ლერმონტოვი მიხეილ
გაზიარება

ფატალისტი (თარგმნა: გერონტი ქიქოძემ) 

  როგორღაც მოხდა, რომ ორი კვირა კაზაკების სტანიცაში ვიცხოვრე მარცხენა ფლანგზე; იქვე იდგა ქვეითი ჯარის ბატალიონი; ოფიცრები ერთმანეთთან ვიკრიბებოდით მორიგეობით, საღამოობით ქაღალდს ვთამაშობდით.
  ერთხელ ბოსტონი მოგვწყინდა, ქაღალდი მაგიდის ქვეშ შევყარეთ და ძალიან დიდხანს დავრჩით მაიორ ს.. სას; საუბარი არაჩვეულებრივად თავშესაქცევი იყო. ვმსჯელობდით იმის შესახებ, რომ მუსლიმანური რწმენა, თითქოს ადამიანის ბედი ზეცაზეა აღბეჭდილიო, ჩვენს შორისაც პოულობს მრავალ თაყვანისმცემელს; თითოეულმა სხვადასხვა არაჩვეულებრივი შემთვევა გვიამბო პრო ან ცონტრა (დასადასტურებლად ან საწინააღმდეგოდ)
-ყოველივე ეს არაფერს ამტკიცებს, ბატონებო, - თქვა მოხუცმა მაიორმა, - არც ერთი თქვენგანი ხომ იმ უცნაური შემთხვევის მოწმე არ ყოფილა, რომლითაც თქვენს შეხედულებებს ადასტურებთ?
-რასაკვირველია, არც ერთი, - თქვა ვიღაცამ, - სად არიან ეს სარწმუნო ადამიანები, რომელთაც უნახავთ ჩვენი სიკვდილის საათიში აღმნიშვნელისია?.. და თუ არსებობს ბედისწერა, რისთვისღა გვაქვს მოცემული ნებისყოფა, განსჯა? რად უნდა მივცეთ ანგარიში ჩენი ყოფაქცევის გამო?
  ამ დროს ერთი ოფიცერი, რომელიც ოთახის კუთზეში იჯდა, წამოდგა, აუჩქარებლად მივიდა მაგიდასთან და ყველას წყნარად და მნიშვნელოვნად გადახედა. როგორც მისი გვარიდან ჩანდა, ის წარმოშობით სერბიელი იყო.
  პორუჩიკ ვულიჩის გარეგნობა სავსებით შეეფერებოდა მის ხასიათს. მაღალი ტანი და შავგრემანი პირისახე, შავი, გამსჭვალავი თვალები, ცივი გაღიმება, რომელიც მუდამ ამოძრავებდა მის ტუჩებს, - ყოველივე ეს თითქოს შეთანხმებული იყო, რათა მისთვის იმ განსაკუთრებული არსების გარეგნობა მიეცა, რომელსაც არ შეუძლია თავისი აზრები და ვნებათა ღელვანი ბედის მიერ მიჩენილ ამხანაგებს გაუნაწილოს.
  ის მამაცი იყო, ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ მკვეთრად; არავის არ ანდობდა თავის სულიერ და ოჯახურ საიდუმლოებებს; ღვინოს თითქმის სრულიად არ სვამდა, - ახალგაზრდა კაზაკის ქალებს, რომელთა მიმზიდველობის გაგება ძნელია მათ უნახავად, ის არასოდეს არ დასდევდა. თუმცა ამბობდნენ, პოლკოვნიკის ცოლი გულგრილად ვერ უცქერის მის მეტყველ თვალებსო; მაგრამ ვულიჩი სერიოზულად ჯავრობდა, როცა ამაზე ნართაულად ჩამოუგდებდნენ ლაპარაკს.
