ჰემინგუეი ერნესტ
გაზიარება

პეპელა და ტანკი 

იმ წვიმიან საღამოს ცენზურიდან ვბრუნდებოდი სასტუმრო “ფლორიდაში”. წვიმამ თავი მომაბეზრა და შუა გზაზე ჩიკოტეს ბარში შევედი, რომ ყელი ჩამესველებინა. უკვე მეორე ზამთარი იყო რაც მადრიდს განუწყვეტლივ უშენდნენ ზარბაზნებს. ყველაფერი ილეოდა – თამბაქოც და მოთმინებაც. ადამიანს ყოველ წუთს ჭამა უნდოდა და ახირებულად მოსდიოდა გული იმაზე, რაც მის მორჩილებაში არ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგალითად ამინდზე. უმჯობესი იყო სასტუმროში დავბრუნებულიყავი. სასტუმრომდე სულ რაღაც ხუთიოდე კვარტალი იყო დარჩენილი, მაგრამ ჩიკოტეს ბარის კარი რომ დავინახე გადავწყვიტე, ჯერ ერთი ჭიქა გადამეკრა, მერე კი გამევლო ბომბებით გადათხრილი, ნანგრევებით ჩახერგილი, გრან ვიას ხუთი-ექვსი კვარტლის ატალახებული ქუჩები.
ბარი ხალხით იყო სავსე. დახლთან ვერ მიხვიდოდი. არც ერთი თავისუფალი მაგიდა არ ჩანდა. ყველაფერი თამბაქოს ბოლში იყო გახვეული. ისმოდა არეულ-დარეული სიმღერა. აქ ირეოდნენ სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცები. იდგა სველი ტყავის ქურთუკების სუნი. ერთი ჭიქა სასმელისათვის დახლთან შეჯგუფული ხალხის სამი მწკრივი უნდა გაგერღვია.
ნაცნობმა ოფიციანტმა სადღაც სკამი მიშოვა და მივუჯექი იმ მაგიდას, სადაც გამხდარი, ფერმკრთალი, ყანყრატოგამობურცული გერმანელი იჯდა. რამდენადაც ვიცოდი, ეს გერმანელი ცენზურაში მუშაობდა. მასთან ერთად კიდევ ორი უცნობი იჯდა. ეს მაგიდა თითქმის შუა ოთახში იდგა, შემოსასვლელის მარცხენა მხარეს.
ღრიანცელის გამო საკუთარ ხმასაც ვერ გაიგონებდა კაცი, მაგრამ მაინც შევძელი დამეკვეთა ჯინი და ანგოსტურა, წვიმაში რომ არ გავცივებულიყავი. ბარში ტევა არ იყო. ყველა მხიარულობდა; ნელა-ნელა წრუპავდნენ დაუდუღარ კატალონიურ ღვინოს. ამ დროს ვიღაც უცნობებმა მხარზე ხელი დამკრეს, ხოლო ჩვენს მაგიდაზე მჯდარმა ქალიშვილმა რაღაც მითხრა, თუმცა ვერ გავიგონე, რა უნდოდა, მაგრამ მაინც ვუპასუხე, დიახ-მეთქი.
აქეთ-იქით ცქერას თავი რომ დავანებე და ჩემს მაგიდაზე მსხდომთ თვალი შევავლე, მივხვდი, ქალიშვილი ერთობ შემზარავი შესახედავი იყო, ნამდვილად შემზარავი. ოფიციანტი რომ დაბრუნდა, გამოირკვა, თურმე ეს ქალიშვილი მთავაზობდა მასთან ერთად დამელია. მისი კავალერი გამბედავი არ იყო, მაგრამ ამ ქალიშვილის გაბედულება ორთავეს ეყოფოდა. ქალიშვილს მკაცრი სახე ჰქონდა, ნახევრად კლასიკური ტიპისა, ხოლო აღნაგობა ლომის მწვრთნელს მიუგავდა. მის კავალერს წესით ჯერ სასკოლო ქურთუკი უნდა სცმოდა, ჰალსტუხიც სასკოლო უნდა ჰკეთებოდა, მაგრამ ახლა მას, როგორც სხვებს, ტყავის მშრალი ქურთუკი ეცვა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ისინი ჯერ კიდევ წვიმის დაწყებამდე ისხდნენ ბარში, ქალიშვილსაც ტყავის ქურთუკი ეცვა, რაც მის სახეს უხდებოდა.
