მჭედელი
მდჭედელი ყველაზე მაღალი კაცი იყო მთელ იმ მხარეში, ყველაზე ფართო მხარბეჭი ჰქონდა, - ყველაზე მაგარი კუნთები; სამჭედლოს მტვრითა და ჭვირტლით ერთთავად გამურულ თავს გრუზა თმა უფარავდა, პირისახეს კი ფოლადით ალაპლაპებული, დიდრონი, ბავშვური თვალები უსხივოსნებდა. თუ გაიცინებდა - პირი უსათუოდ ყურებამდე უნდა გახეოდა და ამ სიცილსაც უფრო როხროხი ეთქმოდა; ძლიერი სუნთქვა სამჭედლოს საბერველიდან მხიარული შიშინით ამოვარდნილ ჰაერის ნაკადს ედრებოდა და ამ დროს ხელებსაც თუ მაღლა აისვრიდა, იმ ჩვეულების ძალით გრდემლთან ჭიდილმა რომ გამოუმუშავა. იმასაც იოლად წარმოიდგენთ, თუ როგორ თამაშ-თამაშით უნდა დაუფლებოდა ეს ორმოცდაათი წლის კაცი ‘’უკარებას’’ - ოცდახუთგირვანქიან უროს, მთელ ოლქში ვერც ერთი მჭედელი რომ ვერ ეკარებოდა მის გარდა.
ერთი წელი გავატარე მჭედელთან. ეს იყო ჩემი გამობრუნების წლიწადი. ერთ დღეს თავგზააბნეული, გულამღვრეული და აფორიაქებული გამოვედი შინიდან და გავსწიე, საითაც თვალი მიმიწვდებოდა.. მყუდრო თავშესაფარს ვეძებდი, მინდოდა სულიერი სიმშვიდე მომეპოპვებინა, საქმისათვის გული დამედო და სიცოცხლის უნარი აღმედგინა. საღამო ხანი იყო. ერთი სოფლის განაპირად, გზაჯვარედინთან, განმარტოებით მდგარი გაჩახჩახებული სამჭედლო დავინახე. ყურთამდე გამოღებული რკინის კარებიდან გამოვარდნილი ალი თითქოს ერთიანად შთანთქმას უპირებდა იქაურობას, გზის გასწვრივ, რუის პირზე ჩამწკრივებული ჩინარებიც კი ჩირაღდნებივით ბოლავდნენ. საღამოს ბინდ-ბუნდში შორს, ნახევარი ლიეს მანძილიდან ისმოდა უროს ცემის ხმა. კაცი იფიქრებდი, რკინის ლაშქარი დაძრულა და ჭენებით მიახლოვდებაო. აი, სწორედ ამ ყურთამდე გაღებულმა რკინის კარებმა, შუქმა, იქიდან რომ გამოდიოდა, ამ ზათქმა და გრიალმა მიმიყვანა მე იქ; თითქოს კიდეც დავმშვიდდი, ანაზდად ბედნიერების შეგრძნება დამეუფლა ამ შრომის შემყურეს, ადამიანის ხელების შემყურეს, ხელეიბისა, გავარვარებულ რკინას რომ იმორჩილებდნენ.