  მას მხოლოდ ერთი გატაცება ჰქონდა, რომელსაც არ მალავდა - გატაცება ქაღალდის თამაშით. მწვანე მაგიდასთან ყველაფერს ივიწყებდა და, ჩვეულებრივ, აგებდა; მაგრამ მუდმივი მარცხი მხოლოდ აღიზიანებდა მის კერპ ბუნებას. ამბობდნენ, ერთხელ, ექსპედიციის დროს, ღამით, ბალიშზე არიგებდა ნანკსო; თურმე ძალიან მოსდიოდა. უცებ სროლის ხმა გაისმა, განგაში ატყდა, ყველანი წამოცვივდნენ და იარაღს ეცნენ, ‘’ჩამოდი ვაბანკი!’’ შესძახა ვულიჩმა წამოუდგომლად ერთ-ერთ თავის ცხარე პონტერს. – ‘’შვიდიანი მოდის’’, - უპასუხა ამ უკანასკნელმა და გაიქცა. საყოველთაო არევ-დარევის მიუხედავად, ვულიჩმა დაასრულა თალია; მოწინააღმდეგემ მოიგო.
  როდესაც ვულიჩი რაზმში გამოცხადდა, იქ უკვე ძლიერი თოფის სროლა იყო ამტყდარი; მას ყურადღება არ მიუქცევია არც ჩეჩნების ტყვიებისა, არც მათი ხმლებისათვის; მაშინვე თავისი ბედნიერი პონტერი მონახა. 
-შვიდიანი გამოვიდა ! - დაუძახა მან, როცა ბოლოს დაინახა იგი მოწინავე რაზმში, რომელიც მტერს აძევებდა ტყიდან; მივიდა მასთან, ქისა და საფულე ამოიღო და თავის ბედნიერ მოწინააღმდეგეს გადასცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ეუბნებოდა, რა დროს წაგებული ფულის გადახდააო. ამ არასასიამოვნო ვალდებულების შესრულების შემდეგ ვულიჩი გავარდა წინ, ჯარისკაცები გაიტაცა და ბრძოლის დასრულებამდე შეუშფოთებლად სროლით უპასუხებდა ჩეჩნების სროლას.
  როცა პორუჩიკი ვულიჩი მაგიდასთან მივიდა, ყველანი დადუმდნენ, ვინაიდან მისგან, რაიმე ორიგინალურ საქციელს ელოდნენ.
-ბატონებო ! - თქვა მან (მას დამშვიდებული ხმა ჰქონდა, თუმცა ერთი ტონით დაბლა ლაპარაკობდა ჩვეულებრივზე) - ბატონებო, რა საჭიროა ცარიელი კამათი? დამამტკიცებელი საბუთები გნებავთ? მე თქვენ წინადადებას გაძლევთ, თქვენსავე თავზე გამოსცადოთ, შეუძლია ადამიანს თვითნებურად განაგოს თავისი სიცოცხლე თუ თითეულ ჩვენგანს წინდაწინვე საბედისწერო წუთი აქვს დანიშნული... ვის სურს?
-მე არა, მე არა ! - გაისმა ყოველი მხრიდან, - აი, ახირებული კაცი ! რა არ მოუვა თავში...
-სანაძლეოს, ვდებ, - ვუთხარი მე ხუმრობით.
-რაზე?
-ვამტკიცებ, რომ ბედისწერა არ არსებობს, - ვთქვი მე და მაგიდაზე ოციოდე ოქროს ფული დავყარე, - მთელი თანხა, რაც ჯიბეში მქონდა.
-მოდის , - მიპასუხა ვულიჩმა ყრუ ხმით, - მაიორო, თქვენ იყავით მსაჯული; აი თხუთმერი ოქრო; დანარჩენი ხუთი თქვენ ჩემი გმართებთ, მეგობრობა გამიწიეთ და დაუმატეთ.
-კარგი, - უპასუხა მაიორმა, - მხოლოდ არ მესმის, რაშია საქმე და როგორ გადაწყვეტთ საკამათო საკითხს..
   ვულიში უსიტყვოდ გავიდა მაიორის საწოლ ოთახში; ჩვენ უკან გავყევით. ის კედელთან მივიდა, სადაც იარაღი ეკიდა, და ალალბედზე ჩამოიღო ლურსმნიდან ერთ-ერთი დამბაჩა მრავალ სხვადასხვა ყალიბიანთა შორის..ჩვენ მისი კიდევ არა გვესმოდა რა; მაგრამ, როცა ჩახმახი მომართვა და ფალიაზე თოფისწამალი დააყარა, მრავალმა ჩვენგანმა ძალაუნებურად შეჰყვირა და ხელი სტაცა.