ახლა მე უკვე ვნანობდი, რომ ჩიკოტესთან შევეხეტე და პირდაპირ სასტუმროში არ დავბრუნდი, სადაც შემეძლო მშრალი ტანსაცმელი ჩამეცვა, წამოვწოლილიყავი, ფეხები ტახტის თავზე შემეწყო და სიამოვნებით მესვა სასმელი. თანაც მომბეზრდა ამ ახალგაზრდა წყვილის ყურება. წუთისოფელი მოკლეა, ხოლო საზიზღარ ქალებს ქვეყანაზე რა გამოლევს. მაგიდასთან ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ მწერალი ვარ და სხვადასხვანაირი ადამიანების მიმართ დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა უნდა მქონდეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე სრულიადაც არ მეპიტნავებოდა ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ თუ არა, ან რა მოეწონათ ერთმანეთის, როგორია მათი პოლიტიკური შეხედულებანი, როგორია მათი ურთიერთობა, ან რომელი რომლის მაგივრად იხდის ფულს და სხვა მისთანანი. გადავწყვიტე ალბათ რადიოში მუშაობენ-მეთქი. ყოველთვის როცა მადრიდში უცნაური შეხედულების ადამიანები მხვდებოდნენ, ისინი, როგორც წესი, რადიოში მუშაობდნენ. იმისთვის, რომ რაიმე მეთქვა, ყაყანის დასაფარად ხმა ავიმაღლე და ვიკითხე:
- თქვენ რადიოში მუშაობთ?
- დიახ, – თქვა ქალიშვილმა.
- როგორ ცხოვრობთ, ამხანაგო?- ვკითხე გერმანელს.
- დიდებულად! თქვენ?
- აი, დავსველდი. – ვუთხარი მე. ქალიშვილმა კი თავი გვერდზე გადახარა და გაიცინა.
- სიგარეტი არ გექნებათ? – მკითხა მან. ჩემი უკანასკნელი კოლოფი გავუწოდე. იქიდან ორი სიგარეტი ამოიღო. გაბედულმა ქალიშვილმა – ორი და ახლაგაზრდა კაცმა, რომელსაც ჯერ კიდევ მოწაფის გამომეტყველება შერჩენოდა – ერთი.
- აიღეთ კიდევ – ვუთხარი მე.
- არა, გმადლობთ – მიპასუხა ქალმა და მის მაგივრად გერმანელმა კიდევ ერთი სიგარეტი აიღო.
- ხომ არ ჯავრობთ? – გაიღიმა მან.
- სრულიადაც არა – ვთქვი მე. თუმცა, დიდი სიამოვნებით ვეტყოდი უარს და მან ეს იცოდა. მაგრამ ისე უნდოდა თამბაქოს მოწევა, რომ არაფრით უარის თქმა არ შეიძლებოდა. უცბად სიმღერა შეწყდა, უკეთ რომ ვთქვათ, ყველაფერი დაწყნარდა ისე, როგორც ქარიშხლის წინ ხდება ხოლმე. ახლა შეიძლებოდა კარგად გაგვეგო, რასაც ვიტყოდით.
- თქვენ აქ დიდი ხანია ხართ? – მკითხა გაბედულმა ქალიშვილმა. უკანასკნელი ბგერა ისე გაგრძელებულად წარმოთქვა რომ სიტყვამ სულ სხვა მნიშვნელობა მიიღო.
- დიახ! მაგრამ დროდადრო ვტოვებდი აქაურობას, – ვთქვი მე.
- ჩვენ სერიოზულად უნდა მოვილაპარაკოთ, – თქვა გერმანელმა – როდის შევძლებთ შეხვედრას?
- დაგირეკავთ – ვუთხარი მე.

ეს გერმანელი რაღაც ძალიან უცნაური კაცი იყო და არც ერთ კარგ გერმანელს ის არ უყვარდა. მას ეგონა, რომ როიალზე დაკვრა იცოდა, მაგრამ თუ ინსტრუმენტთან არ მიუშვებდნენ და ლოთობას და ჭორიკანობას გადააჩვევდნენ, გვარიანი გერმანელი იქნებოდა; მაგრამ ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერავინ გადააჩვია.
