ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ვერსად, ვერასდროს... 

ვმოგზაურობდი... მე მინახავს მუდმივი თოვლით
შემოსუდრული კავკასიის ამაყი მთები,
იმათ ალერსში მსურდა შენი გადავიწყება, 
მაგრამ აჩრდილო, წუთითაც კი არ მავიწყდები!
თერგის მშფოთვარე ხმაურობას მე ყურს ვუგდებდი
და შევაჯერე დარიალის ბილიკ-კორდები,
განშორებითა მსურდა შენი გადავიწყება, 
მაგრამ შენს აჩრდილს, სიცოცხლეო, ვეღარ ვშორდები!
...და ვმოგზაურობ... კიდით-კიდე, ზღვა და ხმელეთზე
მიჰქრის, მიტაცებს მწუხარების ამაო ფრთები,
მაგრამ ვერასდროს ვერ გივიწყებ, და ისიც ვიცი,
ვერსად, ვერასდროს, ვერც ერთი გზით ვეღარ შეგხვდები!

1914

??????