მორჩილაძე აკა
გაზიარება

აკაკის სიკვდილი 

სანამ გარდაიცვლებოდა, აკაკი მთელ თვეს იწვა სხვიტორში, თავის სახლში. დამბლაც იქავე მოუვიდა შობა ღამეს და ერთი თვის თავზე კი გაუმეორა. იქ უამრავი მნახველი მიდიოდა, თბილისიდანაც კი, იმ შუა ზამთარში.

ეს იყო 1914-15 წლის დეკემბერ-იანვარი, მსოფლიო ომის პირველი ზამთარი, რუსეთ-თურქეთის ფრონტის სიახლოვე და გაჭირვება. დიდი გაჭირვება მხოლოდ დაწყებულიყო, აკაკი კი მთელს შემოდგომას საკმაოდ ბევრს წერდა ომზე, თითქოს რაღაც დიდ ცვლილებებს გამოელოდა ამ ომისგან. თავში ჰქონდა პოემაც და ამ პოემისთვის რამდენიმე ლექსიც დაეწერა. ჰოსპიტლებშიც კი დადიოდა, დაჭრილებს ამხნევებდა, მტრის ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებსაც კი გადაეყრებოდა ხოლმე, იმათაც ელაპარაკებოდა. ერთხელ ბედუინები ნახა, ციებ-ცხელებით მიყრილნი ჰოსპიტლის კუთხეში. ამ საწყლებს რაღა უნდათ ომშიო, უთქვამს, გამოლაპარაკებია, ნაშთები აღმოსავლეთმცოდნის განათლებისა ეხმარებოდა ამაში. 

ადრიანი შემოდგომით აკაკის შვილი, ალექსი ჩამოუვიდა რუსეთიდან. მისი ჩამოსვლა ყოველთვის უხაროდა. დიდი მღელვარება იპყრობდა, როცა მის მეუღლესა და ვაჟს რაღაც უჭირდათ და ფული აკლდათ ხოლმე. 

უცნაური კაცი ვარ, ოჯახი მყავს და არა მყავს, სახლი მაქვს და არა მაქვს, პენსია მაქვს და არა მაქვს, ასე ამბობდა ხოლმე აკაკი და მართლაც ასე იყო, თითქოს ყველაფერი ჰქონდა და ბოლომდე კიდევ არაფერი, მაგრამ ასეთ ცხოვრებას მიჩვეული იყო და სხვანაირი, ალბათ, ვეღარც წარმოედგინა. ეგ სხვა ამბავია, აკაკის პირადი ცხოვრება. მაგ ამბის წამოწყება და თხრობა სად წაგვიყვანს, ვინ იტყვის. 

რახან აკაკის ერთადერთი სამსახური იყო ხოლმე ჟურნალი, რომელსაც თვითონ დაარსებდა, ანდა რაიმე საზოგადოებრივი საქმე, ვთქვათ, თეატრში ან სადმე სხვაგან, მისი შემოსავლები მის ნაწერებზე იყო დამოკიდებული. ეს კი არ ჰყოფნიდა. 

ერთი, რომ რუსეთში ოჯახის შენახვა უწევდა, და მეორეც, ის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არაფერს არ ყიდულობენ, სიმდიდრეს და ფუფუნებას არ ეძებენ, მაგრამ რამდენი ფულიც არ უნდა მოიგდონ ხელში, მაინც არ ჰყოფნით. აკაკიც ასეთი იყო. უკვე სიბერეში მას ჰქონდა რამდენიმე პენსია დანიშნული ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან, მაგრამ, როგორც წესი, ეს პენსიები თვეობით ადრე ჰქონდა გამოჭმული და მერე იწყებდა სესხებას, ანდა რაღაც პროექტების მოგონებას, რათა ავანსი ეშოვნა. ცნობილი იყო, რომ აკაკი თამაშობდა და ეს ფულის შოვნის ერთ-ერთ საშუალებად მიაჩნდა. ის თამაშობდა უმარტივეს სამორინე თამაშებს, ყოველთვის კლუბებში და, რაღა თქმა უნდა, უმთავრესად აგებდა. თუმცა, კარგადაც მოიგებდა ხოლმე. სანდრო შანშიაშვილი იგონებს, ერთხელ ღამით შევბოდიალდი ქართულ კლუბში და დავინახე აკაკი, რომელსაც ფული აღარ ჰქონდა და მაგიდიდან ადგომა კი არ უნდოდაო. მქონდა ოცდახუთი მანეთი და მორიდებით შევთავაზე, უსიტყვოდ გამომიწოდა ხელი და იმწამსვე დადო და წააგოო. ასეთი მოგონებები ხშირია. 

