ტურაშვილი დათო
გაზიარება

როცა მეფე კვდება 

რამდენიმე წლის წინ, უკვე საცივებჩავლილი იანვრის ერთ საშინელ საღამოს (როცა ცივი და ბნელი ზამთრის გადაგორება სიმღერითა და ცეკვით ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო), ლელაკო ცისკარიშვილმა მითხრა, ირაკლი ჩარკვიანს მგონი შავი დეპრესია აქვს, ერთი წელია სახლიდან გარეთ არ გასულა და იქნებ რა უჭირს - წავიდეთ, მოვინახულოთო.
წავედით.
მაშინ, მითუმეტეს, რა ფული გვექნებოდა, მაგრამ მაინც ვიყიდეთ რაღაც ჩაისთვის და ჩარკვიანებს ვესტუმრეთ ვერაზე, სადაც მათ სახლს კარი არ ჰქონდა. მეზობლებს კი თავიანთი რკინის, ტყვიაგაუმტარი და ორმაგი კარები საგულდაგულოდ ჩაერაზათ დროისა და ერთმანეთის შიშით და სადარბაზოში სინათლე ენთო. მაშინ სინათლე ისეთი იშვიათობა იყო, რომ შეგვეშინდა - ვიფიქრეთ, აი ახლა ჩაქრება სინათლე და მეფის კარს ვეღარ მივაგნებთ-მეთქი, მაგრამ მაშინ ირაკლი ჩარკვიანს მეფე არ ერქვა და ჩვენც არ ვიცოდით, რომ თურმე ამ ქალაქში და ამ ქვეყანაშიც შეიძლება იცხოვრო ბოქლომის გარეშე და კარიც, ტვინიც და გულიც ყოველთვის ღია გქონდეს.
თუმცა ირაკლის ერთოთახიან ბინას, სადაც დისკებისა და წიგნების გარდა, არაფერი იყო, კარი საერთოდ არ ჰქონდა. თვითონ კი ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი სახე ჰქონდა იმის გამო, რომ კითხულობდა წიგნებს, წერდა რომანს და ჰგავდა ბრძენს, რომელმაც შინიდან გაუსვლელად, ისედაც ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისათვის, დანარჩენ სამყაროში გამავალი კარი ღიად ჰქონდა დატოვებული.

ირაკლის ცოლმა ისეთი გემრიელი ჩაი დაგვალევინა, შავი დეპრესია საბოლოოდ გამოვრიცხეთ, მაგრამ ირაკლის მაინც შევაპარეთ მისი თაყვანისმცემლების საყვედური და სინანული მისი გრძელი პაუზის გამო და ირაკლი ჩარკვიანმა იმ საღამოს თქვა ის, რაც მაიძულებს მაშინაც ვწერო, როცა წერა ფიზიკურად არ შემიძლია და მაშინ მივხვდი, რატომ უნდოდათ ვლადიმერ ვისოცკის ან ჯეიმს მორისონს პოეტები ან მწერლები რქმეოდათ და არა მომღერლები ან მუსიკოსები. ლელაკო ცისკარიშვილი და იმ ზამთრის ცივი საღამო რომ არა, იქნებ ვერასოდეს მომეხერხებინა ირაკლი ჩარკვიანისთვის მეთქვა ის, რასაც მისი შემოქმედების შესახებ ვფიქრობდი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თაობისა და ჩვენი უახლესი ისტორიისთვის იგი თითქმის იგივე მოვლენა იყო (თუნდაც სოციალური თვალსაზრისით), როგორც შორეულ სამოციან წლებში ამერიკელი ბიტნიკები - ამერიკული ლიბერალიზაციისათვის. მართალია, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ამ შედარებაში სრულიად სხვადასხვა მასშტაბის პროცესები იგულისხმება, მაგრამ ფაქტია, რომ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როცა თბილისსა და საქართველოში ავტომატის გარდა (ურთიერთობისათვის) სხვა ენა არ არსებობდა, ირაკლი ჩარკვიანმა და კოტე ყუბანეიშვილმა რეაქტიული კრებულები გამოსცეს და ავტომატის ნაცვლად, წიგნებით ხელში დადიოდნენ თბილისის ქუჩებში. ისინი ლექსებსა და მოთხრობებს პირდაპირ ქუჩაში კითხულობდნენ და მაშინ არავის სჯეროდა, რომ სიტყვა უფრო ძლიერი იარაღი იყო, ვიდრე ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ულტრათანამედროვე ავტომატი.