ჭორიკანობა მართლაც გასაოცრად შეეძლო; თანაც ყოველთვის იცოდა რაღაც დამამცირებელი ყოველი კაცისა, ვისაც კი დაასახელებდით მადრიდში, ვალენსიაში, ბარსელონაში და ქვეყნის სხვა პოლიტიკურ ცენტრებში მცხოვრებთაგან.
ბარში სიმღერა ისევ წამოიწყეს, ხოლო ხმამაღლა ჭორიკანობა კი უკვე საკმაოდ უხერხული იყო. ყოველივე ეს მოსაწყენ დროსტარებას მოასწავებდა, ამიტომ გადავწყვიტე წავსულიყავი ბარიდან, როგორც კი ყველას გავუმასპინძლდებოდი.
მაგრამ სწორედ ამ წუთიდან ყველაფერი აირ-დაირია. ვიღაც კაცი, ვისაც ყავისფერი კოსტუმი და თეთრი პერანგი ეცვა, შავი ჰალსტუხი ეკეთა და მაღალი შუბლიდან უკან სწორად გადავარცხნილი თმა ჰქონდა, პამპულობდა, მაგიდებს შორის დაძვრებოდა. ამ კაცმა ერთ ოფიციანტს პულვერიზატორიდან რაღაც სითხე მიასხურა; ყველამ გაიცინა გარდა ოფიციანტისა, ვისაც ჭიქებით სავსე ლანგარი მიჰქონდა. ოფიციანტი აღშფოთდა: “No hay derecho” – თქვა მან. ეს ნიშნავს: “ უფლება არ გაქვთ, ასეთი რამ ჩაიდინოთ”. ეს არის ესპანეთში ყველაზე უმარტივესი და ყველაზე უძლიერესი პროტესტი.
პულვერიზატორიანი კაცი აღტაცებული იყო თავისი წარმატებებით და თითქოს იმასაც არ უწევდა ანგარიშს, რომ უკვე ორი წელია ომი მიმდინარეობდა, რომ ალყაშემორტყმულ ქალაქში ვიმყოფებოდით, სადაც ნერვები ყველას დაძაბული აქვს და რომ ბარში მის გარდა, სულ სამი სამოქალაქო პირი იყო; მან მეორე ოფიციანტსაც შეასხურა სითხე.
მივიხედ-მოვიხედე, თავი სად შევაფარო-მეთქი. მეორე ოფიციანტი პირველზე არანაკლებ აღშფოთდა ხოლო პილვერიზატორიანმა კაცმა, პამპულობას რომ განაგრძობდა, კიდევ ორჯერ მიასხურა სითხე იმავე ოფიციანტს. ვიღაც-ვიღაცებს, მათ შორის გაბედულ ქალიშვილსაც, ყოველივე ეს ჯერ ხუმრობად მიაჩნდათ, მაგრამ ოფიციანტი შეჩერდა, თავი გადააქნია, მას ტუჩები აუთრთოლდა. ეს იყო ხანში შესული კაცი და ჩემს მახსოვრობაში ის უკვე ათი წელი მუშაობდა ჩიკოტესთან.
- “No hay derecho” – თქვა მან. ამ ჯერზე ეს არ იყო პროტესტი, ეს იყო ბრალდება. დავინახე, როგორ წამოდგა მაგიდიდან სამი სამხედრო პირი. მათ ხელი წაავლეს აბეზარს და ტრიალა კარში გაათრიეს, გარედან მოისმა, როგორ ლეწა ერთმა მათგანმა მას სახეში. ბარში ვიღაცამ იატაკიდან აიღო პულვერიზატორი და ღია კარიდან გარეთ გაისროლა.
სამი სამხედრო პირი დაბრუნდა ბარში. მათ სერიოზული და ზვიადი გამომეტყველება ჰქონდათ, სახეზე მოვალეობის მოხდის გრძნობა აღბეჭდოდათ. მალე ტრიალა კარში ისევ გამოჩნდა პამპულა. მას თმა თვალებზე ჩამოშლოდა, სახე სისხლით ჰქონდა მოსვრილი, ჰალსტუხი გვერდზე მოქცეოდა და პერანგი ტანზე შემოფხრეწოდა. ხელში ისევ პულვერიზატორი ეჭირა: სახეგაფითრებული თვალებს მხეცივით ატრიალებდა: ხელი წინ გაიშვირა, მიზანში არავინ ამოუღია, განურჩევლად დაუწყო ხალხს გაწუწვა.