ექვთიმე თაყაიშვილი იხსნებს, ერთხელ მოვიდა საზოგადოებაში და მშვენიერი პროექტი შემომთავაზა, ქვეყანას მოვივლი, ფოლკლორი კვდება და შევკრებ ნიმუშებს და მოგართმევთო, ამისითვის წინასწარ მოითხოვა ფული და, რა თქმა უნდა, მივეცითო. მერე აღარც ფოლკლორი შეუკრებია და არც ამაზე ჩამოუგდია სიტყვაო. 

აკაკის ვალები ცნობილი იყო: საყვარელო ანდრია, ფულის თხოვა ადრეა, ადრე ჭკვიანი იყავ, ახლა რამ გადაგრია. 

ჩვენთან ასეა მიღებული, რომ ამბობენ, აკაკის სტანჯავდა ცოლ-შვილისთვის გასაგზავნი ფულის გროვება და ის დეპეშები, პეტერბურგიდან რომ მოსდიდოდა ხოლმე, ამდენი და ამდენი გამოგვიგზავნეო. თითქოს ეს რაღაც ისეთი ტვირთი იყო მისთვის, რომელიც არ ერგებოდა. არადა, საქმე სხვანაირად იყო. აკაკის უყვარდა თავისი ოჯახი და მის შენახვას აუცილებელ მოვალეობად თვლიდა. სხვანაირად როგორ გამოვიდოდა, მის სიცოცხლეშივე, ახალგაზრდობაშივე დადიოდა ჭორი, რომ აკაკიმ ნატალია ბაზილევსკაია სიმდიდრის გამო შეირთო. ეს პეტერბურგის ქართველი სტუდენტების ამბავი იყო. ერთი ანეკდოტი მოგვითხრობს, როგორ მიაყენეს კედელთან მეგობრებმა აკაკი და აღიარებინეს, რომ ფულის გამო იქორწინა. დაქორწინების შემდეგ აკაკი მართლაც კარგახანს ცხოვრობდა პეტერბურგში, მერე კი ხშირად დადიოდა იქ. მთელი ბაზილევსკების სიმდიდრიდან კი მას ხეირი არ უნახავს, რადგან მისი სიმამრის გარდაცვალების შემდეგ ქონების აპეკუნად აკაკის ქვისლი გამოცხადდა, რომელმაც ქონება ბანქოში გაანიავა და ბოლოს ტყვიაც დაიკრა შუბლში. ქვისლიც ქართველი იყო, ასევე თავადიშვილი, სუმბათაშვილი. რამდენიმე საათს იცოცხლა და აკაკის კი შესტირა, შენ კი დაგღუპე, ძმაოო. ესეც ცალკე და გრძელი ისტორიაა. აკაკის ცხოვრება გრძელი იყო და მდიდარი. თვითონ ასე ამბობდა, მეო საერთოდ ცოლის შერთვას არ ვაპირებდიო და ამ საკითხსაც ზერელედ ვუყურებდი, მაგრამ ჩავარდა მომენტი და შევირთეო. ეს ნათქვამიც ხელს უწყობდა ჭორებს. 

