აკუნინი ბორის
გაზიარება

P S T D ექსკლიუზივი

„_ექიმო, ისევ განმეორდა.“ – თქვა გენერალმა და მძიმედ დაეშვა ტახტზე.

„_აჰა. ვნახე ტელევიზიით.“– ნიშნად თანადგომისა თავი დაუკრა სოლომონ ბორისოვიჩმა,–„_თქვენ მანდ უკეთ მოთავსდით, ფეხები კარგად გაფშიკეთ. აშკარაა, ხანგრძლივი სეანსი გველის. უნდა ვაღიარო და... ამისთანა თავის სატეხი შემთხვევა არ მქონია აქამდე, გარდა იმისა, ოთხმოცდაორში რომ გადავაწყდი ფსიქოტერაპიის სფეროში მოღვაწეობისას. ერთ პაციენტს მეტად უცნაური სინდრომი აღენიშნებოდა. საოცრად უყვარდა ამ ქალბატონს სტუმრების მიღება. მთელს დღეს ქურასთან გაატარებდა, ათასნაირ მწნილს და მარინადს დაამზადებდა და... სანამ სუფრასთან მიიტანდა შეჭამანდებს – დაუკოებელი სურვილი უჩნდებოდა იმისა, რომ სათითაოდ ყველა თეფშში ჩაენერწყვებინა. ანერწყვებდა კიდეც, თავს ვერაფერს უხერხებდა. მერეღა გაირკვა, რომ სანამ ძუძუთა ბავშვი ყოფილა – დედამისი, ყოველი კვების წინ მკერდის თავს თავისი ნერწყვით იზელდა. ასე უფრო ჰიგიენურიაო,ფიქრობდა–თურმე. წარმოგიდგენიათ? აი,მაშინ იყო რომ გადავწყვიტე ფსიქოანალიზისთვის მომეკიდა ხელი. უფრო სიღრმიდან რომ ამომეჩიჩქნა პრობლემის არსი. მე თქვენი პათოგენური ქვეცნობიერის ძირეული სისტემა უნდა გავხსნა და ნევრასტენიული სიმპტომატიკის პარადიგმა გამოვავლინო. გაწონასწორებული, მოწიფული, თვითმყოფადი ადამიანი ხართ და თქვენი უცნაური ანომალია უთუოდ აფექტურ ხასიათს ატარებს და ერთგვარ დამანგრეველ სურვილად სუბლიმირდება. აბა, მიამბეთ ამ ჯერზე როგორ მოხდა.“
გენერალმა ერთი მძიმედ ამოიხვნეშა და შეუდგა თხრობას.
ტარდებოდა მიტინგი ანტი–სახალხო რეჟიმის წინაარმდეგ.
სიტყვა წინასწარ იყო მომზადებული.
ნეო–კომპრადორული ბურჟუაზიის სულიერების კატასტროფულ ნაკლებობაზე უნდა ელაპარაკა.
უცაბედად, როცა კონსპექტის მიხედვით კაცთმოყვარეობასა და ეკლესიურობას უნდა შეხებოდა თავისი გამოსვლითი სიტყვით, არც აცია–არც აცხელა, მასზე დამიზნებულ ტელე–კამერებს ჩახედა და... – „ ამ ყველაფერში დამნაშავენი ებრაელები არიან! კარგი ებრაელი – მკვდარი ებრაელიო!“–ჩასძახა ... და ასე უკვე მესამედ, მიმდინარე წლის განმავლობაში.
საშინლად რცხვენია. რომ აღარაფერი თქვას იმ ზიანზე, რაც ამ უმსგავს გამოხტომებს საერთო სახალხო–პატრიოტული საქმისთვის მოაქვს. რამოდენიმე ამხანაგმა კიდეც დააყენა მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხი და რომ არა მისი საბრძოლო დამსახურებები, რომ არა ავღანელი სიონისტების წინააღმდეგ ბრძოლის დროს მიღებული მისი ოთხი ჭრილობა – ნაიარევი, კიდეც გამოაგდებდნენ შერცხვენილსა და თავმოჭრილს.
დაასრულა თხრობა გენერალმა თითქმის მტირალ ნოტაზე, რაც ჩვეულებრივ მისთვის დამახასიათებელი ნამდვილად არ იყო.
„_გემუდარებით,ექიმო. მიშველეთ, გადამარჩინეთ! გააკეთეთ რამე. ეს ყველაფერი შენელებული მოქმედების ჭურვივითაა. არასდროს ვიცი, როდის აფეთქდება. იქნებ...იქნებ, სამშობლოს მტრებმა ჩემი ზომბირება მოახდინეს,ჰაა? ან... იქნებ, სულაც ჭკუიდან შევცდი?“