მე დავინახე, სამხედროთაგან ერთი როგორ წამოდგა და გაემართა მისკენ. მერე კიდევ რამდენიმე კაცი წამოდგა და ყველამ ერთად შეუტია მას: მარცხენა კუთხეში მიიმწყვდიეს. ის კი გააფთრებით იგერიებდა მომხვდურებს. სროლის ხმა რომ გაისმა, მე ხელი ჩავავლე გაბედულ ქალიშვილს და მასთან ერთად სამზარეულოს მივაშურე.
სამზარეულოს კარი დაკეტილი იყო; მხრებით მივაწექი, მაგრამ არ გაიღო.
- შეძვერი იქ, დახლის უკან, – ვუთხარი მე; იგი დაიხარა.
- გაწექი, – ვუთხარი მე და იატაკისაკენ ვუბიძგე. ქალიშვილი გააფთრებული იყო.
ყველა მამაკაცს ხელში რევოლვერი ეჭირა, გარდა იმ გერმანელისა, რომელიც მაგიდის ქვეშ იყო შემძვრალი და შორეულ კუთხეში კედელს აკრული ყმაწვილისა, მოსწავლეს რომ ჰგავდა. სამი თმაშეღებილი ქერა ქალიშვილი, თმის ძირები მაინც შავი რომ ჰქონდათ, კედელთან მიდგმულ გრძელ სკამზე ასულიყო და ცერებზე შემდგარნი ზემოდან იცქირებოდნენ, თანაც განუწყვეტლივ კიოდნენ.
- მე არ მეშინია, – თქვა გაბედულმა ქალიშვილმა – ეს სასაცილო რამ არის.
- შენ რა, გინდა მიგახვრიტონ ამ ბარში ატეხილ ჩხუბში? – ვუთხარი მე, – თუ ამ ოინბაზს მეგობრები აღმოუჩნდება, უბედურება დატრიალდება.
მაგრამ როგორც ჩანს, მას მეგობრები არ აღმოაჩნდა, რადგან ხალხმა, თანდათან რევოლვერები ჯიბეებში ჩაიდო. ვიღაცამ აკივლებული ქერა გოგოები სკამიდან ჩამოსვა და ყველა, ვინც მარცხენა კუთხეში იყო შეჯგუფული, თავის ადგილს დაუბრუნდა. ხოლო პულვერიზატორიანი კაცი მშვიდად იწვა იატაკზე გულაღმა.
-  პოლიციელს მოსვლამდე ფეხი არავინ გადგას გარეთ, – დაიძახა ვიღაცამ კარიდან.
ორი კარაბინიანი პოლიციელი ქუჩის პატრულებს გამოეყო და გასასვლელთან დადგა. მაგრამ იქვე დავინახე, ბარში მყოფთაგან ექვსი კაცი როგორ გამწკრივდა, ისე როგორც ფეხბურთელები გამწკრივდებიან ხოლმე მოედანზე გამოსვლისას, და ერთმანეთის მიყოლებით კარში გაძვრნენ. მათგან სამნი სწორედ ისინი იყვნენ, რომლებმაც პულვერიზატორიანი კაცი გარეთ გააგდეს. ერთმა მათგანმა კი მოკლა იგი. მათ პოლიციელებს გვერდი ისე ჩაუარეს, თითქოს გარეშე პირები იყვნენ და ატეხილ ჩხუბში მონაწილეობა არ მიეღოთ. ისინი რომ წავიდნენ, ერთმა პოლიციელმა კარაბინით გასასვლელი გადაღობა და გამოაცხადა:
- არავინ გავიდეს გარეთ, ყველა უკლებლივ შიგნით დარჩეს!
- მაშ, ისინი რად გაუშვით? ჩვენთვის არ შეიძლება, იმათთვის შეიძლება?
- ისინი ავიამექანიკოსები არიან და აეროდრომზე უნდა იყვნენ – განმარტა ვიღაცამ.
- რახან ზოგი გაუშვით, სხვების დაკავება სისულელეა.