-რას შვრები? დაიცა, ეს სიგიჟეა ! - შევძახეთ მას .
-ბატონებო, - თქვა მან აუჩქარებლად და ხელი გაითავისუფლა: - ვის სურს, ჩემ მაგიერ ოცი ოქრო გადაიხადოს?
   ყველანი დადუმდნენ და გაშორდნენ.
   ვულიჩი მეორე ოთახში გავიდა და მაგიდას მიუჯდა; ყველანი უკან გავყევით. მან მიგვანიშნა, ირგვლივ დასხედითო. უსიტყვოდ დავემორჩილეთ: ამ მომენტში მან რაღაც საიდუმლო ძალა მოიპოვა ჩვენზე. მე თვალებში ჩავაშტერდი; მაგრამ ის მშვიდად და უმოძრაოდ შეხვდა ჩემს გამომცდელ შეხედვას და მის ფერმკრთალ ტუჩებზე ღიმილმა გადაირბინა; მაგრამ ამ გულგრილობის მიუხედავად, მე მეგონა, სიკვდილის ბეჭედს ვხედავ მის ფერმიხდილ სახეზე - მეთქი. მე შემინიშნავს და მრავალ ხნიერ მეომარს დაუდასტურებია ჩემი დაკვირვება, რომ ხშირად იმ ადამიანის სახეზე, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ უნდა მოკვდეს, არის რაღაც აუცილებელი ბედისწერის უცნაური ბეჭედი; ისე რომ, შეჩვეული თვალი იშვიათად შეცდება.
-თქვენ დღეს მოკვდებით, - ვუთხარი მას. ის მკვირცხლად ჩემკენ მობრუნდა, მაგრამ აუჩქარებლად და წყნარად მიპასუხა:
-შეიძლება ჰო, შეიძლება არა...
   შემდეგ მაიორს მიმართა, გატენილია თუ არა დამბაჩაო. შეშფოთების  გამო მაიორს კარგად როდი ახსოვდა.
-გეყოფა, ვულიჩ!..  - დაიძახა ვიღაცამ. - ალბათ, გატენილია, რაკი თავში ეკიდა; რას ხუმრობ !..
-უგუნური ცუმრობაა,- დაუმატა ვღაცამ.
-ორმოცდაათ მანეთს ვდებ ხუთის წინააღმდეგ, რომ დამბაჩა გატენილი არაა ! - დაიძახა მესამემ.
ახალი სანაძლეოები დაიდო.
   მე მომწყინდა ეს გრძელი ცერემონია.
-ყური დამიგდეთ, - ვუთხარი მე: - ან თავში ტყვია დაიხალეთ, ან დამბაჩა თავის ადგილას ჩამოჰკიდეთ , და დასაძინებლად წავიდეთ.
-რასაკვირველია, - წამოიძახა მრავალმა დამსწრემ, - დასაძინებლად წავიდეთ!
-ბატონებო, მე თქვენ გთხოვთ, ადგილიდან არ დაიძრათ! - თქვა ვულიჩმა და დამბაჩა შუბლზე მიიდო.
  ყველანი თითქოს გაქვავდნენ.
-ბატონო პეჩორინ, - დაუმატა მან, - ერთი კარტი აიღეთ და ზევით ააგდეთ.
  მე მაგალითად, როგორც ახლა მახსოვს, გულის ტუზი ავიღე და ზევით შევაგდე; ყველა სულგაკმენდილი იჯდა; ყველა შიშითა და რაღაც გაურკვეველი ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებს აცეცებდა დამბაჩიდან საბედისწერო ტუზისკენ, რომელიც ჰაერში თრთოდა და ნელა ეშვებოდა ძირს; როგორც კი მაგიდა შეეხო, ვულიჩმა ჩახმახის ფეხი გამოსწია...დამბაჩა არ გავარდა!
-მადლობა ღმერთს ! - წამოიძახა ბევრმა ჩვენგანმა, - გატენილი არ ყოფილა .
-მაინც ვნახოთ, - თქვა ვულიჩმა. ხელახლა ჩახმახი ფეხზე შეაყენა და დაუმიზნა ქუდს, რომელიც ფანჯრის თავზე იყო დაკიდებული; დამბაჩა გავარდა - კვალმა ოთახი აავსო; როცა ის გაიფანტა, ქუდი ჩამოიღეს: შუაში იყო გახვრეტილი, ხოლო ტყვია ღრმად ჩამჯდარიყო კედელში.