სოლომონ ბორისევიჩმა ყურადღებით უსმინა და თან თავისი ბატიფეხურით ინიშნავდა წიგნაკში.
„_ფსიქიური თვალსაზრისით, ჩემო ძვირფასო, სრულიად ჯანმრთელი ხართ თქვენ. ზომბირება კიდევ, საერთოდ არც არსებობს. სისულელეა ეგ და მონაჩმახი. აქ სხვა რამეშია საქმე: თქვენი ანტისემიტური სპონტანური გამოხტომები მთლიანად ქვეცნობიერის გამოვლინებაა. ფსიქოანალიტიკოსის საქმეა – ტრავმატული კერის ლოკალიზება მოახდინოს. მოდი, ერთად მოვიძიოთ. ნელ–ნელა წარსულში ვიმოგზაურებთ და თუ საჭირო იქნება, მოსეს ეპოქამდეც მივალთ.“_ თქვა ექიმმა. თან შეჰღიმა, იმის დასტურად, რომ ხუმრობდა და ასე შორს წასვლა ნამდვილად არ მოუწევდათ და არ დასჭირდებოდათ; „_ თქვენი შეტევები PSTD-ს კლასიკური გამოვლინებაა.“
„_ რაოოო?“_ წამოიმართა გენერალი, ჩათვალა მომეყურაო.
„_იწექით,იწექით. თქვენ გაქვთ post-traumatic stress disorder. იგივ, პოსტ–ტრავმატული სინდრომი. სადღაც, თქვენს წარსულში ებრაელებთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ტრავმა იმალება. მზად ხართ თქვენი ქვეცნობიერის მექანიზმის გასახსნელ–ამოსახსნელად? გაფრთხილებთ, საკმაოდ უსიამო საქმეა, საშიშიც კი. არასდროს ვიცით რა შეიძლება ამოტივტივდეს ზედაპირზე...“
„_ მე ნაზთა და აქროლადთა რიცხვს არ მივეკუთვნებიო.“_ ხმამაღლა ეს თქვა გენერალმა ღიმილით, სინამდვილეში კი ფსიქოანალიტიკოსის სიტყვებმა გული გადაუცივა.
„_მაშინ, შევუდგეთ.“_ სოლომონ ბორისოვიჩმა მაგნიტოფონი ჩართო_“დღევანდელობიდან დავიწყოთ,ისე, თანმიმდევრობისთვის. აბა,მითხარით, ბევრია თქვენს მომხრეთა შორის ებრაელი?“
გაოცდა გენერალი. არასდროს მოსვლია აზრად ვინმე ნაციონალური ნიშნით გამოერჩია, მთავარია,ვარგოდესო ადამიანად. მისი პარტიაც ინტერნაციონალიზმის მომხრე იყო და ლენინურ–პავლესეურ (მოციქული,რომლისთვისაც არც ელლინა და არც იუდეა არსებობდა გამორჩევით.) პრინციპებს იცავდა მყარად.
„_ვთქვა სიმართლე,არც ვიცი. იქნებ, მოსკოველი გაულაიტერი ამპიროვი ოყოს? არის მის გარეგნობაში რაღაც სემიტური.“
„_ აჰა...და ცოლი ხომ არ წაურთმევია თქვენთვის, ან ფარული ჰომოსექსუალური მნიშნებები ხომ არ ყოფილა მისი მხრიდან? სადო–მაზოხისტური სურვილებს ხომ არ აღგიძრავთ?...ძალიან გთხოვთ, არაფერი დამიმალოთ და გახსნილად მესაუბრეთ.“
„_ რას ბრძანებთ!“_ ცოტა არ იყოს, დაიბნა კიდეც გენერალი; „ _ მე და მას მშვენიერი, მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს!“
„_მაშ,იქნებ, მანამ იყო თქვენს ცხოვრებაში რაიმე პირადი დრამა, რომელშიც ებრაელი იყო დამნაშავე?!“
„_აჰ, არა–მეთქი.არა. გარწმუნებთ! ერთადერთი, როცა ავღანეთში ამიყვანეს ტყვედ დუშმანებმა და წინდაცვეთით მემუქრებოდნენ. მაგრამ, მეციხოვნე მოვკალი და გამოვექეცი.“
„_როგორც ჩანს, ფრუსტრაციული იმპულსი მეციხოვნეზე გადმოგინთხევიათ,ასე,რომ ეს ის შემთხვევა არაა– რაც ჩვენ გვჭირდება.\"
ექიმი ჩაფიქრდა.
„ _ კარგი, მოდი, კიდევ გადავინაცვლოთ წარსულში. ალბათ, ბევრი რამის გადატანა მოგიწიათ ბრეჟნევიზმის პერიოდში „მეხუთე პუნქტის“* (* მეხუთე პუნქტი –აქ გადატანითი მნიშვნელობით.საბჭოთა პასპორტებში მეხუთე პუნქტად მითითებული იყო ნაციონალობა) გამო.