პირველად მაშინ, შემოდგომის იმ მშვენიერ საღამოს ვნახე მჭედელი. საკინძეგაღეღილს მძლავრი მჯერდი მოუჩანდა, ყოველი ამოსუნთქვა მკერდს კიდევ უფრო უფართოებდა, ნაწრთობი ფოლადის სალტეში ჩამჯდარი გეგონებოდათ მისი მკერდი. ჯერ მთელი ტანით უკან გადაიზნიქებოდა, ერთი შეათვალიერებდა უროს ხელში , კარგად მოუმარჯვებდა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დასცემდა გრდემლს. და ასე გაუთავებლად.. მოძრაობდა მსუბუქად, კუნთებიც - თითქოსდა აქაც არაფერიაო - დაიბერებოდნენ. უროს თვალსაც ვერ შეასწრებდით - დაჰკვესავდა ერთს და ისევ ისე ჰაერში იყო, თან გრდემლზე ცემისაგან აყრილ ნაპერწკლებს იყოლიებდა. ეს სწორედ ის ‘’უკარება’’ გახლდათ, მის გარდა რომ ვერავინ აცეკვებდა მთელს ოლქში. მჭედელის ვაჟი, ოცი წლის ვირგლა ბიჭი ცალი ხელით გავარვარებულ რკინას ამაგრებდა მარწუხით, მეორეთი კი ჩაქუჩს სცემდა გამალებული, რათა მამამისის ხელში როკვის ჟინით ატაცებული ვნება ოდნავ მაინც დაეცხრო. ტოკ, ტოკ, ტოკ, ტოკ ! - ეს იმას ჰგავდა, დედა რომ ახალფეხადგმულ ბავშვს წააქეზებს და თან თვალი უჭირავს, არაფერი მოიწიოსო. ‘’უკარება’’ კი თითქოსდა არაფერიაო, ცეკვავდა, ბრწყინავდა კიბის კილიტებით და ძელაკზე ქუსლების ნაკვალევს ტოვებდა; მის თითოეულ ნახტომზე უფრო ფა უფრო მკაფიოდ ისახებოდა სახნისის მოხაზულობა. სისხლისფერი ალი მიწაზე იშლებოდა და ორ ჯმუხ ვაჟკაცს აშუქებდა. მათი უზარმაზარი ჩრდილები მთელ სამჭედლოს გასწვდომოდა და ბნელ კუთხეში იკარგებოდა. დროდადრო ალი ნელდებოდა და მჭედელიც ჩერდებოდა. იგი ჩაქუჩის სახელურზე დაყრდნობილი იდგა და, ერთიანად გამურული, დანამულ შუბლსაც კი არ იწმენდდა. მძიმედ სუნთქავდა. მის სუნთქვას საბერველის შიშინი აძლევდა ბანს.
იმ ღამეს მჭედელთან დავრჩი, სხვაგან აღარ წავსულვარ. თვითონ შემომთავაზა თავისუფალი ოთახი სამჭედლოს თავზე და მეც სიამოვნებით დავთანხმდიი. დილდილობით მასპინძლის მხიარული ხარხარი მაღვიძებდა, მთელ სახლს რომ აზანზარებდა, და დაღამებამდე ეს გაშმაგებული მხიარულება ასულდგმულებდა.
უნებლიეთ მეც ჩემი მასპინძლის საქმიანობაში ვებმებოდი. ჩემს ქვემოთ ჩაქუჩები ცეკვავდა, ‘’უკარება’’ მეც წამომაგდებდა ხოლმე ლოგინიდან, თითქოს ჭერში მიბრახუნებდა და სიზარმაცეში მდებდა ბრალს.
ჩემს ოთახს, რომლის ავლა-დიდებას ერთი დიდი კარადა, ხის მაგიდა და ორი სკამი შეადგენდა, -ერთთავად ჭრიალი გაუდიოდა და ესეც ადგომას მაჩქარებდა. რა გაეწყობოდა, ვდგებოდი და ქვევით ჩავდიოდი, სადაც უკვე საბერვლის კვამლის მეწამული ბოლქვებით ავარვარებული სამჭედლო მხვდებოდა.
ამასობაში მჭედელი დილის სამუშაოსათვის ემზადებოდა. იგი კუთხეში რკინებს აწყობდა, გუთნებს აბრუნებდა, ბორბლებს ამოწმებდა. როდესაც დამინახავდა, ეს ღირსეული მშრომელი ადამიანი დოინჯს შემოიყრიდა და, ყურებამდე პირგახეული, სიცილს იწყებდა. დილის ხუთ საათზე საწოლიდან რომ წამომაგდებდა, მისთვის ეს სასეირო ამბავი უფრო იყო. ვფიქრობ, მჭედელი დილით განგებ ურტყამდა გრდემლზე უროს, რომ უზარმაზარი ჩაქუჩის ხმაურით ჩემთვის ადგომა ეუწყებინა. იგი მხარზე მადებდა თავის გოლიათურ ხელებს, იხრებოდა, თითქოსდა ბავშვს ელაპარაკებაო, და მეუბნებოდა: ‘’უკეთ ხარ და ყოჩაღად გამოიყურები მას შემდეგ, რაც ჩემს სამჭედლოში ცხოვრობო’’. შუადღისას აყირავებული ძველი ურმის თვალზე ვხსდებოდით და თეთრ ღვინოს შევექცეოდით.
