ნაბოკოვი ვლადიმირ
გაზიარება

შობა ექსკლიუზივი

ბინდშეპარული დათოვლილი სოფლიდან თავის აგარაკზე დაბრუნებული სლეპცოვი კუთხეში პლუშის დაბალ სკამზე ჩამოჯდა, რომელზეც მანამდე არასოდეს დამჯდარა. ასე დიდი უბედურებების შემდეგ ხდება ხოლმე. ღვიძლი ძმა კი არა, შემთხვევითი შეუმჩნეველი ნაცნობი, რომელსაც სხვა დროს ორ სიტყვასაც არ ეტყოდი, სწორედ ის ამოგიდგება მხარში, მარჯვედ, გულთბილად გამოგიწვდის ხელს, დავარდნილ ქუდს მოგაწოდებს, - როცა ყველაფერი დამთავრებულია, და შენ, დაბარბაცებულს, კბილები გიკაწკაწებს და ვეღარაფერს ხედავ მოწოლილი ცრემლების გამო. ასეა ავეჯიც. ყველა ოთახში, ძალიან მყუდროში და სასაცილომდე პატარაშიც კი, არის ხოლმე გამოუყენებელი კუთხე. სწორედ ასეთ კუთხეში დაჯდა სლეპცოვი.
ხის დერეფნით - რომელიც ახლა ნამქერით იყო ჩახერგილი - ფლიგელი უკავშირდებოდა მთავარ სახლს, სადაც ზაფხულობით ცხოვრობდნენ. საჭირო არ იყო მისი გამოღვიძება, გათბობა, პატრონი სულ რამდენიმე დღით ჩამოვიდა პეტერბურგიდან და მომიჯნავე ფლიგელში დაბინავდა,სადაც თეთრი შორენკეცებიანი ღუმელების გახურება ადვილი საქმე იყო.
პატრონი ისე იჯდა კუთხეში პლუშის სკამზე, როგორც ექიმის მისაღებში. ოთახი წყვდიადში ჩაძირულიყო, ფანჯარაში, შუშაზე მიჭირხლული ბუმბულის მიღმა მუქლურჯად ბაბანებდა ადრიანი საღამო. ივანმა, წყნარმა, ჩასუქებულმა მსახურმა, ახლახან რომ მოეპარსა ულვაშები, შემოიტანა ნავთის ალით აპარპალებული გამართული ლამპა, მაგიდაზე დადგა და უხმოდ ჩამოაფარა ზედ აბრეშუმის გალია: ვარდისფერი აბაჟური. დახრილ სარკეში ერთი წუთით აირეკლა მისი განათებული ყური და ჭაღარა თმა. მერე შეეცადა უხმაუროდ გასულიყო და რბილად გაიხურა კარი.
მაშინ სლეპცოვმა ასწია და ნელა შეათვალიერა მუხლზე დადებული ხელი. კანის თხელ ნაკეცს თითებს შორის სანთლის შემხმარი ნაღვენთი მიჰკრობოდა. თითები გაფარჩხა. თეთრი ფარფლი ტკაცანით გასკდა.
 
II
როცა მეორე დილით, წვრილ-წვრილ, უაზრო სიზმრებში გასული ღამის შემდეგ, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო მის მწუხარებასთან, სლეპცოვი ცივ ვერანდაზე გავიდა, ფეხქვეშ მხიარულად გაუჭახუნდა ფირფიცარი და შეთეთრებულ ხის მერხზე სამოთხის რომბებად დალაგდნენვ ფერადი მინის ანარეკლები. კარი ჯერ თითქოს არ იღებოდა, მერე კი გემრიელად გაიჭრაჭუნა და ჭახჭახა ყინვა ეცა სახეში. პარმაღის საფეხურებზე მიკრულ ყინულზე მრეში დარიჩინივით იყო მობნეული ქვიშა, სახურავის შვერილიდან წვეტებით ქვემოთ დაკიდული სქელი ლოლუები კი მომწვანო ლურჯად კიაფობდნენ. ნამქერს ფლიგელის ფანჯრებამდე მიეღწია და მაგრად ჩაებღუჯა ყინვის მარწუხებში გაბრუებული ხის ნაგებობა. პარმაღის წინ თანაბრად დადებული თოვლის ზედაპირი ოდნავ ამოებურცა ყვავილნარებს, მოშორებით კი მაღალი პარკი ქათქათებდა, სადაც ყოველი შავი როკი ვერცხლისფრად იყო მოვარაყებული და ნაძვებს ფაფუკი მბზინავი ტვირთის ქვეშ შეეყუჟათ მწვანე თათები.