  სამი წუთის განმავლობაში ვერავინ კრინტი ვერ დასძრა; ვულიჩმა წყნარად ჩაყარა თავის ქისაში ჩემი ოქრო.
  გაიმართა სჯა-ბაასი იმაზე, რად არ გავარდა პირველა დამბაჩა: ზოგი ამტკიცებდა, ფალია ალბათ, დანაგვიანებული იყოო; სხვები ჩურჩულებდნენ, პირველად თოფისწამალი ნესტიანი იყო, ხოლო შემდეგ ვულიჩმა ახალი დააყარაო; მაგრამ მე ვთქვი, ეს ეჭვი უსამართლოა, იმიტომ რომ მე თვალი არ მომიშორებია დამბაჩისთვის - მეთქი .
-თქვენ ბედი გაქვთ თამაშში, - ვუთხარი მე ვულიჩს..
-პირველად ჩემს სიცოცხლეში, - მიპასუხა მან და თვითკმაყოფილებით გაიღიმა, - ეს სჯობს ბანკსა და შტოსს.
-სამაგიეროდ, ცოტათი უფრო სახიფათოა.
-მაშ, ახლა გწამთ ბედისწერა?
-მწამს, მხოლოდ ახლა არ მესმის, რად მეგონა, თითქოს დღეს აუცილებლად უნდა მომკვდარიყავით..
  იგივე კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინათ ასე მშვიდად იმიზნებდა შუბლში, ახლა უცებ აენთო და შეშფოთდა.
-კმარა ! - თქვა მან და წამოდგა, - ჩვენი სანაძლეო დასრულდა და ახლა თქვენი შენიშვნები უადგილოდ მიმაჩნია ...
  ქუდი აიღო და გავიდა. ეს მე უცნაურად მეჩვენა, და არა ტყუილუბრალოდ.
  ჩქარა ყველანი წავიდ-წამოვიდნენ;  ყველანი  სხვადასხვანაირად მსჯელობდნენ ვულიჩის ახირებაზე და, ალბათ, ერთხმად ეგოისტს მიწოდებდნენ, იმიტომ, რომ სანაძლეო დავდე ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც ტყვიით თავის მოკვლა უნდოდა; თითქოს მას უჩემოდ არ შეეძლო მარჯვე შემთხვევის პოვნა .
  მე შინ ვბრუნდებოდი სტანიცის ცარიელი მისახვევ-მოსახვევებით; სახლების კბილოვან ჰორიზონტზე მთვარე გამოჩნდა, სავსე და ხანძარივით წითელი; ვარსკვლავები მშვიდად ციმციმებდნენ მუქ ლურჯ გუმბათზე და მე გამეცინა, როცა გამახსენდა, რომ ოდესღაც არსებობდნენ ბრძენთა ბრძენი ადამიანები, რომელნიც ფიქრობდნენ, ცის მნათობები მონაწილეობას ღებულობენ ჩვენს უმნიშვნელო ბრძოლებში მიწის ნაჭრისა ან რაღაც მოგონილი უფლებებისთვისო. და რა ხდებოდა? ეს კანდელები, რომელიც, მათი აზრით, მხოლოდ იმისთვის ენთო, რომ მათი ბრძოლები და გამარჯვებები გაენათებინა, წინანდებურად ბრყინავს, მათი გულისთქმები და იმედები კი დიდი ხანია მათთან ერთად ჩაქრა, როგორც ქრება ტყის პირად ანთებული ცეცხლი უზრუნველი მგზავრების მიერ. მაგრამ, სამაგიეროდ, რა ნებისყოფის ძალას ანიჭებდა მათ რწმენა, რომ მთელი ზეცა, თავისი ურიცხვი მცხოვრებით, ჩვენ გვიცქერის მუნჯი, მაგრამ უცვლელი თანაგრძნობით!.. ჩვენ კი, მათს ბეჩავ ჩამომავალთ, რომელნიც მიწაზე დავხეტიალობთ, რწმენასა და სიამაყეს მოკლებულნი, სიამოვნებისა და შიშისგან განძარცვულნი, გარდა იმ უნებური შიშისა, რომელიც გულს კუმშავს იმ აზრის გახსენებაზე, რომ აუცილებელი დასასრული მოგველის, ჩვენ ნიჭი აღარ შეგვწევს დიადი მსხვერპლის ბედნიერებისთვის; ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ეს ბედნიერება შეუძლებელია: ჩვენ გულგრილად გადავდიავრთ ეჭვიდან ეჭვზე ისე, როგორც ჩვენი წინაპრები ერთი შეცდომიდან მეორეზე გადადიოდნენ, მაგრამ ჩვენ აღარ გვაქვს არც მათი იმედი, არც თვით ის გაურკვეველი, თუმცა ძლიერი სიამოვნება, რომელსაც სული ყოველ ბრძოლაში პოულობს ადამიანებისა და ბედისწერის წწინააღმდეგ..