ნატალია კი ჩამოდიოდა ხოლმე საქართველოში, მაგრამ ეს მაინც ცალცალკე ცხოვრება იყო. აკაკის უყვარდა ცოლი, მაგრამ მისი გადამეტებული ზრუნველობა აღიზიანებდაო, ასე იხსენებენ. ხოლო როცა შვილი ჩამოდიოდა, აკაკის სახიდან ღიმილი ძნელად თუ გაქრებოდა. როგორც კი დაიბადა, პოემა “ალექსი” დაწერა, ოღონდაც სულ ამბობდა, ქართული ვერ ვასწავლე ხეირიანადო. ალექსიმ ქართული სალაპარაკოდ არ იცოდა, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლა და მამასთან ყოფნა უყვარდა. ქართველებს დიდად არ მოსწონდათ ალექსი, გარეგნობითაც კი, მაღალიაო, სულ ცაში იყურებაო, მხრებში მოხრილიაო და ასეთებს ამბობდნენ. გრიგოლ რობაქიძე იხსენებს, ერთხელ როგორღაც წამომცდა აკაკისთანო, რომ შვილში მამის ჯიში არ გადასულაო და აკაკიმ არ მიპასუხა, მხოლოდ უსიამოდ შეირხაო, წავხდი, ამ ნათქვამს რაღა გამოასწორებდაო. ასე იყო თუ ისე, ფულის თემა აკაკის მთელს ცხოვრებას გასდევდა და ხუმრობის საგანიც იყო და დარდის და წვალებისაც. უშველებელი სტატიებიც კი აქვს, მე და ჩემი პენსია და ასეთები. საერთოდ, აკაკის უყვარდა, რომ უვლიდნენ, ოღონდაც მკვეთრ მზრუნველობას ვერ იტანდა. ბოლო წლებში თავის ჯანმრთელობას დიდ ყურადღებასაც აქცევდა და არცთუ ტყუილად, სულ პირველმა სისხლის ჩაქცევამ გარეგნობაზეც იმოქმედა, ცალ ქუთუთოს ვეღარ ამოძრავებდა და ამიტომ, ყოველთვის თავაწეული უყურებდა მოსაუბრეს. მომვლელები ყოველთვის ბევრი ჰყავდა. ასე ხუმრობდნენ, აკაკი მეგობრობს ბავშვებთან, ქალებთან და ექიმებთანო. მართალიც იყო. ოღონდ ესეც გრძლად სათხრობი ამბავია. 

სხვიტორის გარდა მას სახლი არსად ჰქონდა, თბილისშიც და ქუთაისშიც ან ჩერდებოდა სასტუმროებში ან ახლო მეგობრებთან. თბილისში მაჩაბლებთან ანდა ექიმ ვახტანგ ღამბაშიძესთან, ხოლო ქუთაისში უფრო უყვარდა ნიკოლაძეების ძველ სახლში დგომა. იქ ასევე ეიმედებოდა ექიმი სამსონ თოფურია, რომელმაც მისი ორგანიზმისა ყველაზე კარგად იცოდა და ერთხელ სიკვდილსაც კი გამოგლიჯა. ოღონდ სამსონ თოფურია აკაკიზე ათი წლით ადრე გარდაიცვალა. 

მოკლედ, აკაკი ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობდა. იმ ზაფხულს კიდევ, სანამ მსოფლიო ომი დაიწყებოდა, აკაკის თითქოს არა უშავდა. მომჯობინებული, სიხარულით დაუხვდა ალექსის შემოდგომაზე და მშვიდობითაც გაისტუმრა რუსეთში. რაღაც თავისი საქმეებით იყო გართული და ზამთრის პირზე მოუვიდა ალექსის დეპეშა, სასწრაფოდ ორი ათასი მანეთი გვჭირდებაო. 

აკაკი სრულიად უფულოდ იყო იმ დროს. ეს ის შემთხვევა იყო, რომ დაგეკეტება ხოლმე. თბილისში იწრიალა და საჭირო თანხა ვერ იშოვა, ამიტომ გადაწყვიტა ქუთაისში წასვლა, ეგებ იქ გამოვიდეს რამეო. თან ჰქონდა ახალი ლექსები და ცდილობდა, რაიმე გაზეთისთვის მიეყიდა ანდა გამომცემლებისთვის. ვერავინ იპოვნა. ქუთაისშიც ამ თანხის შოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა. 

აკაკი მაინც დარჩა იქ, დადგა სასტუმრო “გრანდ ოტელში”. ეს იყო გრძელი, ორსართულიანი შენობა, რომლის შესახებაც ათას პირქუშ რამეს ყვებიან ხოლმე. სასტუმრო არ თბებოდა. იდო თოვლი და ყინავდა. აკაკიმ დაიჭირა გაუთბობელი ოთახი პირველ სართულზე, სადაც დღისით ვერ ჩერდებოდა სიცივის გამო. დღეებს ის ატარებდა ნაცნობ-მეგობრების სახლებში, სადაც სადილობდა კიდეც. მისწერა საჩხერეში მოურავ კოტე აბდუშელიშვილს, იმ თოვლებში ფიქრობდა როგორმე მიეხედა ამ ახალი ლექსებისთვის, ღამღამობით იმ გაუთბობელ ნომერში იჯდა და მუშაობდა, ამ ლექსებისგან პოემას აგებდა და ხარობდა, რომ გამოსდიოდა. ეს იყო პოემა “ომი”, მისი პირველი ნაწილი სამოცდათოთხმეტი წლის აკაკიმ გაყინულ ოთახში, ორ კვირაში დააასრულა და იმედიანადაც იყო, რომ პოემაში საჭირო თანხას მიიღებდა. 

