ახმატოვა ანა
გაზიარება

სამი ლექსი (მთარგმნელი წურწუმია სერგო) 

1

უკვე დრო არის დაივიწყო აქლემის ჩქამი
და თეთრი სახლი, რომ ანათებს ჟუკოვსკის ქუჩას,
არყის ხეების, სოკოების დამდგარა ჟამი
და შემოდგომის, მოსკოვში რომ შრიალებს ურჩად.
იქ ახლა ბრწყინავს ყველაფერი, ნამებმა ჰმოსეს,
ზეცა მაღალი არ იგუებს უთუოდ ბორკილს,
ახსოვს ნამდვილად როგაჩოვის აქამდე შოსეს
მეამბოხური სტვენა ჯერაც ჯეელი ბლოკის...

2

და მახსოვრობის ბნელ ტალანში იპოვი ქექვით,
როცა ხელები გარდასულის საფარველს არევს,
პეტრეს ქალაქის ღამეებსაც. ბინდების ლექით
იმ სურნელს, რაიც ტკბილი არის და თანაც მწარე.
ყურედან ქარი დაუბერავს. ვაებით, ბორგვით
გასცდება ყოველს, სტრიქონებში დაუტევნელი
და შენ თითქოს და დამცინავად გიღიმის ბლოკი –
მისი ეპოქის ტრაგიკული დიდი ტენორი.

3

სწორია იგი – კვლავ ფარანი და აფთიაქი,
ნევა, გრანიტი და მიდამო უკაცრიელი...
ვით საუკუნის დასაწყისის ძეგლი დიადი
წამოიმართა ამ პოეტის ხატი ძლიერი,
ხელი შემართა როცა ნიშნად დამშვიდობების,
პუშკინის სახლთან განშორება ასე ენება,
როცა მიიღო მან სიკვდილი დაუნდობელი,
ვით არკუთვნილი სიმყუდროვე და მოსვენება.
 
1944-1960.

??????