მაისის ღამეს
მაისის ღამეს, გაბრწყინვებულ მაისის ღამეს
ლამაზ ლეილას ფანჯარასთან მე მივიპარე.
მე ფეხაკრეფით გავიარე ბაღის ბილიკი
და მეშინოდა, რომ ღამის ლანდს მპარავდა მთვარე...
მე შევიხედე ფანჯარაში. ლეილა ამ დროს
ფიქრს მისცემოდა უდარდელად წამოწოლილი,
სჩანდა, რომ რაღაც ოცნებებით შორს გატაცებულს
გულმკერდს ურხევდა და ჟინს გვრიდა სიამე ფრთხილი.
აი, წამოდგა... ტყის გედივით ყელმოღერილმა
ვარსკვლავთ გახედა დაფიქრებით და გაიღიმა,
იგი შვენოდა - ნაზი, როგორც პირველი ვარდი
და მკვირცხლი, როგორც უდარდელი მაისის წვიმა.
წიგნი მიაგდო, ბროლის თითით თმა გაიშალა,
შემდეგ გაიძრო ტანსაცმელი - ასძრა საბანი,
და მე სპეტაკი, ვით მაისის თეთრი ყვავილი,
წინ წამომიდგა ახალგაზრდა ქალწულის ტანი!
მაისის ღამეს, გაბრწყინვებულ მაისის ღამეს,
როცა ვარდები იშლებოდა, ყვაოდა ველი,
ბევრჯერ ლეილას ფანჯარასთან მიდარაჯნია,
ბევრჯერ მდენია ტრფობის ცრემლი შეუწყვეტელი.
1914