* * * მახსოვს, მე გზაჯვარედინზე...
მახსოვს, მე გზაჯვარედინზე ვიდექ სასოწარკვეთილი,
როცა ვნახე შენი ჩრდილი, თანამგრძნობი და კეთილი.
მე მას შემდეგ გმირად გავხდი, გადავლახე მთა და ბარი...
მთა და ბარი მე მისმენდა და მე ვიყავ მთის ზღაპარი...
მაგრამ მალე, ისე მალე ობლად ვიგრძენ ისევ თავი...
და მომწყურდა შენი ნახვა და ვერ გპოვე მომხიბლავი...
გაზაფხულის თეთრ ღამეებს აელვარებს გზნება მთვარის,
მაგრამ ჩემთვის ის ღიმილი არსად არის, არსად არის!
შემოდგომის საღამოებს ირგვლივ უვლის ჩრდილთა კრება,
მაგრამ ჩემთვის შენი ჩრდილი აღარ ჩნდება, აღარ ჩნდება...
ზამთრის დღეებს ყვავილების აღმაფრენა სულს არ ატკბობს...
და მიმკრთალი მზის ღიმილი ვერ გამათბობს, ვერ გამათბობს...
გაზაფხულის ღამეებში ვის ვუმღერებ სერენადებს,
და ზაფხულზე ვის გავუმხელ მარად მღელვარ გულისნადებს?
შემოდგომის ბნელ დღეებში მოწყენილი ვისთან ვივლი,
რომ დავმარხო უსულგულო ეგ დღეები დაწყევლილი?
ზამთრის დღეში, როცა თოვლი მთასა და ბარს ათანაბრებს,
ვინ მიმღერებს სევდის ჰანგებს, ვინ მიამბობს ყრმობის ზღაპრებს?
არვინ არის, რომ ვუამბო შეშფოთებულ სულზე, გულზე,
არვინ არის, რომ ვუამბო დროთ ზამთარი გაზაფხულზე.
1914