მაღალ თექის ჩექმებში, კრაველის საყელოიან ჯუბაჩაში ჩათბუნებულმა სლეპცოვმა ერთადერთი გაწმენდილი სწორი ბილიკით წყნარად შეაბიჯა ამ თვალისმომჭრელ სიქათქათეში. უკვირდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია, რომ შეუძლია შეიგრძნოს, თუ როგორ ბრწყინავს თოვლი და როგორ უკაწკაწებს ყინვისაგან წინა კბილები. ისიც კი შეამჩნია, რომ დათოვლილი ბუჩქი გარინდულ შადრევანსა ჰგავს და რომ ნამქერის ფერდის ლიპზე - ძაღლის ნაკვალევია ზაფრანისფერი ლაქებით ამომწვარი. ცოტა მოშორებით ბოგირის ბოძები იყო ამოჩრილი და აქ სლეპცოვი შედგა. გამწარებით, გაბრაზებით ჩამოყარა მოაჯირიდან სქელი ფუმფულა თოვლი. უცბად მოაგონდა, როგორი იყო ეს ხიდი ზაფხულში. მისი ვაჟიშვილი ჩამოცვენილი ფოთლებით მოფენილ გალიპულ ფიცრებზე გადადიოდა და მარჯვედ მოქნეული პეპლების საჭერი ბადით იტაცებდა მოაჯირზე დამჯდარ პეპელას. აი, დაინახა მამა. განუმეორებელი სიცილით აუელვარდა სახე მზისაგან გახუნებული ჩალის ქუდის აკეცილი ფარფლის ქვეშ, ხელით ფართო ქამარზე დამაგრებულ ძეწკვსა და ტყავის საფულეს აწვალებს, მხიარულად გაუჩაჩხია საყვარელი, სალუქი ყავისფერი ფეხები სარჟის მოკლე შარვალსა და დასველებულ საზაფხულო ფეხსაცმელში. სულ ახლახან, პეტერბურგში, - მხიარულად, სხაპასხუპით რომ ბოდავდა სკოლაზე, ველოსიპედზე, რომელიღაც ინდურ პეპელაზე, - ის ბიჭი მოკვდა, და გუშინ სლეპცოვმა მძიმე, თითქოს მთელი ცხოვრებით ავსებული კუბო ჩამოიტანა სოფელში თეთრი ქვით ნაგებ პატარა აკლდამაში სოფლის ეკლესიის ახლოს. 
ირგვლივ ისეთი სიჩუმე გამეფებულიყო, როგორიც მხოლოდ სუსხიან დღეებში იცის ხოლმე. სლეპცოვმა ფეხი მაღლა ასწია, ბილიკიდან გადაუხვია და თოვლზე ლურჯი ორმოების დატოვებით გასაოცრად ნათელ ხეებს შორის იმ ადგილზე გავიდა, სადაც პარკი მდინარის ხეობისაკენ დაქანებულ ხრამთან მთავრდებოდა. შორს, ქვემოთ, ყინულჭრილთან, მდინარის გადათეთრებულ ზედაპირზე, ამოჭრილი ყინულები ლაპლაპებდა, მეორე ნაპირზე კი ქოხების დათოვლილი სახურავებიდან წყნარად და სწორად ადიოდა მაღლა კვამლის მოვარდისფრო ნაკადები. სლეპცოვმა კრაველის ქუდი მოიხადა და ხეს მიეყრდნო. სადღაც ძალიან შორს შეშას ჩეხდნენ, - ყოველი დარტყმის ხმა წკრიალით სწვდებოდა ცას, - თოვლში ჩაფლული ქოხების სახურავებს ზემოთ, ხეების მსუბუქი ვერცხლისფერი ბურუსის მიღმა კი თვალისმომჭრელად ბრწყინავდა ეკლესიის ჯვარი.
 
III
ნასადილევს ძველი მაღალზურგიანი მარხილით გაემგზავრა იქით. ყინვაში ყრუდ ტყლაშუნობდა შავრა იაბოს ტყირპი, თეთრი მარაოები ზედ ქუდის თავზე მიცურავდნენ, წინ კი მოვერცხლისფრო ცისფრად ლაპლაპებდა ბორბლების ნაკვალევი. თითქმის ერთი საათი იჯდა საფლავის ღობესთან გაყინულ თუჯზე მძიმედ ჩამოდებული შალის ხელთათმანიანი ხელით და სახლში, ცოტა არ იყოს, გულგატეხილი დაბრუნდა, თითქოს იქ, სასაფლაოზე, უფრო შორს იყო შვილისაგან, ვიდრე აქ, სადაც თოვლქვეშ მისი საზაფხულო ფეხსაცმელების უთვალავი ნაკვალევი იყო შენახული.
