ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ზღვის პირად მდგარი 

ვნახე მგოსანი ზღვის პირად მდგარი...
ტალღა ტალღაზე თრთოდა, დგებოდა,
სტიქიის ბრძოლა დაუდეგარი
მგოსნის თვალებში იხატებოდა.

გრგვინვა-ქუხილით ზღვის ზედაპირი
ეხეთქებოდა ნაპირთა კლდეებს
და ქაფი ზღვისა ისე წარმტაცად
ემწკრივებოდა ჭავლს და კიდეებს.

ვნახე და თვალწინ დამიდგა შორი
ჭაობში მყოფი ბრბო დაუმცხრალი,
ზეგარდმონათლით მოსილ პოეტად
ვის არ ხედავდა იმისი თვალი.

მან ჯერ არ იცის, რომ ზღვის კიდეზე
დროს უცდის მგოსნის გული ნამდვილი,
რომ თავის სიტყვით უკანასკნელით
დასძრას, გაფანტოს ყოველი ჩრდილი.

მოვა... მქუხარე, მგზნებარე სიტყვით
ძალას აღუძრავს თავდახრილ მონებს...
და დავიწყებულს, მაგრამ ნამდვილ ხმებს
კვლავ გაახსენებს, კვლავ მოაგონებს...

1914 

??????