„_ როგორც ყველას. დიდი ხნის მანძილზე არ მიშვებდნენ მივლინებებში საზღვარგარეთ. პარტიაშიც ეროვნების გამო მხოლოდ მეექვსე ჯერზე მიმიღეს. მაგრამ,ეს ჩვეულებრივი მოვლენაა,დრო იყო ასეთი. გაგებით ვეკიდებოდი. ებრაელების მიმართ ბოღმა არ დამრჩენია, კაცური სიტყვას გაძლევთო.“
მერე გაიხსენა, სამოცდაშვიდში, როგორ უსირცხვილოდ ჩაჭრეს სამხედრო–პოლიტიკური აკადემიის მისაღებ გამოცდებზე. ფიმკა გურვიჩმა შემდეგ უჩურჩულა:“_ ალიკ,შენ არ იდარდოვო, შენი ბრალი არააო. უბრალოდ, რუსებზე რა ოდენობაც მოდის, ამ წელს უკვე შევსებულიაო.“
მერე კიდევ, სამოცდათვრამეტში, როცა გენშტაბიდან, ყველანაირი ახსნა–განმარტების გარეშე გადაისროლეს ვიჩეგდუში. განყოფილების უფროსმა, გენერალმა შმუელსონმა საიდუმლოდ გაუმხილა: „_ შენ კი არაჩვეულებრივი თანამშრომელი ხარ, მაგრამ, ვერაფერს გავხდებოდი,პარტკომში მითხრეს განყოფილებაში ორი რუსი გყავს ისედაცო. სელედნიკს ხომ ვერ გავუშვებდი, ცოლი ჰყავსო პარალიზებული.“
„_ არა,_ მტკიცედ წარმოთქვა გენერალმა, _ სისულელეა ეს ყველაფერი. ყოველთვის მჯეროდა, რომ მიზანსწრაფული ადამიანი, მეხუთე პუნქტის მიუხედავად, ყოველთვის მიაღწევს თავისას. მივაღწიე კიდეც. როგორც ხედავთ, მაინც მოვახერხე და გენერალ–პოლკოვნიკი გავხდი. მიუხედავად იმისა რომ ასი პროცენტით რუსული სისხლი მიჩქეფს ძარღვებში, მამა რუსი _ ემელიან პატრიკეევიჩი, დედაც რუსი _ არინა სვიატოგოროვნა.“
ექიმი სახეში ჩააკვირდა გენერალს.
„–როგორც ვხედავ, სიმართლეს ამბობთ. კარგი, მოდი, კიდევ წინ წავიწიოთ, ორმოცდაათიან წლებში. რთული პერიოდი იყო, კოსმოპოლიტიზმთან ბრძოლის დრო, კიდევ, რუსი ექიმების საქმე. ალბათ,თქვენს ოჯახსაც შეეხო ეს ყველაფერი.?“
„_ რა თქმა უნდა, შეეხო,მაგრამ,სხვებზე მეტად–არა. პროფესორი ბაბუა ცოტა ხნით იჯდა. ბებიას ერთხელ ბაზარში მიაფურთხეს. მე სასწავლებელში მაძახებდნენ და მაძაგებდნენ,მაგრამ, შევძელი საკუთარი თავის დაცვა.“
„_ ესე იგი,აქაც არაფერია... და სამამულო ომის დროს სად იყავით?“
„_ოკუპაციაში. ჩვენ ხომ სმოლენშინში ვცხოვრობდით. მაგრამ, ძალიან პატარა ვიყავი და არაფერი მახსოვს.“
სოლომონ ბორისოვიჩი რუკას დააცხრა. როგორღაც უცაბედად დაიძაბა და საოცრად დაემსგავსა ნისკარტმოკაუჭებულ მტაცებელ ფრინველს.
„_ როგორ თუ,არაფერი? –შეპარვით გაიმეორა,_ მაგ დროისთვის შვიდი წლის მაინც იქნებოდით. უცნაურია...ძალიან უცნაური.“
„_ თავადაც გამკვირვებია. როგორცა სჩანს, გვიან გამეხსნა მეხსიერება. შიმშილობა, ვიტამინების ნაკლებობა...“
მაგრამ ექიმი უკვე აღარ უსმენდა. გამალებით ინიშნავდა რაღაცას თავის წიგნაკში.
„_ ჩვენი პრობლემაც მანდ არის,–აზარტით შესძახა,_ პათოგენური ფსიქოტრავმების ოთხმოცდათოთხმეტი პროცენტი, სწორედ ადრეულ ასაკში ხდება. ჰიპნოზის გამოყენება მოგვიწევს.“
ჩართო ფირი მოჩუხჩუხე წყლის ხმით. გენერალს თვალწინ ბრჭყვიალა სამშვენისი გაუტარ–გამოუტარა და უბრძანა:
„_ მოდუნდით. არაფერზე იფიქროთ და სხივებს გააყოლეთო თვალი.“