სწორედ ამ დროს მოვიდა “გრანდ ოტელში” განმეორებითი დეპეშა, უკიდურესად გვიჭირს, ფული მოგვაშველეო. ამან ძალიან წაახდინა, როგორღა უნდა აჩქარებულიყო არ იცოდა, ფული მანამდე სჭირდებოდა, სანამ პოემას დაასრულებდა და ვინმეს მიყიდდა. 

ამ დროს ჩამოვიდა ქუთაისში კოტე აბდუშელიშვილი. სახლში იცოდნენ, რომ აკაკი ქუთაისშია და ხასიათზე ვერ არის. აკაკის და ანა დიდი მეთვალყურე იყო აკაკის ცხოვრების და იოლად მიხვდებოდა, რომ ძმას ძლიერ უჭირდა. 

ცხადი იყო, რომ აბდუშელიშვილი აკაკის შინ წასაყვანად იყო ჩამოსული. სხვიტორში მოაკეთებდნენ და ეგებ, იქ გამოეზამთრა კიდეც. მოურავი არწმუნებდა, ფულს იქედანაც ვიშოვითო და აკაკიც დაჰყაბულდა. 21 დეკემბერს უკვე სხვიტორში იყო. 

სხვიტორი ერთადერთი სახლი იყო მისთვის, სახლი რომელიც მამამისმა როსტომმა ააშენა და რომელშიც და იბადა. იქაურობა უყვარდა, ეს იყო ყველაზე ბუნებრივი გარემო მისთვის. 

შობა საღამოს აკაკის დამბლა დაეცა, მარცხენა ხელ-ფეხი წაერთვა. წინდაწინვე ჩაწვა ლოგინში, იმიტომ, რომ ცუდად იყო. ოღონდაც, ეს დამბლა მაინც ისეთი ჩანდა, რომ სასიკვდილო არ უნდა ყოფილიყო, მეტიც, ორი კვირის თავზე აკაკის მეტყველებაც გამოუსწორდა და ჩვეული ხუმრობებიც დაიწყო. ალექსიც კი ჩამოვიდა პეტროგრადიდან, რაც მამისთვის ძალიან სასიხარულო იყო. 

თბილისის გაზეთები უკვე მისი ჯანმრთელობის ამბებით იყო აჭრელებული. მნახველები მოდიოდნენ საქართველოს ყოველი კუთხიდან. თავთან ეჯდა ანეტა იუტკევიჩი, ახლაგაზრდა მასწავლებელი ქალი და უკითხავდა ხოლმე მის ნაწერებს. აკაკის უამრავი რამ აღარ ახსოვდა, ეს როდი ს და ვწერეო, იკითხავდა ხოლმე, ანდა როგორ დამიწერიაო. ერთხელ „გამზრდელის“ სმენისას ცრემლიც კი მოადგა. ალექსიც უკითხავდა, ორმოცდახუთი წლის ჭაღარაშერეული მელოტი კაცი, იმდენი იძახეს, ქართული არ იცისო, რომ ქართულად უკითხავდა. აკაკი ხუმრობდა. სანახავად კი ვინ აღარ მოდიოდა, ახალ წელს მთელი საჩხერის გლეხობა იქ იყო საახალწლო ძღვენით, ერთი ბეითალიც ეწვია და ამან გაახარა, სულ ვირივით ვმუშაობდი და შენ თუ მომარჩენო. გარშემო იმედიანი ხალისი იყო, ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ თანხა, რომელიც ამდენ ნერვებად დაუჯდა, შინ მიუტანეს და თავთან დაუდეს. იაკობ ფანცხავამ ჩაუტანა ქუთაისიდან და ისეთი მოწადინებული იყო, რომ აკაკი მხნედ ენახა, რომ ხშირხშირად და ხმამაღლა ეკითხებოდა, როგორა ხარ, როგორა ხარ, რას უჩივიო. ანამ იხუმრა, ეგ საერთოდ, უფულობას უჩივის, მეტს არაფერსო. იმავე დღეებში ეზიარა კიდეც, ოღონდ უკვე იმ განწყობაზე იყო, რომ თბილისში წავალო, ამბობდა. ითხოვდა, სასტუმროში დამაწვინეთ, საავადმყოდოში მნახველებს არ შემოუშვებენ და მოვიწყენო. მნახველი კი ბევრი იყო, ექიმებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. საერთოდ, ყველაფერს კარგი პირი უჩანდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ზუსტად ერთი თვის თავზე აკაკის დამბლა გაუმეორდა და იმავე ღამეს გარდაიცვალა, ალექსის ხელში დალია სული. ვინ იცის, ეგებ ასეც უნდოდა, ალექსი გვერდით ჰყავდა. 

