რილკე რაინერ მარია
გაზიარება

ელეგია (მთარგმნელი ინგოროყვა ნატო) 

მარინა ცვეტაევა-ეფრონს 

ჰოი, სამყაროს სვე, მარინა, ვარსკვლავთა ცვენა! 
არ ღირს სამყაროს ასავსებად თავის გაწირვა, 
ვიღაც შორეულ ვარსკვლავისკენ მზირალი ცერად 
ფეხს წამოიკრავს და სიწმინდეს აღუვლენს წირვას,_ 
რომ სამყაროში ყველაფერი არის თამაში, 
რომ თვით საწყისშიც მხოლოდ თავისთავისკენ ვილტვით, 
და თუმც, არავინ გვეგულება შემწედ ამაში, 
გადაბმულნი ვართ სივრცის დვრილებს მაინც მჭლე ფილტვით. 

ტალღები მარინა , ჩვენ ზღვა ვართ, 
ლივლივი მარინა, ჩვენ ცა ვართ. 
მიწა ვართ , მარინა, მღერა ვართ ტოროლის 
და თუკი ვინმეა, ჩვენცა ვართ, 
წყვდიადში ელვარე ჰოროლით. 
ეს აღტაცება ბავშვური, სინანულს არ ითვალთმაქცებს, 
თუმც ჩვენი სიმძიმე და შური სიმღერას ჩივილად აქცევს. 
ღმერთებიც ითხოვენ დროდადრო შექებას 
და მოწაფეთა მსგავსად, ეს წახალისებაც სულს დაელექება, 
გარჯა არ ჩაგვივლის ნავსად.

ჩვენ ხომ არაფერი გვეკუთვნის, ღმერმანი, 
გინდ სასარგებლო, გინდ საზიანო, 
და ხელისცეცებით დავეძებთ ერთმანეთს, 
მარტოსულობა რომ გვქონდეს საზიარო... 
მსუბუქი ხელები, ნაზი გახელებით, როგორ ეფერება 
დაუკრეფავ ყვავილებს ყელზე, 
ტახტზე უარის თქმისას ვით იღებენ მსხვერპლს მეფეები 
ვნახე კომ-ობოში ნილოსის ნაპირებზე. 
ვეხებით კრძალვით, რაც ნაზია და რაც ლამაზია, 
თითქოს ანგელოზებივით გადასარჩენთა კარებს 
ნიშნით აღვბეჭდავდეთ _ ყველას ეხება: 
სულებს-ავსულებს, გულებს-ავგულებს, ქარებს-ავქარებს 
არ გაბედოთ ავად შეხება! 

ეჰ, მარინა, განდეგილები ვართ როგორი, 
სამუდამოდ გზააბნეულნი ვართ როგორი, 
საუკეთესოს ძებნაში ვტოვებთ ნიშანს და მორჩა. 
და ეს ჩანაფიქრი მორცხვი, რომელიღაც ჩვენგანს რომ ემძიმოს, 
უმალ გავბედავთ, მივიდეთ და ხელი შევახოთ, 

ის კი შურს იძიებს ჩვენზე და დაგვღუპავს. 
მის სასიკვდილო ძალაუფლებას ყველანი ვამჩნევთ. 
ის თავაზით და იშვიათი ძალმოსილებით 
უბრალო მოკვდავთ გვაქცევს იმად, ვინაც 
გაუძლო არყოფნას და სუნთქვას გამორჩა. 
შენ იცი ხშირად ვით მიგვერეკებოდა 
უხილავი ბრძანება განწმენდის სივრცეში.

მიგვერეკებოდა: ჩვენ? ხელახალი დაბადებისათვის. 
ჩვენი წინათგრძნობა კი დახუჭული თვალების წამწამთა ჯარში 
შეკრებდა ადამის მიტოვებულ მოდგმას 
და გადამფრენი ჩიტების გზით ჩვენს ყველა 
მფრინავ გარდასახვას აადევნებდა. 

მათ, ვისაც უყვართ არ უნდა იცოდნენ 
ასე მრავალი რამ დაცემის შესახებ. 
ეჰ, ტაძრის გუმბათიც საფლავის თაღია, 
დაძველდეს, მარინა, საფლავი, იწვოდნენ 
სიბრძნის და განცდების პირველად შეძახილს 
თუ ვერ დაუხვედრეს გულები მათ ღია. 

დრო შეყვარებულებს ვით ლერწმებს გადახრის, 
ჩაუწნავს გვირგვინებს თავღია საფლავში, 
მაისის ნიავი გულისგულს გადახსნის, 
რომ ამაოება სუნთქვაში ჩაფლავდეს. 
(ო, როგორი ახლობელი ხარ მარინა, 
ქალური ყვავილობა აალებულ ბუჩქის... 
მე აქ ვარ ღამის ქარში 

შენ რომ გეხვევა დაზაფრული.) 
ღმერთები თავის მოკატუნებაში 
უხსოვარი დროიდან იყვნენ გაწაფული.

ჩვენ კი ამ ჟამთა სვლაში, ვით მთვარის ორი დისკო, 
ვკისკისებთ თუმცა, ახალმთვარიობისას. დამიჯერე, 
ვერვინ დაგვიბრუნებს მთლიანობას, 
მხოლოდღა ჩვენი ეული ნაბიჯები 
ძილდამფრთხალ დედამიწაზე.

??????