მაშ, რა ვუყოთ, პოეტებო...
გადეყარა ნარიყალას
ნაცრიანი ბური...
ხაში,
ხილი
და თონიდან ამოყრილი პური.
თაბახი და საზანდარი,
მზე შინა და გარეთ -
ეგებება მზეს თბილისი
თავის ექვსი კარით...
*
მიეგებეთ,
ვინც დამწვარა,
როგორც საათნავა!
განა გიცდის სიყვარული,
ადგება და წავა!
მაგრამ ისევ ილაპლაპებს
მტკვარის ლურჯი გავა,
ქაშუეთის ჩუქურთმები
ფასკუნჯების თავად!
*
განა გასძლებს სიჭაბუკე,
ვაი, შენი ბრალი!
ხელებშუა გაქანდება,
ვით ნიაღვრის წყალი,
ისევ ისევ დამწიფდება
ვერის ბაღში ბალი,
აბანოდან ამაივლის
თვალციმციმა ქალი.
*
განა ლექსი ლექსი არი,
თუ დარჩება მუნჯი?
პოეტებო,
გულსაც უნდა
ბერტყვა, როგორც ხურჯინს!..
ჰკივის თათრულ სიმღერებით
მწველი იეთიმ-გურჯი,
სწვეთს ღვინოში ჩაწობილი
ფიროსმანის ფუნჯი.
*
მიეგებეთ ოქროს მტვერში,
სიტყვა უნდა განდაგანა,
ბესიკსა და საათნავას
სიყვარული სწამდათ განა?
ხმაში უნდა ვეფხვის ძალი, -
სამაია სამთაგანა!
*
მაგრამ ლექსი გადურჩება
იმ ძველ ნააჩრდილარს?
სახედარზე წითელ ბოლოკს
და ჭიანურს მტირალს,
მეტივეს და თივის ურემს,
წყნეთურ მაწვნის ქილას? -
მაშ, რა ვუყოთ, პოეტებო,
ამ თბილისის დილას?
1930