ადამი (მთარგმნელი ინგოროყვა ნატო)
დგას კათედრალთან მდუმარებით, როგორც დიდება,
სარკმელთან ახლოს უცნაური დუმილით მოსილს
დაუფლებია ელდად შიში აპოთეოზის,
მას რომ უბოძა ამაღლება და გარინდება.
უხარია, რომ უცვლელი და მარადიული,
მიამიტურად ჯიუტია, ვითარცა გლეხი.
მან ედემიდან უნებლიედ გადმოდგა ფეხი,
რომლის საწყისი ფიქრშიც კი არ ჰქონდა ხილული.
შეუცნობელი რისკი იყო წასვლა ბაღიდან,
მას ღმერთი მუდამ აფრთხილებდა, რომ შენ მოკვდები,
თუმცა იცოდა, რომ კამათი ღმერთთან დაღლიდა.
ნებას უფლისას გარდასულმა არც კი ინანა,
არ შეეპუა წინაღობას ტირილ-გოდებით
და დაბადება გადაწყვიტა ადამიანმა.