ზოგჯერ, განსაკუთრებით ზამთარში, წვიმიან ამინდში, მთელ დღეებს სამჭედლოში ვატარებდი.. გამიტაცა სამუშაობ: მჭედლის ეს გამუდმებული ბრძოლა დაუყოლიებელ რკინასთან ძლიერი დრამის მსგავსად მიზიდავდა, თვალს ვადევნებდი ლითონის ყოველგვარ გარდაქმნას, გავარვარებულ ქურაზე მისი გამოჩენიდან დაწყებული, და ყოველთვის განცვიფრებული ვიყავი გამარჯვებული შრომის სანახაობით, მუშიც ძალღონით, რკინას რომ აიძულებდა დაგრეხილიყო, გაჭიმულიყო, ცვილივით დახვეულიყო; როდესაც სამუშაო დამთავრდებოდა, მის წინაშე ცუცქით დამჯდარი, ვეღარა ვცნობდი წინა საღამოს უფორმო ლითონის მონაკვეთს. ვამოწმებდი ნაჭრებს, მეჩვენებოდა, რომ ყველა ნაწილმა თავისი ფორმა მიიღო არა ცეცხლის და ჩაქუჩის საშუალებით, არამედ განსაკუთრებული სიძლიერის ხელების მეშვეობით.
და ამ წუთებში ჩემდა უნებურად ვიღიმოდი, ერთ ახალგაზრდა ქალწულს ვიგონდებდი, ოდესღაც ჩემი ფანჯრის პირდაპირ თითებით თითბრის წვრილ ღეროზე აბრეშუმის ძაფის ხელოვნურ იებს ამაგრებდა.
მჭედელი დაღლილობის გამო, არასოდეს თავის ბედს არ უჩიოდა. მე მინახავს იგი, დღეში თოთხმეტი საათი რკინის ჭედვის შემდეგ საღამოს, კმაყოფილი იერით მომღიმარი, ხელებს რომ იფშვნეტდა. არასოდეს არ იყო მოწყენილი, არასოდეს არ იყო დაღლილი. მას შეეძლო მხრებზე გაედო სახლი, თუ საჭირო იქნებოდა. ამბობდა - ზამთრობით სამჭედლოში კარგი სამყოფიაო. ზაფხულში კი მთლიანად აღებდა კარს და შიგ უშვებდა თივის სუნს. ზაფხული რომ დადგებოდა, შებინდებისას მის გვერდით კარის ზღურბლზე ვჯდებოდი. სამჭედლო გორაკზე იყო მოთავსებული და იქიდან მთელი ხეობა მოჩანდა. იგი ბედნიერი იყო ამ ნახნავ-ნათესი მინდვრების თვალუწვდენელი ხალიჩის ცქერით, ცის დასალიერთან კაშკაში სოსანისფერ მწუხრში რომ იკარგებოდა.
მჭედელი ხშირად ხუმრობდა. ამბობდა: მთელი ეს მიწები მე მეკუთვნისო. სამჭედლო ორას წელზე მეტია, რაც მთელ სოფელს გუთნებით ამარაგებდა. ეს მისთვის საამაყო საქმე იყო. არც ერთი მოსავალი არ აუღიათ მის გარეშე. და თუ მაისში ყანა ხავერდოვნად ბიბინებდა, ივლისში კი ოქროსფერი აბრეშუმივით შრიალებდა, ვისი მადლიერი უნდა ყოფილიყო სოფელი, თუ არა მჭედლისა, რომელმაც ეს სასწაული მოახდინა? მას ღვიძლი შვილივით უყვარდა ჯეჯილი და მოსავალი. აღფრთოვანებული იყო, როცა მათ მზე მცხუნვარე სხივებით დაჰკაშკაშებდა და ცას მუშტებს უღერებდა, თუ სეტყვის მაუწყებელი ღრუბლები მოსავალს დაემუქრებოდა. ხშირად მიჩვენებდა შვრიისა და ჭვავის ნათესებს, შორიდან მისი კურტაკის კალთის ოდენა რომ მოჩანდა, და მიამბობდა: ‘’ამა და ამ წელს გამოვჭედეო გუთანი ამა და ამ ყანის პატრონისთვისო’’. საგაზაფხულო ალოობისას ზოგჯერ მიატოვებდა ჩაქუჩს, მიდიოდა გზის პირად, თვალებს ხელის გულით მოიჩრდილავდა და შორიდან თვალს ადევნებდა, თუ როგორ ღრღნიდა ნიადაგს მისი გამოჭედილი მრავალრიცხოვანი გუთნების ოჯახი, როგორ გაჰქონდა კვალი სახსინებს პირდაპირ, მარცხნივ, მარჯვნივ. ყანა სავსე იყო გუთნებითა და ფარცხებით, ლაშქრად მიმავალი ჯარის მსგავსად მწყობრად, რომ მიიწევდნენ წინ. ვერცხლივით ბრწყინავდა მზეზე სახნისები და მჭედელი ამ დროს ხელებაწეული მიხმობდა, მეძახდა, რომ დამენახა, თუ როგორ ყოჩაღად მუშაობდნენ ისინი.
