ჰორიზონტი ოდნავ ღელავს
ჰორიზონტი ოდნავ ღელავს შემოდგომის მკრთალი სხივით
და ეცლება ხეს ფოთლები მომაკვდავი პეპლებივით.
ყვითელ ფოთლით მოიფარა ხეივანი, ბილიკები,
თეთრი ნისლით შეიმოსა ცად აწვდილი შორი მთები.
ობლადა დგას მონასტერი, სადაც თავი შეაფარე,
სადაც ციურ ნისლთა ფიქრში მიატოვე ცოდვათ მხარე.
მაგრამ მე ვერ დაგივიწყებ, შენ მიყვარხარ იმავ ვნებით,
ძველი სულით, ძველი ფიქრით და ძველივე თავდადებით.
ჰორიზონტი ოდნავ ღელავს შემოდგომის მკრთალი სხივით
და ეცლება ხეს ფოთლები მომაკვდავი პეპლებივით.
1914