არასდროს ისე არ მენატრება თავისუფლება
არასდროს ისე არ მენატრება
თავისუფლება, ვით გაზაფხულზე,
როცა ბუნება ახმაურდება
დედამიწისა გაყინულ გულზე,
როცა მიდამო ვარდ-ყვავილებით
ლურჯ ხავერდივით მოიქარგება,
როცა ბულბულის ხმები რაკრაკით
ბუჩქნარს ედება და იკარგება -
ვიღაც მეძახის სიცოცხლისაკენ,
სიკვდილის გზაზე თრთოლვით მიმავალს...
ვაგლახ! ვერავის ირგვლივ ვერ ვხედავ
და ისევ ცრემლი მახუჭვინებს თვალს...
1914