როცა ავტომატებიანი ადამიანები ქუჩებიდან გაქრნენ, ჩვენმა საზოგადოებამ (პოლიტიკოსების დახმარებით) გადაწყვიტა, რომ ეს წარმატება პოლიტიკოსების დამსახურება იყო და ჩვენს ქვეყანაში ახლაც სჯერათ, რომ კარგ პოლიტიკოსებს კარგი ცვლილებების მოტანა შეუძლიათ. კაცობრიობის უახლესი ისტორია კი სრულიად სხვა გამოცდილებაა და თანამედროვე ინგლისური დემოკრატია და ლიბერალიზმი, მიკ ჯეგერის დამსახურება უფროა, ვიდრე რომელიმე ინგლისელი პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის. მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული აზროვნებისა და თავისუფლების ხანმოკლე, მაგრამ საოცარი ხარისხი, უპირველესად განპირობებული იყო ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის, დავით კაკაბაძისა და ელენე ახვლედიანის (და აგრეთვე სხვების) მიერ დაწყებული შემოქმედებითი პროცესებით, რამაც რუსეთის იმპერიის ყოფილი პროვინცია (ძალიან სწრაფად) ევროპული ფასეულობებისა და ენერგიის ქვეყნად აქცია. მართალია, ეს ახალი ქართული რენესანსული ეპოქა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა სახელმწიფოს შესაქმნელად და პატარა საქართველო ისევ (ამჯერად) საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა და ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას კულტურული და სოციალური მოძრაობები ქმნის და არა პოლიტიკური პარტიები, როგორც ამას გვასწავლიდნენ და დღემდე გვასწავლიან...
არც ვიცი, სად სწავლობდა ირაკლი ჩარკვიანი, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქართველი იყო მათ შორის, ვინც შემხვედრია, თუმცა ბევრჯერ არც შევხვედრივართ ერთმანეთს და ლელა ცისკარიშვილის დამსახურებაა რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი მაშინ გავიცანი, როცა მას ძალიან უჭირდა; როცა მას ალბათ იმის მოსმენაც სჭირდებოდა, რაც მაშინ ვუთხარით და ახლა, როცა ირაკლი ჩარკვიანი ცოცხალი აღარ არის, თავს იმ ცივი საღამოს გახსენებით ვიმშვიდებ და მიუხედავად იმისა, რომ ეს დამშვიდება საკმაოდ ეგოისტურია, მაინც მიხარია, რომ ერთ ადამიანს მაინც ვკითხე სიცოცხლეში, რამე ხომ არ უჭირდა.

ერთხელ კოტე ყუბანეიშვილმა იხუმრა, - ქართველებს ცოცხალი მხოლოდ თევზი უყვართო და ამ ხუმრობაში სიმართლის მარცვალი კი არა, მთელი ქართული სიმართლის ისტორიაა და ალბათ, ირაკლის გარდაცვალების შემდეგ, რამდენი ქება ითქვა მასზე და რამდენი დაიწერა, მაგრამ მეეჭვება, რომ ითქვა ის, რის გამოც საერთოდ ვწერ ამ ფოტომოთხრობას მოძმე ესპანეთიდან. ირაკლი ჩარკვიანი იყო უნიჭიერესი ადამიანი, მაგრამ ის არ იყო ჯიმი ჰენდრიქსი და ჩვენ არ ვართ ორასმილიონიანი ამერიკა, სადაც ნარკოტიკების მომხმარებელი მუსიკოსისთვის ეს დეტალი მხოლოდ ბიოგრაფიული შტრიხია. ჩვენ ვართ პატარა, დაპყრობილი ქვეყანა და ჯერარშემდგარი სახელმწიფო, სადაც ნებისმიერი ნიჭი არა მხოლოდ პიროვნული საკუთრებაა და როგორ პათეტიურად, ბანალურად ან დიდაქტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც დღევანდელი საქართველოა, ეს ნებისმიერი ქართული ნიჭი - მთელი ქვეყნის საკუთრებაა და არა მხოლოდ ერთი ადამიანის და მითუმეტეს ისეთი ნიჭიერი ადამიანის, როგორიც ირაკლი ჩარკვიანი იყო. არასოდეს მინდოდა კოტე ყუბანეიშვილის მიერ ნათქვამი, უკვე ნახსენები მწარე სიმართლის ნაწილი ვყოფილიყავი და ახლაც ვცდილობ, რომ ცოცხალი ქართველებიც ისევე მიყვარდეს, როგორც მკვდარი ქართველები და როგორი მწარეც არ უნდა იყოს სიმართლე, ის მაინც უნდა ვთქვათ, თუ გვიყვარს...

მე კი მიყვარდა ცოცხალი ირაკლი ჩარკვიანი არა მხოლოდ მისი შემოქმედების, არამედ მისი სიმართლის გამოც და არ მინდა, რომ მისი სიკვდილი ტყუილთან იყოს დაკავშირებული და პირადად მას (დარწმუნებული ვარ), არც იმ სიმართლის შეეშინდებოდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. პირადად მინახავს ირაკლი ჩარკვიანი მოსკოვში, კონცერტზე, როცა მარტომ, გიტარით ხელში, ყველაზე რთული მოსკოვი დაიპყრო და ასეთი ენერგია ალბათ მხოლოდ თომ უეითსის კონცერტზე თუ არსებობს და ქართველი მუსიკოსი, რომელიც ასეთ კონცერტსა და მუსიკას ქმნის, მხოლოდ საკუთარ თავს არ ეკუთვნის და არც ასეთი სიკვდილის უფლება აქვს.
პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ხშირად ძალიან აღიზიანებდა მისი გამომწვევი და არაორდინარული ქცევა ცხოვრებასა და სცენაზე, მაგრამ არასოდეს მინახავს ირაკლი ჩარკვიანის მუსიკისადმი გულგრილი ადამიანები და ეს შეიძლება თავად კარგი მუსიკის ბრალია და კარგი მუსიკის თვისებაა - ეს ენა ესმის ყველას, ვისაც კარგი გემოვნება აქვს და თავისუფლება უყვარს. ირაკლი ჩარკვიანს კი თავისუფლების იმდენად მძაფრი და მოჭარბებული მოთხოვნილება ჰქონდა, რომ ალბათ გადაწყვიტა კიდეც, - სიკვდილი, როგორც თავისუფლება, ისეთივე არჩევანია, როგორც სიცოცხლე. 
რა თქმა უნდა, მეფესაც აქვს სიკვდილის უფლება, მაგრამ არა ასეთი სიკვდილის უფლება, რადგან როცა ქვეყანაში მეფე კვდება, ამ ქვეყანაში ვიღაცამ მაინც უნდა თქვას ხმამაღლა, დანარჩენების გასაგონად - გაუმარჯოს მეფეს!..

??????