საჰაერო მანევრები
თარგმანი ინგლისურიდან – ზურაბ ჯიქია
კალვინოს ნაწარმოებებს შორის ყველაზე მეტად მიყვარს “ხეზე ასული ბარონი”. როგორც ერთგვარი ზნეობრივი და პოლიტიკური მანიფესტი, ის ყოველთვის წარმოადგენდა ჩემს სამაგიდო წიგნს. თუმცა, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ მსჯელობა იმ ნაწარმოებიდან მიღებული მორალური და პოლიტიკური გაკვეთილის შესახებ, რომელიც მისი გამოცემისას (1957 წ.) გააკრიტიკეს სწორედ არასაკმარისი პოლიტიკური ანგაჟირებულობის გამო. “ხეზე ასულმა ბარონმა” თავის დროზე ააღელვა ბევრი იტალიელი ინტელექტუალი, რადგან ის მკვეთრად განსხვავდებოდა ექვსი წლით ადრე დაწერილი, რეალისტური სულისკვეთებით გამსჭვალული “ორად გაჩეხილი ვიკონტისაგან”. ახალმა რომანმა გამოააშკარავა, რომ მწერალმა გვერდი აუქცია ობობათა ბუდეებისკენ მიმავალ ბილიკს და გეზი აიღო ფანტასტიკის პოეტიკისკენ, კოსმიკომიკური გალაქტიკებისკენ, უჩინარი ქალაქებისა და ზენონისეული ვარსკვლავური ტრაექტორიებისკენ.
დღეს ძნელი წარმოსადგენია, როგორ ატკინა გული “ხეზე ასულმა ბარონმა” იტალიელ მემარცხენეებს, მაგრამ გავიხსენოთ, რომ იმავე ათწლეულში კომუნისტი ინტელექტუალი ლუკინო ვისკონტი გაკადნიერდა, აესახა “Senso”-ში არა მშრომელთა ცხოვრება, არამედ – მეცხრამეტე საუკუნის ორი მიჯნურის რომანტიკული და დეკადენტური ვნებები. ამ ფილმის გადაღების შემდეგ ვისკონტი თავიანთი რიგებიდან, ფაქტობრივად, გააძევეს ეგრეთ წოდებული სოციალისტური რეალიზმის დამცველებმა.
მინდა აგიხსნათ, როგორ მოხდა, რომ ოცდახუთი წლის ასაკში “ბარონის” წაკითხვამ ეგზომ ძლიერი ზემოქმედება მოახდინა ჩემს შეხედულებებზე ინტელექტუალთა პოლიტიკური ანგაჟირებულობისა და მათი სოციალური როლის შესახებ.
მაგონდება, როგორ აღმაფრთოვანა ამ ლიტერატურულმა შედევრმა. მისი კითხვისას მეზმანებოდა ომბროზას მომაჯადოებელი ცეკვები, ძლევამოსილად რომ ეშვებიან ზღვისკენ. რამდენიმე დღის წინ გადავიკითხე ეს წიგნი და კვლავ ვიგრძენი ოდინდელი ამება. კიდევ ერთხელ მომინადირა გამჭვირვალე სტილის ხიბლმა. კვლავ წარმოვიდგინე, როგორ მივძვრები ტოტიდან ტოტზე კოზიმოსთან ერთად და თანმიმდევრულად გარდავისახები ჯერ ოქროსფერ შარავანდედად, შემდეგ – ციყვად, გარეულ კატად, ბეღურად, ალუბლად და ზეთისხილის ფოთლად. “ბარონის” სტილის შესახებ საუბრისას უნდა გავიხსენოთ კალვინოს ერთი გამონათქვამი (“ექვსი შენიშვნიდან მეორე ათასწლეულის შესახებ”). თურმე, კრისტალი, მისი მკაფიო წახნაგებითა და სინათლის გარდატეხის უნარით, მწერალს ყოველთვის ესახებოდა სრულყოფილების ნიმუშად და სიმბოლოდ.
ამასთან, 1957 წელს “ხეზე ასულმა ბარონმა” ჩემში გამოიწვია უფრო ფილოსოფიური, ვიდრე ესთეტიკური ხასიათის რეაქცია, რაც, ალბათ, ბევრს გააკვირვებს. ეს ნაწარმოები აღვიქვი არა როგორც ფანტაზიის მშვენიერი ნაყოფი, არამედ – როგორც შესანიშნავი “ფილოსოფიური ზღაპარი”.