სამჭედლოს ხმაური სხეულში სიმტკიცეს მმატებდა. ეს ჩემთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე აფთიაქის რა გინდა რა წამალი. შევეჩვიე ამ ხმაურს, მე ახლა სწორედ ეს მუსიკა მჭირდებოდა. იგი ჩემი სიცოცხლის აუცილებელ ნაწილად იქცა. საბერველების გუგუნით გამოცოცხლებულმა, ჩემს საბრალო ოთახში დავიბრუნე სულიერი წონასწორობა და თავს მოვეგე. ტოკ-ტოკ, ტოკ-ტოკ, - ისმოდა ქვევიდან და ეს მხიარული ქანქარა იყო, ჩემს სამუშაო საათებს რომ აწესრიგებდა. განსაკუთრებით მძიმე სამუშაოს დროს გაჯიქდებოდა მჭედელი, გააფთრებით მუშაობდა და, როდესა გავარვარებული რკინა ხმას გამოსცემდა გაცოფებული ჩაქუჩის ცემისგან, მაშინ მეც ხელები მეწვოდა, მჭედლის აღმაფრენა მეუფლებოდა და მეჩვენებოდა, რომ ჩემი კალმის ერთი მოსმით მთელ დედამიწას გადავჭედავდით. საღამოს, როდესაც სამჭედლო მიწყნარდებოდა, სიჩუმე დაისადგურებდა ჩემს არსებაშიც. ქვევით ჩავიდოდი და მრცხვენოდა ჩემი იოლი სამუშაოსი, მთელი ამ ლითონის გროვას დამარცხებულს და ჯერ კიდევ მბოლავს რომ ვხედავდი.
ოჰ ! რა საუცხოო სანახვი იყო მჭედელი, როცა ნაშუადღევს პაპანაქებაში წელამდე გაშიშვლებული იდგა და, დაძაბულობისგან კუნთებამობურცული, მიქელანჯელოს ერთ-ერთ ქმნილებას ჰგავდა. მას რომ ვუმზერდი, ვხედავდი იმ ახალ ხაზს, ჩვენი მოქანდაკენი ამაოდ რომ ეძებენ საბერძნეთის ‘’მკვდარ ქანდაკებაში’’. მე იგი მეჩვენებოდა შრომისგან გამობრძმედილ გმირად, ჩვენი საუკუნის პირმშოდ, გრდემლზე ცეცხლიდა და რკინის დამაყრუებელ ხმაურში რომ ჭედავ ხვალინდელ დღეს. იგი თითქოსდა თამაშობდა უზარმაზარი ჩაქუჩით, როცა თავის გართობა უნდოდა, იღებდა ‘’უკარებას’’ და ძლიერი მოქნევით გრდემლზე სცემდა. მაშინ ცხელი ქურისაგან ავარდისფერებული სამჭედლო დამაყრუებელი გრგვინვით ივსებოდა. ამ დროს მეჩვენებოდა, თითქოს მთელი მშრომელი ხალხის გმინვა მესმოდა.
სწორედ აქ, ამ სამჭედლოში სამუდამოს განვიკურზე სიზარმაცისა და იჭვნეულობის სენისგან.
თარგმნა: ნინო ფანჯავიძემ