- უშიშროების ორგანოებს უნდა დაველოდოთ, ყველაფერი კანონიერად და დადგენილი წესით უნდა გაკეთდეს.
- მაგრამ გაიგეთ, თუ ერთი ვინმე მაინც წავიდა, სისულელეა დანარჩენების დაკავება.
- ვერავინ ვერ გავა! ყველანი ადგილზე უნდა დარჩნენ!
- სეირია, – ვუთხარი გაბედულ ქალიშვილს.
- არა მგონია, ეს ნამდვილი საშინელებაა!
ჩვენ იატაკიდან წამოვდექით. გაბედული ქალიშვილი აღშფოთებული იცქირებოდა იქით, სადაც პულვერიზატორიანი კაცი ეგდო იატაკზე. მას ხელები ფართოდ ჰქონდა გაშლილი, ერთი ფეხი კი მოკეცოდა.
- მე მივხედავ ამ საბრალო დაჭრილს! რატომ არავინ არ შველის? რატომ ჭრილობას არ უხვევენ?
- მე კი თავს დავანებებდი – ვთქვი მე, – ნუ გავერევით ამ საქმეში!
- მაგრამ ეს ხომ ადამიანობა არაა. მე მოწყალების დად ვემზადებოდი! პირველ დახმარებას მაინც აღმოვუჩენ.
- არ გირჩევთ, – ვთქვი მე, – ახლოს არ მიხვიდეთ.
- რატომ? – ქალიშვილი ძალზე აღელვებული იყო, ისტერიას აღარაფერი აკლდა.
- იმიტომ, რომ ის უკვე მკვდარია, – ვთქვი მე.
პოლიცია რომ გამოცხადდა, ჩვენ მთელი სამი საათი დაგვაკავეს. გამოძიება იმით დაიწყო, რომ ყველა რევოლვერი შეამოწმეს. ფიქრობდნენ, ამ გზით გაიგებდნენ ვინ გაისროლა. მაგრამ, როგორც ჩანს, მეორმოცე რევოლვერის შემოწმების შემდეგ, მათ ეს საქმე მობეზრდათ. მაინც სულ ერთი იყო, რადგან ოთახში მხოლოდ სველი ტყავის ქურთუკების სუნი იდგა. შემდეგ ისინი მიუსხდნენ მაგიდას, რომელიც მკვდარი კაცის ახლოს იდგა, და საბუთების შემოწმება დაიწყეს. ის კი იატაკზე ეგდო – სანთელივით გაყვითებული; მას ცვილისფერი ხელები და სახე ჰქონდა, დიდი ხნის შენახული ქაღალდივით ჩაყვითლებული.
შემოფხრეწილი ხალათის შიგნით პერანგი არ ეცვა, ხოლო ფეხსაცმელების ლანჩები გაცვეთილი ჰქონდა. ახლა იატაკზე რომ ეგდო, პატარა და საცოდავი ჩანდა. იმ მაგიდასთან მისასვლელად, სადაც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ორი პოლიციელი საბუთებს ამოწმებდა, ცხედარზე უნდა გადაგებიჯებინათ. გაბედული ქალიშვილის ქმარმა რამდენჯერმე დაკარგა და ისევ იპოვა თავისი საბუთები. მას ჰქონდა საშვი, მაგრამ სადღაც ჩაიდო და ახლა, მთლად გაოფლიანებული, ჯიბეებში ნერვულად აფათურებდა ხელებს; როგორც იქნა, იპოვა. მერე საშვი მეორე ჯიბეში ჩაიდო და კვლავ შეუდგა მის ძებნას. სახეზე ოფლმა დაასხა, თმა დაუხუჭუჭდა და მთლად გაწითლდა. ახლა ისე ჩანდა, თითქოს მას აკლდა არა მარტო სასკოლო ჰალსტუხი, რითაც მთლად პატარას ემსგავსებოდა, არამედ ქუდიც, როგორსაც დაბალი კლასის მოსწავლეები ატარებენ ხოლმე. ამბობენ, რომ განცდები ადამიანებს აბერებსო; მაგრამ ამ გასროლამ ის ათი წლით გააახალგაზრდავა.
