*** "სულერთია, სად მოვიწყენ" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
სულერთია, სად მოვიწყენ _
მოწყენისთვის არ არსებობს ზღუდე.
ბორცვის ძირას წისქვილი თვლემს
და აქ წლობით შეიძლება დუმდე.
დასტრიალებს აბრეშუმას
ფუტკარი და ბზუილით კვეთს სივრცეს,
ტბორთან ვდგავარ, ალს ვეძახი,
ის კი უკვე მკვდარიაო, მითხრეს.
ტბორი, ყლარტით დაფარული,
დამშრალია, ენატრება ნამი,
მოცახცახე ვერხვის ფოთლებს
მთვარის შუქი ავარაყებს ღამით.
ვეღარა ვცნობ აქ ვერაფერს,
ალვა ცრემლებს მარგალიტად ისხამს.
ვდგავარ, ვდუმვარ და მზადა ვარ,
თუნდ ახლავე შევუერთდე მიწას.