ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

შავი ყორანი 

გზა გავიარე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
‘ნუ იხედები... ნუ იხედები!"

გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვიო
გასავლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
‘შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!"

მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...

გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.

1914

??????