  და მრავალი ასეღი ფიქრი მომდიოდა თავში; მე მათ არ ვაკავებდი, იმიტომ, რომ არ მიყვარს რაიმე განყენებულ აზრზე გაჩერება; ან რა საჭიროა ეს? ჭაბუკურ ასაკში მე მეოცნებე ვიყავი ; მე მიყვარდა მორიგეობით ხან მჭმუნვარე, ხან ფერად-ფერადი ოცნებების ალერსი. ამ ოცნებებს მე მოუსვენარი და ხარბი ფანტაზია მიხატავდა. მაგრამ რა დამრჩა აქედან? მხოლოდ დაღლილობა, თითქოს ღამის ბრძოლა მქონდეს მოჩვენებასთან, და ბუნდოანი მოგონება აღსავსე სინანულით. ამ ამაო ბრძოლაში დავხარჯე სულის სიცოცხლეც და ნებისყოფის შეუდრეკელობაც, რომელიც აუცილებლად საჭიროა ნამდვილი ცხოვრებისათვის; ამ ცხოვრებაში ფეხი შევდგი მას შემდეგ, რაც ის უკვე აზრით მქონდა განცდილი, და ის მოსაწყენად და საძაგლად მეჩვენა, როგორც ადამიანს, რომელიც კარგად ნაცნობი წიგნის უხეირო მინაბაძს კითხულობს .
  ამ საღამოს მომხდარმა ამბავმა ჩემზე საკმაოდ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა და ნერვები გამიღიზიანა. არ ვიცი ნამდვილად, მწამს ამჟამად ბედისწერა თუ არა, მაგრამ იმ ღამეს მტკიცედ მწამდა: დამამტკიცებელი საბუთი განსაცვიფრებელი იყო, და მიუხედავად იმისა, რომ მე დავცინე ჩვენს წინაპრებსა და მათს მასიამოვნებელ ასტროლოგიას, ძალაუნებურად მათვე კალაპოტში მოვექეცი; მაგრამ ჩემი თავი დროზე შევაჩერე ამ სახიფათო გზაზე და რადგან წესად მქონდა, არაფერი არ უარმეყო გადაჭრით და არაფერი არ მერწმუნა ბრმად, მეტაფიზიკა გვერდზე გადავისროლე და ფეხქვეშ დავიწყე ცქერა. ასეთი სიფრთხილე სწორედ რომ საჭირო იყო: ფეხი წავკარი რაღაც მსხვილსა და რბილს, მაგრამ, როგორც ეტყობოდა, არა ცოცხალს, და კინაღამ დავეცი. დავიხარე (მთვარე უკვე პირდაპირ გზას ანათებდა) და რა დავინახე ! ჩემს წინ ღორი ეგდო, ხმლით შუაზე გადაჭრილი... ძლივს მოვასწარი ამის დანახვა, რომ ნაბიჯების ხმა გავიგონე: შუკიდან ორი კაზაკი გამორბოდა; ერთი მომიახლოდა და შემეკითხა, ხომ არ დაგინახავთ მთვრალი კაზაკი, რომელიც ღორს მისდევდაო. მე მას ვუპასუხე, კაზაკი არ შემხვედრია - მეთქი, და მისი შმაგი მამაცობის მსხვერპლი დავანახე.