საღამოს, როცა მწუხარების განცდა აუტანელი გახდა, დიდი სახლის გაღება უბრძანა. როდესაც კარი გულამოსკვნილი ქვითქვითით გაიღო და ყრუდ ახმაურებული რკინის წინკარიდან რაღაც განსაკუთრებული, არაამქვეყნიური სიცივის სუნი ეცა, სლეპცოვმა ყარაულს თუნუქის რეფლექტორიანი ლამპა გამოართვა და მარტო შევიდა სახლში. პარკეტის იატაკი შეშფოთებით აჭრაჭუნდა მისი ნაბიჯების ქვეშ. ოთახები ერთმანეთის მიყოლებით ივსებოდა ყვითელი სინათლით; სუდარაგადაფარებული ავეჯი უცხოდ გამოიყურებოდა; წკარუნა ჭაღის ნაცვლად ჭერიდან გატრუნული ტომარა ჩამოკიდულიყო, - და სლეპცოვის უზარმაზარი ჩრდილი გამოწვდილი ხელით ნელ-ნელა მიცურავდა კედელზე, შესუდრული სურათების ნაცრისფერ კვადრატებზე.
იმ ოთახში შესულმა, სადაც ზაფხულში მისი შვილი ცხოვრობდა, ლამპა ფანჯრის რაფაზე დადგა და ფრჩხილების მტვრევით ნახევრად გამოაღო თეთრი დასაკეცი დარაბა, თუმცა ფანჯრის იქით უკვე დაღამებულიყო. მუქლურჯ მინაში ყვითელი ალი ალაპლაპდა - ოდნავ მბოლავი ლამპა, - და მისმა დიდმა, წვერმოშვებულმა სახემ გაიელვა.
ის დაჯდა ცარიელ საწერ მაგიდასთან, მკაცრად,წარბშეკვრით მოათვალიერა მოლურჯოვარდებიანი ფერგამკრთალი კედლები, საკანტოროს მსგავსი ვიწრო კარადა გამოსაწევი უჯრებით ზემოდან იატაკამდე, შალითაგადაფარებული დივანი და სავარძლები - და უცებ თავი მაგიდაზე ჩამოუვარდა, გულამოსკვნილი აცახცახდა და თან ხან ტუჩებითა და ხან სველი ლოყით ეკვროდა ცივ მტვრიან ხეს, ხელებით კი მაგიდის კუთხეებს ებღაუჭებოდა.
მაგიდაში იპოვა რვეულები, სახაზავები, ინგლისური ბისკვიტების კოლოფი სამ მანეთად ღირებული დიდი ინდური პეპლის პარკით. ავადმყოფობისას ვაჟიშვილი მას ხშირად იხსენებდა, ნანობდა, რომ დარჩა, თუმცა თავს იმით ინუგეშებდა, ალბათ ჭუპრი შიგ ცოცხალი აღარ იქნებაო. იპოვა დახეული პეპლების საჭერი ბადეც - დასაკეც გვერგვზე დამაგრებული მარმაშის ტომარა, რომელსაც ჯერ ისევ შერჩენოდა ზაფხულის, ბალახიანი პაპანაქების სურნელი.
მერე კი, ჩაცუცქულმა, ქვითინისაგან ერთიანად აძაგძაგებულმა, კარადის მინის უჯრების გამოღება დაიწყო ერთი მეორის მიყოლებით. ლამპის მკრთალ შუქზე შუშის ქვეშ აბრეშუმივით ბზინავდნენ პეპლების თანაბარი რიგები. აქ, ამ ოთახში, აი ამ მაგიდაზე, მისი ვაჟი თავის ნაალაფარს ასწორებდა, შავი ქინძისთავით უხვრეტდა პეპლებს ბუსუსებიან ზურგებს, გასაშლელ ფირფიტებს შორის კორპის ღრეჩოში ათავსებდა, აბრტყელებდა; ქაღალდის ზოლებით ამაგრებდა ჯერ ისევ ნედლ, რბილ ფრთებს. ახლა ისინი უკვე კარგა ხნის გამომშრალები იყვნენ - შუშის ქვეშ ნაზად ციმციმებდნენ კუდიანი მაჰაგონები, მოცისფრო-ფირუზისფერი ფარვანები, წითური შავწინწკლებიანი მსხვილი პეპლები სადაფისებრი მუცლებით. ბიჭი მათ ლათინურ სახელწოდებებს ოდნავი ენის მოჩლექით, საზეიმოდ ან აგდებულად წარმოთქვამდა.
