ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

გახსოვს? 

გახსოვს, თიბათვის თეთრ ღამეებში,
ოდეს ნათელი მთვარის, რძისფერი,
გადავლებოდა ტბებს და ხშირ ტყეებს
და გამჭვირვალე იყო ეთერი?
რიონის ზვირთი როგორ არხევდა
ცის ელვარებას, გულში ჩანაქსოვს.
როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი,
წარსულო დროო... მითხარ, ხომ გახსოვს?

მე აღტაცებით ვმღეროდი მაშინ
და სიყმაწვილე თრთოდა ჩემს გულში,
მე ვივიწყებდი მთელ დედამიწას
შენს ნაზ ალერსში, შენს ტკბილ ჩურჩულში...
წარვიდა, გაჰქრა ჟამი ნეტარი...
ეხლა სიყვარულს გული აღარ გთხოვს...
არ გთხოვს არაფერს... მხოლოდ მითხარი,
ყველაფერი ეს ხომ ისევ გახსოვს?

სადა ხარ ეხლა? კვლავ მარტოდმარტო
რიონის პირად ვდგევარ მოკლული.
იგივ ღამეა, იგივ ნათელი,
და მეკუმშება ტანჯვებით გული,
მწარე ღიმილით, უხმო ღიმილით
ვუახლოვდები - მაგრამ მშორდება
დრო - რომელსაც სულს ვერ დავავიწყებ,
დრო - რომელიც არ განმეორდება!

1914

??????