-უყურე იმ ავაზაკს ! - თქვა მეორე კაზაკმა, - როგორც კი ღვინოს დალევს, დაიწყებს ყველაფრის კეპვას, რაც კი გზად შეხვდება. გამოვუდგეთ, ერემეიჩ; უნდა შევკრათ, თორემ..
  ისინი გამშორდნენ, მე კი გზა განვაგრძე დიდი სიფრთხილით და ბოლოს ბედნიერად მივაღწიე ჩემს ბინას.
  მე ვცხოვრობდი ერთი ბებერი ურიადნიკისას, რომელიც მიყვარდა მისი კეთილი ზნისა, განსაკუთრებით, მისი ლამაზი ქალიშვილის ნასტიას გულისთვის.
  როგორც ყოველთვის, ისე ახლაც, ქალი ჭიშკართან მიცდიდა, ქურქში გახვეული; მთვარე ანათებდა მის სანდომიან ტუჩებს, გალურჯებულს ღამის სიცივისგან. დანახვისთანავე გამიღიმა. მაგრამ მე მისთვის არ მეცალა. მშვიდობით, ნასტია !  - ვუთხარი მე, როცა გვერდით ჩავუარე. მას უნდოდა რაღაც ეპასუხა, მაგრამ მხოლოდ ამოიოხრა .
  ჩემი ოთახის კარი მოვიხურე. სანთელი ავანთე და ლოგინზე დავვარდი; მაგრამ ამჟამად ძილი ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს არ მომეკიდა. აღმოსავლეთით უკვე ინათა, როცა დამეძინა, მაგრამ, როგორც ეტყობოდა, ამ ღამით გამოძინება არ მეწერა. დილის ოთხ საათზე ორმა მუშტმა ფანჯარაზე დამიბრახუნა. მე წამოვხტი: რა მოხდა?.. ‘’ადექი, ტანთ ჩაიცვი!’’. - მიძახოდა რამდენიმე ხმა. მე საჩქაროდ ჩავიცვი და გარეთ გავედი. ‘’იცი, რა მოხდა?’’ - მითხრა ერთხმად სამმა ოფიცერმა, რომელნიც ჩემთან მოსულიყვნენ: მათ მკვდრისფერი ედოთ.
-რა?
-ვულიჩი მოუკლავთ!
მე გავქვავდი.
-ჰო, მოკლულია, -გაიმეორეს მათ, - ჩქარა წავიდეთ !
-სად წავიდეთ!
-ზაში გაიგებ.
  წავედით. მათ მიამბეს ყველაფერი, რაც მომხდარიყო, სხვადასხვა შენიშვნის დამატებით უცნაური ბედისწერის შესახებს, რომელმაც ის სიკვდილს გადაარჩინა ნახევარი საათის წინათ სიკვდილამდე. ვულიჩი თურმე მარტო მიდიოდა ბნელ ქუჩაში; მას ის მთვრალი კაზაკი შეჩეხებოდა, რომელმაც ღორი აბალთა, და შეიძლებოდა მა გვერდით გაევლო და ჩულიჩი არც კი შეემჩნია, რომ უკანასკნელი უცებ არ გაჩერებულიყო და არ ეთქვა: ‘’ვის ეძებ, ძმობილო?’’ – ‘’შენ!’’ - ეპასუხა კაზაკს, ხმალი შემოერტყა და გაეჩეხა მხრიდან დაწყებული თითქმის გულამდე.. ორ კაზაკს, რომელნიც მე შემხვდნენ და მკვლელს გამოუდგნენ, მიესწრო, ხელში აეყვანათ დაკოდილი, მაგრამ ის უკვე სულს ლევდა თურმე; მხოლოდ ორი სიტყვა ეთქვა; ‘’ის მართალია!’’ - მხოლოდ მე მესმოდა ამ სიტყვების ბნელი მნიშვნელობა: ისინი მე შემეხებოდნენ; მე იმ უბედურს ჩემდა უნებურად ვუწინასწარმეტყველე მისი ბედი; ინსტიქტმა არ მიღალატა: მე სწორად ამოვიკითხე მის შეცვლილ სახეზე მოახლოებული სიკვდილის ბეჭედი.