 
IV
მტრედისფერი მთვარიანი ღამე იდგა; თხელი ღრუბლები ბუს ბუმბულივით მიმოფანტულიყვნენ ცაზე, თუმცა მსუბუქ გაყინულ მთვარეს არ ეხებოდნენ. ხეები - ნაცრისფერი თრთვილის გროვები - შავ ჩრდილს აფენდნენ ნამქერს, რომელიც აქაიქ ლითონის ნაპერწკლებად ენთებოდა. ფლიგელის კარგად დათბუნებულ პლუშის სასტუმრო ოთახში ივანმა თიხის ქოთანში ჩარგული არშინიანი ნაძვისხე მაგიდაზე დადგა და ის-ის იყო მის ჯვრისებრ კენწეროზე სანთელი უნდა მიემაგრებინა, რომ გათოშილი, თვალცრემლიანი სლეპცოვი შემოვიდა დიდი სახლიდან ლოყაზე შერჩენილი მტვრის ლაქებით და თან იღლიაში ამოდებული ხის ყუთი შემოიტანა. მაგიდაზე დადგმული ნაძვისხის დანახვისას საკუთარ ფიქრებში ჩაფლულმა დაბნეულად იკითხა:
_ ეს რაღად გინდოდა?
_ ხვალ ხომ დღესასწაულია.
_ არ გინდა, მოაშორე... - შეიჭმუხნა
სლეპცოვი. თან თავისთვის გაიფიქრა: "ნუთუ ხვალ შობაა? ეს როგორ დამავიწყდა?"
ივანი მორიდებით შეეპასუხა:
_ მწვანეა, იდგეს...
_ ძალიან გთხოვ, მოაშორე, - გაიმეორა სლეპცოვმა და შემოტანილი ყუთისკენ დაიხარა, რომელშიც შვილის ნივთები ჰქონდა შეგროვილი - პეპლების საჭერი ბადე, ბისკვიტის კოლოფი პეპლის გაქვავებული პარკით, გამაბრტყელებლები, ქინძისთავები ლაკის ზარდახშაში, ლურჯი რვეული. რვეულის პირველი ფურცელი ნახევრად ამოხეული იყო, ამოჩრილ ნაგლეჯზე კი ფრანგული კარნახის ნაწილი იყო შერჩენილი. ამას მოსდევდა ჩანაწერები დღეების მიხედვით, შემდეგ _ დაჭერილი პეპლების სახელწოდებები და სხვა ჩანიშვნები: "ჭაობით ბოროვიჩებამდე ვიარე...", `დღეს წვიმს, მამასთან შაში ვითამაშე, მერე ძალიან მოსაწყენ "ფრეგატ პალადას" ვკითხულობდი, მშვენიერი ცხელი დღეა. საღამოს ველოსიპედით ვისეირნე. თვალში ქინქლა ჩამივარდა. ორჯერ განგებ ჩავუქროლე მის აგარაკს, მაგრამ ვერ დავინახე...".
სლეპცოვმა თავი ასწია. გადაყლაპა რაღაც - ცხელი, უზარმაზარი. ვისზე უნდა წერდეს მისი ვაჟი? - "როგორც ყოველთვის, ველოსიპედით ვისეირნე", - ეწერა შემდეგ. "ჩვენი თვალები თითქმის შეხვდნენ ერთმანეთს. ჩემი მშვენება, ჩემი სიხარული...".
 _ ეს წარმოუდგენელია, - აღმოხდა სლეპცოვს, - მე ხომ ვერასოდეს გავიგებ... ის ისევ დაიხარა და ხარბად განაგრძო ფურცლის არეებზე გადასული, ოკრობოკრო ბავშვური ნაწერის გარჩევა. 
"დღეს - მეგლოვიას პირველი ეგზემპლარი. ეს კი ნიშნავს, რომ შემოდგომაა. საღამოს წვიმდა. ის, ალბათ, უკვე გაემგზავრა, მე კი ვერ მოვახერხე გაცნობა. მშვიდობით, ჩემო სიხარულო. საშინლად განვიცდი...".