გენერალმა გულით მოინდომა მოდუნება,მაგრამ, არ გამოუდიოდა. მთელი ცხოვრება თავს მობილიზებასა და თავმობმულობას აჩვევდა.
„_ ვისთან ერთად ცხოვრობდით ოკუპაციაში? მშობლებთან?“
„_ არა,ობლად ვიზრდებოდი. მშობლები ადრე დამეხოცნენ.არც მახსოვს. დიდედა მზრდიდა,დედის მხრიდან.“
_“ ბებია რას გეძახდათ?“
„_ალკას.“_ გაეღიმა გენერალს.
სოლომონ ბორისოვიჩმა რბილი, მოხუცსმიმსგავსებული ხმით ჩაიჩიფჩიფა:
„_ალეჩკა,შვილო,გაიღვიძე. მე ვარ,ბებიაშენი. ადგომის დროა.“
გენერალს ძალაუნებურად ჩაეცინა. იმდენად არ ჰგავდა ეს ცხვირა ექიმი ბებო მოტრიას, მაგრამ მეორე წამს უცაბედად თითქოს სასწაული მოხდა. სივრცე შეიკუმშა, ჩამობნელდა და მხოლოდ ის ხმა დარჩა, რომელიც უხმობდა...
„_ ალია,ალეჩკა,გაიღვიძე. სწრაფად ადექი. საფრთხეა ახლო..!“
ექვსი წლის ალკამ თვალი გაახილა და ჩაიზლუქუნა. სარკმლებს მიღმა უკუნი იდგა. ღამეში შორიდან მოისმოდა ყვირილი და სროლის ხმა. დედა შეშინებული იფარავდა სახეს ცხვირსახოცით. მამას ფითრის ფერი ედო და ერთიანად ცახცახებდა.
დინამიკებით მრავალჯერადად გაძლიერებული მოღაღნე, მექანიკური ხმა ეფინებოდა სოფელს:
„ პეტღღღღოვკის მცხოვღღღებებო, პეტღღღოვკის მცხოვღღღღებებო, თქვენი სოფელი იქნა შეღჩეული ებღაელი ხელმძღვანელობის მიეღ შუღღღისძიების აქციის ჩასატაღღღებლად. თქვენ შეიფაღღღეთ პაღტიზანები. თქვენი სახლები უნდა დაიწვას. გამოდით მოედანზე და აღაფღღღის შეგეშინდეთ.“