  მკვლელი ცარიელ ქოხში ჩაკეტილიყო, ცტანცის ბოლოში: ჩვენ იქით მივდიოდით. მრავალი დედაკაცი მირბოდა იქით ტირილით; დროგამოშვებით რომელიმე ჩამორჩენილი კაზაკი გამორბოდა ქუჩაში, საჩქაროდ ხანჯალს ირტყამდა წელზე და სირბილით წინ გვისწრებდა. საშინელი ჩოჩქოლი იდგა.
  აი, ბოლოს მივაღწიეთ; ვხედავთ, ქოხის გარშემო, რომლის კარები და დარაბები შიგნიდანაა დაკეტილი, ბრბო დგას. ოფიცრები და კაზაკები გაცხარებით მსჯელობდნენ; ქალები მოსთქვამდნენ და ღრიალებდნენ. მათ შორის თვალში მეცა ერთი დედაბრის მნიშვნელოვანი სახე, რომელიც შეშლილის სასოწარკვეთილებას გამოხატავდა. ის მსხვილ მორზე იჯდა მუხლებზე დაყრდნობილი, ხოლო თავი ხელებზე დაედო: ეს იყო მკვლელის დედა. მისი ტუჩები დროგამოშვებით მოძრაობდა.. ლოცვას ბუტბუტებდა თუ წყევლას?
  საჭირო იყო რამის გადაწყვეტა და დამნაშავის დაჭერა. მაგრამ ვერავინ ვერ ბედავდა, პირველი სცემოდა.
  მე ფანჯარასთან მივედი და დარაბის ჭუჭრუტანაში შევიხედე: ის იატაკზე იწვა ფერწასული და მარჯვენა ხელში დამბაჩა ეჭირა; გვერდით სისხლიანი ხმალი ედო. საშინელი იყო მისი მეტყველი თვალების ბრიალი; ხანდახან შეთრთოლდებოდა და თავზე ხელს იტაცებდა ხოლმე, თითქოს ბუნდოვნად იხსენებდა წუხანდელ ამბავს. მე მაინცდამაინც დიდი შეუდრეკლობა ვერ ამოვიკითხე მის მოუსვენარ გამოხედვაში და მაიორს ვუთხარი, ტყუილუბრალოდ იცდით და არ უბრძანებთ, კარი შეამტვრიონ და კაზაკები შეცვივდნენ, ვინაიდან სჯობს ეს ახლა გააკეთოთ, ვიდრე შემდეგ, როცა ის სავსებით გონს მოვა-მეთქი.
  ამ დროს კართან მოხუცი იასაული მივიდა და სახელი დაუძახა; მან უპასუხა.
-შესცოდე, ძმაო ეფიმიჩ, - უთხრა იასაულმა, - ვერას გახდები, დამორჩილდი!
-არ დავმორჩილდები! - უპასუხა კაზაკმა.
-ღმერთს შეხედე. შენ ხომ შეჩვენებული ჩეჩენი არ ხარ, შენ პატიოსანი ქრისტიანი ხარ. თუ   ცოდვამ გზა აგიბნია, რა გაეწყობა: შენს ბედისწერას ვერ გადაუხვალ !
-არ დავმორჩილდები ! - წამოიძახა კაზაკმა მრისხანედ და მოისმა, როგორ აჩხარუნდა ფეხზე შეყენებული ჩახმახი.
-ჰეი, ძალუავ ! - უთხრა იასაულმა დედაბერს, - მოელაპარაკე შენს შვილს; ვინძლო გაგიგონოს.. ეს მხოლოდ ღვთის განრისხებაა და მეტი არაფერი. შეხედე, ეს ბატონებიც ორი საათია უცდიან.
  დედაბერმა თვალები მიაშტერა და თავი გაიქნია.
-ვასილი პეტროვიჩ,  - თქვა იასაულმა და მაიორთან მივიდა, - ის არ დაგვნებდა - მე მას ვიცნობ; ხოლო თუ კარი შევამტვირეთ, ბევრ ჩვენგანს დახოცავს. ხომ არ გვიბრძანებთ, ტყვია ვესროლოთ? დარაბაში ფართო ჭუჭრუტანაა.