სანამ ჩვენ ვიცდიდით, გაბედულ ქალიშვილს ვუთხარი რომ ამ ამბიდან შეიძლება საკმაოდ კარგი მოთხრობა გამოვიდეს და ალბათ, მე მას ოდესმე დავწერ-მეთქი; მაგალითად როგორ გამწკრივდა ის ექვსი კაცი და გაძვრა კარში. განა ეს შთაბეჭდილებას არ ახდენს? ამან ქალიშვილი აღაშფოთა. მან თქვა, რომ ამაზე წერა არ შეიძლება, რადგან ეს ესპანეთის რესპუბლიკის საქმეს ზიანს მოუტანს. მე შევედავე, ესპანეთს დიდი ხანია ვიცნობ-მეთქი, რომ ძველად, ჯერ კიდევ მონარქიის დროს, ვალენსიაში, ღმერთმა უწყის, რამდენი ხალხი დახვრიტეს, რომ რესპუბლიკის დამყარებამდე ასი წლით ადრე ანდალუზიაში ერთმანეთს ჩეხავდნენ დიდი დანებით (ამ დანებს იქ ნავაჯებს უწოდებდნენ) და თუ ომის დროს მოწმე გავხდი ჩიკოტეს ბარში მომხდარი სეირისა, მე უფლება მაქვს დავწერო ამაზე, ვითომ ეს მომხდარიყოს ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, კიუესტში ან მარსელში. მას პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ალბათ ბევრი ისე როგორც ეს ქალიშვილი, ფიქრობს, რომ ასეთ რამეზე წერა საჭირო არ არის. მაგრამ გერმანელი, ვგონებ, ფიქრობდა, რომ ეს საკმაოდ კარგი ამბავი იყო და მას ჩემი უკანასკნელი სიგარა მივეცი. ასე იყო თუ ისე, დაახლოებით სამი საათის შემდეგ პოლიციამ ჩვენ გაგვიშვა.
სასტუმრო “ფლორიდაში” ჩემს გამო უკვე ღელავდნენ. იმ დროში ქალაქს განუწყვეტლივ ბომბავდნენ და თუ ბარების დაკეტვის შემდეგ ფეხით ბრუნდებოდით ხოლმე სახლში, და რვის ნახევარზე დაბრუნებული არ იყავით, თქვენზე უკვე წუხილს იწყებდნენ. სასტუმროში დაბრუნება გამიხარდა და სანამ ელექტროღუმელზე ვახშამს მოვამზადებდით, მე მოვყევი, თუ რა მოხდა ბარში. ჩემი მონათხრობი მოეწონათ.
ღამით წვიმამ გადაიღო. მშრალი, ნათელი და ცივი დილა გათენდა. ისეთი, როგორიც იცის ხოლმე აქ ზამთრის პირას. პირველს თხუტმეტი წუთი რომ აკლდა, მე ტრიალა კარიდან შევედი ჩიკოტეს ბარში ერთი ჭიქა ჯინისა და რაიმე მაგარი სასმელის გადასაკრავად საუზმის წინ. ამ დროისათვის იქ ცოტა ხალხი იყო. ჩემს მაგიდასთან ბარმენი და ორი ოფიციანტი მოვიდა. ისინი იღიმებოდნენ.
- მკვლელი შეიპყრეს? – ვკითხე მე.
- დღეს ხუმრობით ნუ იწყებთ! – მითხრა ბარმენმა.
- თქვენ ნახეთ, როგორ ესროლა?
- ჰო – ვთქვი მე.
- მეც ვნახე, – თქვა მან – როცა ეს მოხდა, ზუსტად აი, იქ ვიდექი, – მან კუთხეში მდგომ მაგიდისკენ მიუთითა. – რევოლვერის ტუჩი პირდაპირ მკერდზე მიადო და ესროლა.
- ხალხი კიდევ დიდხანს გააჩერეს?
- თითქმის ღამის ორ საათამდე.
- ისინი მხოლოდ დილის თერთმეტი საათისთვის გამოცხადნენ ფაიმბრე-ს გამო. – ბარმენმა გვამს ესპანური ჟარგონული სახელი უწოდა, რაც მენიუში ცივ ხორცს ნიშნავს. – მაგრამ თქვენ, ალბათ ჯერ კიდევ ყველაფერი არ იცით.
- არა, საიდან უნდა იცოდეს – თქვა ერთ-ერთმა ოფიციანტმა.
