მარტო არა ხარ
ნუ ერწმუნები, ნუ ერწმუნები
ქალის ნაზ ღიმილს და თვალთა ცქერას,
იგი წაგართმევს სულის სიწრფელეს,
იგი მოშხამავს ციურ სიმღერას.
როდესაც იგრძნო, რომ ის გშორდება,
უტოლმეგობროდ მალე გაგრიყავს,
ნუ დაივიწყებ იმ მწუხარე დროს,
რომ მარტო არ ხარ, რომ სხვა ღმერთიც გყავს.
ნუ დაენდობი შენს ყალბ მეგობარს,
თავისუფლება ვინ დაიმონა?
ან იმათში ფეთქს მონური გული
და ან შენა ხარ იმათი მონა.
როდესაც იგრძნო, რომ მათი ხედვა
შენდამი წმინდა ყვავილებს ჰკარგავს,
ნუ დაივიწყებ იმ მწუხარე დროს,
რომ მარტო არ ხარ, რომ სხვა ღმერთიც გყავს.
რა არის კაცთა ქება-დიდება,
იგი ფუჭია და წარმავალი,
ბევრს ყოვლისშემძლე სწამდა დიდება,
რომ მოეხიბლა მით მხოლოდ ქალი.
წარვიდა ის დრო... დღევანდელი დღე
წარსულ იმედებს არ ჰგავს და არ ჰგავს.
წარვიდა ის დრო... მე მაინც მჯერა,
რომ მარტო არ ხარ, რომ სხვა ღმერთიც გყავს.
ოდეს დაჰკარგო თავშესაფარი,
არსით არა სჩნდეს ბინა ისეთი,
რომ იქ იპოვო შენ მყუდროება,
რომ იქ იპოვო შენ შენი ღმერთი,
ნუ დაღონდები... არსებობს მხარე,
სად თანაგრძნობაც არსებობს შენთვის,
იქ დაუდეგარ, მეოცნებე სულს -
ბინა ექნება მუდამ, ყოველთვის.
იქ მაღლდებოდა პეტრარკას სული,
იქ მუსიკობდა თვით დანტეს ქნარი,
ღელვამ შელლისა და ბაირონის
მხოლოდ იქ ჰპოვა ნავთსაყუდარი.
იქ რუსთაველის დატრიალებდა
შემოქმედების დიდი ნადიმი
და იქ რეკავდა უცნაურ გრძნებით
ბარათაშვილის მწუხარე სიმი.
ვაი მას, ვისაც მარტოობის ჟამს
ვერა რა შველის, ვერა რა იხსნის,
შენ კი, მძლეველო, მარტო არა ხარ,
და თვით წამებაც შენვე ღმერთად გქმნის.
1914