თვით მიმოზა
მე მიმოზა დავინახე, უდაბნო და შიშველ მთაზე,
მარტო იყო... ნათესავი არ გააჩნდა ქვეყანაზე.
ძირს კი, სადაც ქვეყნიური ვნების ხმები სულს სწამლავდა,
მარტოობა არ სუფევდა... მეგობრები ყველას ჰყავდა.
ეჰ, გულისთქმავ! რა ვუყოთ, თუ მარტოობა შენც გხვდა გზაზე,
თვით მიმოზაც ხომ მარტოა უდაბნო და შიშველ მთაზე.
და რა ვუყოთ, ბედო ჩემო, თუ ყოველთვის, თუ ყოველთვის
სამშობლოსთვის შენ უცხო ხარ, და უცხოა იგი შენთვის? -
ის ყოველთვის მარტო არის, ვისიც სული, ვისიც გრძნობა
ფაქიზია... და ქვეყნიურ გატაცებებს ვერ ენდობა.
1914