- მართლაც გასაოცარი საქმეა – დაუატა მეორემ – იშვიათი შემთხვევაა.
- ამავე დროს სამწუხაროც – თქვა ბარმენმა და თავი გადააქნია.
- დიახ, სამწუხაროც და საოცარიც, – თქვა ოფიციანტმა. – ძალიან სამწუხარო.
- მიამბეთ.
- მეტად იშვიათი შემთხვევაა. – თქვა ბარმენმა.
- მაშ, მიამბეთ, მომიყევით.
ბარმენი მინდობილად გადმოიხარა ჩემკენ და მითხრა:
- იცით, იმ პულვერიზატორში თურმე ოდეკოლონი ესხა. აი, უბედური!
- ხედავ? და არც ისე სულელური ხუმრობა იყო ეს, – თქვა ოფიციანტმა.
- რასაკვირველია, ამას იგი მხოლოდ ხალხის გასაცინებლად აკეთებდა, არ უნდა გაჯავრებულიყვნენ ამის გამო, – თქვა ბარმენმა, – უბედური კაცი.
- გესმის? – ვთქვი მე. – მაშასადამე, მას ყველას გართობა უნდოდა.
- როგორც ჩანს, – თქვა ბარმენმა – და რა საჭირო იყო ასეთი სამწუხარო გაუგებრობა.
- მის პულვერიზატორს რა უყვეს?
- პოლიციამ წაიღო, ოჯახს გაუგზავნეს.
- წარმომიდგენია, როგორი კმაყოფილი იქნება ოჯახი, – ვთქვი მე.
- დიახ, – თქვა ბარმენმა – რასაკვირველია, პულვერიზატორი ყოელთვის გამოდგება.
- ნეტავ ვინ იყო იგი?
- მეავეჯე.
- ცოლიანი?
- ჰო, ცოლი პოლიციელებთან ერთად მოვიდა დილით.
- მერე რა თქვა?
- მკერდზე დაეცა მიცვალებულს და სულ ასე გაიძახოდა: “პედრო, ეს რა უქნიათ შენთვის, პედრო? ვინ გიყო ეს? ოჰ, პედრო.”
- მერე კი პოლიციამ წაიყვანა ის, რადგან უკვე თავს ვეღარ იკავებდა, – თქვა ოფიციანტმა.
- ამბობენ, რომ მას ფილტვები სუსტი ჰქონდა – თქვა ბარმენმა – ის იბრძოდა აჯანყების პირველ დღეებში: იბრძოდა სიერრას მთებში მაგრამ მერე ვეღარ შეძლო, ფილტვების სისუსტის გამო.
- გუშინ კი ბარში მოვიდა იმიტომ, რომ ხალხი კარგ გუნებაზე დაეყენებინა – ვივარაუდე მე.
- არა, – თქვა ბარმენმა – ეს ნამდვილად იშვიათი შემთხვევაა, ყველაფერი არის მუყ რარო. ამის თაობაზე პოლიციელებს გამოვკითხე. პოლიციელები კი ერთობ ჩაკირკიტებული ხალხია, საქმეს ხელს თუ მოჰკიდებენ. მათ დაკითხეს მისი ამხანაგები, რომლებიც მასთან ერთად მუშაობდნენ სახელოსნოში. სახელოსნოს კი მიაგნეს პროფკავშირის იმ ბარათის მიხედვით, რომელიც ჯიბეში აღმოაჩნდა. გუშინ უყიდია ის პულვერიზატორი და ოდეკოლონი, რომ ვიღაცის ქორწილში ეხუმრა. ყოველივე ეს შეუძენია ქუჩის მეორე მხარეს. მისამართი ოდეკოლონის ფლაკონის იარლიყზე ეწერა, თვით ფლაკონი კი საპირფარეშოში იპოვეს. ოდეკოლონი იქ ჩაუსხამს პულვერიზატორში. აქ კი, ალბათ მაშინ შემოვიდა როდესაც წვიმა დაიწყო.
- მე მახსოვს როგორ შემოვიდა აქ, – თქვა ერთ-ერთმა ოფიციანტმა.
- აქ მღეროდნენ და მხიარულობდნენ ისიც გამხიარულდა.
- ჰო, მხიარული ვინმე იყო ნამდვილად. – ვთქვი მე, – თითქოს მას ფრთები ჰქონდა გამოსხმული.
