ჭმუნვარება
როცა მზის სხივი უკანასკნელი
მოსწყდება მყინვარს და მიიძინებს,
როცა ბუჩქებში ნიავი ნელი
ნაზად და წყნარად წაისისინებს,
როცა ბულბული საღამოის ჟამს
მიდამოს უმღერს მომხიბვლელ ნანას,
როცა სიჩუმის ღმერთი დარაჯად
ციდან დასცქერის მთელსა ქვეყანას;
როცა ტბის ფსკერში ჩაიქარგება
სახემიბნედილ მთვარის ღიმილი,
დედავ ბუნებავ! იმ დროს მხოლოდ მე
რისთვის გამირბის ნეტარი ძილი?
ოჰ, ვინ დამწყევლა, გარეწარივით
ტყის სიღრმეში რომ დავეხეტები?
ან აჩრდილივით რად მიდგანან წინ
გარდაუვალი და ჩუმი მთები?
წყეულ იყოს ის შავბნელი წუთი,
როს ის ვარსკვლავი ცაზე ჩნდებოდა,
სადაც ეწერა, რომ ჩემს განწირულს
სულს მოსვენება არ ღირსებოდა,
რომ სიყმაწვილის მჭკნარ ყვავილებზე
არრა მშთენოდა წყლულთა მალამოდ,
რომ ჩემს ოცნებას აუსრულებელს
დავთხოვებოდი სამარადჟამოდ.
1914