  ამ დროს თავში უცნაურმა აზრმა გამიელვა: ვულიჩის მსგავსად ბედის გამოცნობა განვიზრახე.
-დაიცადეთ, - ვუთხარი მაიორს, - მე მას ცოცხალს დავიჭერ.
  იასაულს ვუბრძანე, ლაპარაკი გააბი მასთან - მეთქი, ბოლო კართან სამი კაზაკი დავაყენე; მათ ის უნდა შეემტვრიათ და ჩემი ნიშნის მიცემისთანავე მომშველებოდნენ, მე კი ქოხს უკან მოვუარე და საბედისწერო ფანჯარას მივუახლოვდი; გული აჩქარებით მიცემდა.
-აჰ, შე წყეულო ! - შესძახა იასაულმა,  - დაგცინი თუ? ან შეიძლება ფიქრობ, რომ ვერ მოგერევით? - მან კარის ბრახუნი დაიწყო მთელი ძალღონით; მე ჭუჭრუტანას მივადექი და თვალყურის დევნება დავუწყე კაზაკს, რომელიც ამ მხრიდან არ ელოდა თავდასხმას; უცებ დარაბა მოვგლიჯე და ფანჯარაში გადავვარდი ყირამალა. ტყვიამ ზედ ყურთან გამიზუზუნა და ეპოლეტი მომგლიჯა. მაგრამ კვამლმა, რომელმაც ოთახი აავსო, ჩემს მოწინააღმდეგეს ხელი შეუშალა მის გვერდით მდებარე ხმალი ეპოვა. მე ხელებში ჩავეჭიდე; კაზაკები შემოცვივდნენ და არ გაუვლია სამ წუთს, რომ ბოროტმოქმედი უკვე გაბაწრული და მცველებშემორტყმული იყო. ხალხი გაიფანტა, ოფიცრებმა მომილოცეს და, მართლაც, მოსალოცი იყო.
 ამის შემდეგ თითქოს კაცი როგორ არ უნდა გახდეს ფატალისტი? მაგრამ ვინ იცის დანამდვილებით,  დარწმუნებულია თუ არა ის რამეში?.. და რა ხშირად ვღებულობთ ჩვენ რწმენად იმას, რაც მხოლოდ გრძნობათა მოტყუება ან განსჯის ცდომილებაა.. მე მიყვარს ყველაფერში ეჭვის შეტანა: ეს განწყობილება ხელს არ უშლის ხასიათის გაბედულებას; პირიქით, რაც შემეხება მე, ყოველთვის უფრო გაბედულად მივდივარ წინ, როცა არ ვიცი, რა მელის. სიკვდილზე უარესი ხომ არაფერი მოხდება, სიკვდილს კი ვერ ასცდები .
  როცა ციხეში დავბრუნდი, მაქსიმ მაქსიმიჩს ვუამბე ყოველივე, რაც თავს გადამხდა და რის მოწმეც გავხდი: მინდოდა მისი აზრი გამეგო ბედისწერის შესახებ. მან თავდაპირველად ვერ გაიგო ეს სიტყვა, მაგრამ მე ავუხსენი შეძლებისდაგვარად: მაშინ მნიშვნელოვნად თავი გააქნია და თქვა:
-დიახ, რასაკვირველია. ეს საკმაოდ თავსატეხი რამაა.. ესეცაა, რომ აზიური ჩახმახი ხშირად ცუდდება, თუ კარგად არ არის გაპოხილი ან თუ თითი მაგრად არ დააჭირე. მართალი გითხრათ, არ მიყვარს, აგრეთვე, ჩერქეზული შაშხანა; რაღაც შეუფერებელია ჩვენი კაცისთვის: კონდახი პატარა აქვს, - თუ არ გაფრთხილდი, ცხვირს წაგწვავს... სამაგიეროდ, ისეთი ხმლები აქვთ, რომ უკეთესი აღარ შეიძლება.
  ცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ დაუმატა:
-მებრალება საწყალი... რა ეშმაკმა აიძულა, მთვრალ კაცს გამოლაპარაკებოდა ღამით... ალბათ, ასეთი იყო მისი წერა.
 მეტი ვერაფერი გამოვტყუე: მას, საზოგადოდ, არ უყვარს მეტაფიზიკური კამათი.

??????