"მას არაფერი უთქვამს ჩემთვის..." - იგონებდა სლეპცოვი და ხელისგულით შუბლს ისრესდა.
ბოლო გვერდზე კი კალმით ჩანახატი იყო გაკეთებული: სპილო - როგორსაც მას უკნიდან ხედავ, - ორი სქელი ტუმბა, ყურების კუთხეები და კუდი.
სლეპცოვი ადგა. თავის ქნევა დაიწყო, რომ როგორმე შეეჩერებინა სასოწარკვეთილი ქვითინი. - მეტი აღარ შემიძლია... - ამოიკვნესა თითოეული სიტყვის გაჭიანურებით და კიდევ უფრო გაჭიანურებულად გაიმეორა - აღარ - შემიძლია - მეტი...
"ხვალ შობაა, - გაუელვა თავში, - მე კი მოვკვდები. რა თქმა უნდა. ეს ისე მარტივია. დღესვე...".
ცხვირსახოცი ამოიღო. გაიწმინდა თვალები. წვერი, ლოყები. ცხვირსახოცს მუქი ლაქები დააჩნდა.
 _ ...სიკვდილი, - ისე ჩუმად თქვა სლეპცოვმა, თითქოს გრძელი წინადადება დაამთავრაო.
საათი წიკწიკებდა. ფანჯრის ლურჯი მინა უხვად მოეჭირხლა ყინვას. მაგიდაზე გადაშლილი რვეული ქათქათებდა, მის გვერდით საჭერი ბადის მარმაშში კრთებოდა შუქი, ბრწყინავდა კოლოფის თუნუქის კუთხე. სლეპცოვმა თვალები დახუჭა და ერთი წამით მოეჩვენა, რომ მისთვის გასაგები გახდა, გაშიშვლდა მიწიერი ცხოვრება - შემაძრწუნებლად უსასოო, დამამცირებლად უაზრო, უნაყოფო, სასწაულებს მოკლებული...
და იმავე წამს რაღაცა გაჩხაკუნდა - წვრილი ხმა - თითქოს დაჭიმული რეზინი გაწყდაო. სლეპცოვმა თვალები გაახილა და დაინახა: ბისკვიტის კოლოფში აბრეშუმის ჭიის პარკი გახეთქილიყო, კედელზე კი, მაგიდის ზემოთ, სწრაფად მიხოხავდა თაგვისოდენა შავი დაჭმუჭნული არსება. მერე შეჩერდა, ექვსივე შავბუსუსებიანი თათით მიეკრო კედელს და უცნაურად აძაგძაგდა. ის გამოიჩეკა იმის გამო, რომ მწუხარებით გათანგულმა ადამიანმა თავისთან, თბილ ოთახში შეიტანა რკინის კოლოფი, ის გაჩნდა იმის გამო, რომ პარკის მაგარ აბრეშუმში შეაღწია სითბომ; ის ისე დიდხანს ელოდა ამას, ისე დაძაბულად იკრებდა ძალას და აი ახლა, გამოჩეკილი, ნელ-ნელა და სასწაულებრივად იზრდებოდა. ნელნელა იშლებოდნენ სასწაულებრივი ნაკუწები, ხავერდოვანი ფოჩები, ჰაერით ივსებოდნენ და ძლიერდებოდნენ მარაოსებრი ძარღვები. ის შეუმჩნევლად დაფრთიანდა, ისევე, როგორ შეუმჩნევლადაც მშვენიერდება სახე დავაჟკაცებისას. და ფრთები - ჯერ კიდევ სუსტები, ჯერ კიდევ ტენიანები - ისევ განაგრძობდნენ ზრდას, გაშლას, აი, გაიშალნენ უფლის მიერ დადგენილ ზღვრამდე - და კედელზე უკვე - მურკლის ნაცვლად, შავი თაგვის ნაცვლად - ვეებერთელა ღამის პეპელა, ინდური აბრეშუმხვევია მიხოხავდა, მწუხრისას ფრინველივით რომ დაფრინავს ბომბეის ფარნების ირგვლივ.
და მაშინ გაშლილმა, ბოლოებაპრეხილმა, მუქ-ხავერდოვანმა, ქარსის ოთხსარკმლიანმა ფრთებმაც ამოისუნთქეს, აღტაცებულებმა ნაზი, მშვენიერი, თითქმის ადამიანური ბედნიერების განცდით.

??????