რა თქმა უნდა, არავინ შეასრულა აკაკის ანდერძი, სხვიტორში დამმარხეთო, თბილისში წამოასვენეს. 

მისი მრავალწლიანი ირონია სამგლოვიარო გვირგვინების შესახებ კი ასე თუ ისე გაიზიარეს. აკაკი ყოველთვის ბევრს ხუმრობდა გვირგვინების შესახებ. ერთხელ, გრიგოლ ორბელიანი რომ გარდაიცვალა, აკაკი ქუთაისში იყო და თბილისში მოდიოდა. ქუთაისელმა გიმნაზიელებმა მიაკითხეს, რახან მიემგზავრებით, ფული შევაგროვეთ და გვინდა, სამგლოვიარო გვირგვინი გაგატანოთ ორბელიანის პანაშვიდისთვისო. წავიღებო, აკაკიმ უთხრა, ოღონდ ერთ რამეს გთხოვთ, მე რომ მოკვდები, გვირგვინი არ მოიტანოთ, უმჯობესია, ჩემი გვირგვინის ფული სიცოცხლეშივე მომცეთო. 

გვირგვინი მაინც იყო, ოღონდ - ერთი. ზედ ეწერა – აკაკის საქართველო. 

სახლიდან საჩხერელმა წერეთლებმა გამოასვენეს, თბილისისკენ მომავალი სამგლოვიარო მატარებელი კი ჩერდებოდა ყველგან და ყველგან იყო გლოვა და ზარების რეკვა, მთელი საქართველო რკინიგზის რელსების გასწვრივ იყო ჩამწკრივებული. ახლა ძნელია ამის წარმოდგენა, იმ უტელეეკრანო დროში აკაკი იყო ყველაზე მეტად ნაცნობი სახე საქართველოში. იყო დარაჯობა მის დანახვაზე, ვაგონის ფანჯარაში, ეტლში, ქუჩაში, ყველგან. საზღვრები მისი პოპულარობისა დღეს ძალი ან ძნელად განსასაზღვრია. ძალიან ძნელი იყო მეორე ასეთი სახალხო პერსონის პოვნა, ამოუცნობი დადებითი მუხტით რომ აღავსებდა ყველას. 

თბილისში დაკრძალვას დაესწრო ასი ათასი კაცი. მთაწმინდაზე კი, როცა ყველა წავიდ-წამოვიდა, საფლავთან დარჩნენ ყარაჩოღლები, ძველებურად დაუნთეს სანთლები და იჯდნენ იქ შუაღამემდე ღვინოსთან ერთად, რას ლაპარაკობდნენ კიდევ, ვიღას ახსოვს. 

და მაინც, ეგ არ იყო მთავარი. საქართველოში დაკრძალვა არ არის მთავარი, დაკრძალვა აქ ყოველთვის მაგარია. აკაკის სიკვდილში სხვა სურათი უფრო დარჩება: თუ როგორ ზის სამოცდათოთხმეტი წლის კაცი, რომელსაც საქართველოს უგვირგვინო მეფეს უწოდებენ, სასტუმროს გაყინულ ოთახში და როგორ ცდილობს, დაასრულოს პოემა, რომელსაც ჯერ კაცმა არ იცის, ვინ იყიდის და რამდენად, და როგორ წაადგება პოემით ნაშოვნი ფული მის ოჯახს შორეულ ქალაქში. 

??????