ბარმენმა ულმობელი ესპანური ლოგიკურობით წარმოთქვა:
ვერ გამიგია, კაცს ფილტვები აწუხებს და მაინც მაგარ სასმელს ეტანება.
- არ მომწონს მთელი ეს ამბავი! – ვთქვი მე.
- ყური მიგდეთ!- თქვა ბარმენმა. – განა, საოცრება არ არის მისი მხიარულება? როგორც პეპელა ისე დაეჯახა ომის სერიოზულობას.
- სწორია! ნამდვილი პეპელაა – ვთქვი მე.
- მე არ ვხუმრობ, – თქვა ბარმენმა. – გესმით? როგორც პეპელა და ტანკი.
შედარება მას ძალიან მოეწონა. ის ნამდვილ ესპანურ მეტაფიზიკას მიეცა.
დავლიოთ აქაურობის სადღეგრძელო, – თქვა მან, – თქვენ ამაზე მოთხრობა უნდა დაწეროთ!.
გამახსენდა ის პულვერიზატორიანი ახალგაზრდა კაცი, მისი სანთლისფრად ჩამოყვითლებული სახე, ფართოდ გაშლილი ყვითელი ხელები, მოკეცილი ფეხი. იგი მართლაც ჰგავდა პეპელას, მაგრამ არცთუ ისე ძალიან. თუმცა, მაინდამაინც არც ადამიანს ჰგავდა. მოკლედ, მე იგი, მკვდარ ბეღურას მაგონებდა.
დამისხით ჯინნი, – ვთქვი მე.
- თქვენ უსათუოდ უნდა დაწეროთ ამაზე მოთხრობა, – თქვა ბარმენმა, – გაგიმარჯოთ!.
- თქვენც გაგიმარჯოთ, – ვთქვი მე – წუხელ კი ერთმა ინგლისელმა გოგომ მითხრა არ დაწეროთ ამაზე რამე, თორემ ეს საქმეს დიდ ზიანს მოუტანსო.
- რა სისულელეა, – თქვა ბარმენმა – ეს ძალიან საგულისხმო და მნიშვნელოვანიც არის. გაუგებარი მხიარულება ეჯახება საშინელ სერიოზულობას. ხოლო ჩვენთან ყოველთვის ასე უაღრესად სერიოზულები არიან. ჩემთვის ეს, თუ გნებავთ, ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო და უიშვიათესი შემთხვევაა ამ ბოლო დროს. თქვენ აუცილებლად უნდა დაწეროთ ამაზე.
- კეთილი, – ვუთხარი მე – დავწერ… ბავშვები თუ ჰყავდა?
- არა, – თქვა მან – პოლიციელისგან გავიგე! თქვენ აუცილებლად უნდა დაწეროთ და დაარქვათ “პეპელა და ტანკი.”.
- კარგი, – ვთქვი მე – დავწერ, მაგრამ სათაური მაინცდამაინც არ მომწონს.
- დიდებული სათაურია, – თქვა ბარმენმა. – ძალიან ლიტერატურული.
- კეთილი, – ვთქვი მე – თანახმა ვარ დავარქვა მოთხრობას “პეპელა და ტანკი”.
მე ვიჯექი იქ, იმ ნათელ მხიარულ დილას. სასიამოვნო სისუფთავე სუფევდა ახლად მოგვილ, გამორეცხილ და განიავებულ ბარში. გვერდით მეჯდა ჩემი ძველი მეგობარი ბარმენი, რომელიც დიდად კმაყოფილი ჩანდა იმით, რომ ერთად ვქმნიდით ლიტერატურას. ჯჟინი მოვსვი; ვიცქირებოდი სილიანი ტომრებით ამოვსებულ ფანჯარაში და ვფიქრობდი მოკლული ქმრის ცხედართან დაჩოქილ ქალზე, რომელიც გაიძახოდა: “პედრო, პედრო, ვინ გიყო შენ ეს, პედრო?” და მე გავიფიქრე, პოლიცია მაშინაც კი ვერაფერს უპასუხებდა ამ კითხვაზე, კიდევაც რომ სცოდნოდა სახელი იმ კაცისა, ვინც ტყვია დაახალა მის ქმარს.

??????