგები სინათლის შიშველ მხარეში,
და ვახელ თვალებს, როგორც სტრიქონებს,
ჩამხედე ლექსში, როგორც თვალებში.
დაგარწმუნებენ ჩემი ლექსები,
ჩემი თვალების თაფლი და ქარვა,
რომ უფლის მზერით შუქდაყრილები -
ჩვენ მუდამ ვჩანვართ.