დროდადრო მექანიკური ღაღანი წყდებოდა და მაშინ, სახლამდე აღწევდა ხმები თუ როგორ ყმუოდა ვიღაც „ჰავა–ნაგილას.“
ალკა პატარა იყო, მაგრამ უკვე კარგად იცოდა რას ნიშნავდა სიტყვა „ზონდერები.“ კბილები აუკაწკაწდა.
„_იატაკქვეშ უნდა დავიმალოთო.“ – ბებო მორტიამ.
„_ სახლიდან თუ არავინ გავა, გაჩხრეკენ,_ სხაპასხუპით მიაყარა დედამ,_ გვიპოვნიან და გაგვათრევენ. ან პირდაპირ ყუმბარებს მოგვაყრიან. მთვრალები არიან და გამხეცებულებიო. ალკა წაიყვანე და დაიმალეთ. მე და ემელიანე გავალთ... კარგ კაცად გამიზარდეო,ალკა...“

სოლომონ ბორისოვიჩმა ჩაახველა და ჩვენებაც გაქრა.

გენერალი ტახტზე იწვა, ჭერზე თვალები მიეპყრო და სახეზე ცრემლი დიოდა, მაგრამ თავად ვერას ამჩნევდა.
„_ აბა, გაიხსენეთ?_ მოუთმენლად ჩაეკითხა ექიმი,_ რაღაცას ბურტყუნებდით, ვერაფერი გავიგე. პარტიზანებიო... რა შუაშია პარტიზანები?“
გენერალმა ნერწყვი გადაყლაპა და მოკლედ და სამხედრო პირთათვის შესაფერი სიტყვასიძუნწით მიუგო.
„_ გამახსენდა. ორმოცდასამში ჩვენთან, პეტროვკაში ებრაულმა ზონდერ–კამანდებმა დაშინების აქციები ჩაატარა. ნახევარი სოფელი დახვრიტეს, დანარჩენები გეტტოში გააგზავნეს...და მეტად ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ,შევთანხმდით? თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ, გამიწმინდეთ ქვეცნობიერი თუ რასაც ეძახით... მადლობა. ესეც თქვენი შრომის საფასური.“ _ მაგიდაზე ორიათას ექვსას სამოცდაათი მანეთი დადო, ცენტრობანკის კურსით–ასი დოლარი.– ამერიკული ვალუტით პრინციპულად არ სარგებლობდა.
ბულვარზე გამოვიდა. სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. მძღოლი გაუშვა და ზურგზე ხელებშემოწყობილი ხეივანს ფეხით მიუყვებოდა. თოვლის ფანტელები ედებოდა თავსაბურავს.
„_ ხოოოო, ამ ნაციამ ჩვენს ხალხს დიდი უბედურება დაატეხა თავს,_ფიქრობდა გენერალი,_ მაგრამ მამის გამო შვილი ხომ არ დაისჯება?! დაე, მიცვალებულები თავიანთ საფლავში იწვნენ და ცოცხლებს ნუ გაიყოლებენ. დავიწყებას მიეცეს სისხლიანი წარსული. ყველამ ერთად მეგობრულად ვიცხოვროთ.!
ამინ...“
 
თარგმნა ნათია პაპიძემ 

??????