ორმოციანი და ორმოცდაათიანი წლების ახალგაზრდა ინტელექტუალებს (კომუნისტებსა თუ კათოლიკეებს) მოსვენებას არ აძლევდა საკითხი მორალური ვალდებულების შესახებ, რომელიც “ორგანული” უნდა ყოფილიყო მათი იდეოლოგიური ჯგუფისთვის. ახალგაზრდებს თავს ახვევდნენ ზოგად მოწოდებებს იდეოლოგიური მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად ინტელექტუალური ძალების გაერთიანების საჭიროების შესახებ. მხოლოდ ორმა პიროვნებამ წამოაყენა ინტელექტუალთა როლის განსხვავებული კონცეფცია. პირველი მათგანი იყო ელიო ვიტორინი, რომელიც მოგვიანებით კალვინოსთან თანამშრომლობდა “მენაბოში” (ამ გარემომ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა იტალიური ლიტერატურის კურსი სამოციან წლებში). 1947 წელს ვიტორინომ განაცხადა, რომ ინტელექტუალებს არ უნდა დაეკრათ რევოლუციის ფლეიტაზე. ისინი არ უნდა ქცეულიყვნენ მათი პოლიტიკური ჯგუფის პრეს-აგენტებად, არამედ კრიტიკულად უნდა გაეაზრებინათ მისი კონცეფცია. ვიტორინი იმ დროს კომუნისტური პარტიის წევრი იყო და არცთუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოსცემდა დამოუკიდებელ გაზეთს “Il Politecnico”. ზემოხსენებული განცხადების შემდეგ ვიტორინი მუშათა კლასის მოღალატედ მიიჩნიეს. “Il Politecnico” დაიხურა და მწერალი კარგა ხნით დადუმდა.
1955 წ. მე და ჩემი თაობის წარმომადგენლები გაგვიტაცა ნორბერტო ბობიოს წიგნმა პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ. ეს იყო Politica e Cultura. ბობიოს მიერ ჩამოყალიბებული ზუსტი ტერმინების მიხედვით, იმ ინტელექტუალთა პროფილი, რომლებიც სწორად განსაზღვრავდნენ მათ ჭეშმარიტ ვალდებულებებს, არ უნდა დამთხვეოდა ნებისმიერი ცალკეული ჯგუფის იდეოლოგიურ საფუძვლებს. ბობიოს საგანგებო ფილოსოფიურმა არგუმენტმა და ვიტორინის ლოზუნგმა ვერ განახორციელეს თავიანთი მიზანი. ეს მოხდა მოგვიანებით, “ხეზე ასულ ბარონში”, რომელსაც ახასიათებდა იგავის დამაჯერებლობა, მითის ღრმა მიმზიდველობა, ზღაპრის ხიბლი და პოეზიის ნატიფი ძალმოსილება.
კალვინომ თავისი ხელნაწერიდან ამოშალა მორალისტური პასაჟები. კოზიმო პიოვასკო და რონდო არ მოძღვრავს მკითხველებს. ის, უბრალოდ, განასახიერებს გარკვეულ მაგალითს. მხოლოდ ორჯერ გვთავაზობს რომანი მის შესაძლო მორალურ ინტერპრეტაციას: პირველად, როდესაც, კოზიმოს მტკიცებით (მე-20 თავში), საზოგადოების მართებულად აღსაქმელად საჭიროა მისგან განკერძოება. ეს მახსენებს ერთ გამონათქვამს “ექვსი შენიშვნიდან მომდევნო ათასწლეულის შესახებ”: პერსევსისეული ძალა ყოველთვის ვლინდება მარტოოდენ რეალობისგან თავის მიბრუნებაში, მაგრამ არა მის უარყოფაში? მეორე მაგალითში (25-ე თავში) კოზიმოს ძმებს უკვირთ (თუმცა არ ცდილობენ ამ კითხვაზე პასუხის მოძიებას), რომ კოზიმოს გატაცება სოციალური საქმიანობით ერწყმის მის განკერძოებას საზოგადოებისგან.
კოზიმო გადაწყვეტს, მთელი თავისი ცხოვრება ხეზე გაატაროს და გაშორდეს მიწიერ სამყაროს. ამასთან, ხეები მისთვის არ წარმოადგენს “სპილოს ძვლისგან აგებულ კოშკს”. ხეზე ასული კოზიმო ეზიარება უზენაეს სიბრძნეს. მაღლიდან დანახული ადამიანები ძალზე პატარებია და გმირს ყველაზე უკეთ ესმის იმ ბედშავი არსებების პრობლემები, რომლებიც განწირულნი არიან, ფეხებზე იარონ. თავის დროზე კოზიმო იძულებული იყო, აქტიური როლი შეესრულებინა მისი სამფლობელოს ცხოვრებაში. ის იქცა ცხოველების (რომლებიც მის მეგობრებსაც წარმოადგენენ, მისი საკვებისაც და სამოსისაც) ერთგვარ ღმერთად და, ამგვარად, მოახერხა ბუნების (ამ უკანასკნელის ხელყოფის გარეშე) კულტურად გარდახორციელება. კოზიმო თანდათან ერთვება არა მარტო მისი პატარა ტერიტორიის, არამედ – მთელი ევროპის სოციალურ ცხოვრებაში.
კოზიმო ცხოვრობს, როგორც ნამდვილი ველური, მაგრამ ის იქცევა განათლებულ ადამიანად; საზოგადოებისგან გარიყული, რევოლუციური ლიდერი ხდება. მაგრამ მას ყოველთვის ძალუძს, გააკრიტიკოს თავისი თანამოსაგრეები და ჰკარგავს მწუხარებისა და იმედგაცრუების განცდის (მისი კერპების სიჭარბის გამო) უნარს. კოზიმო ნიმუშია ანგაჟირებული ინტელექტუალისა, რომელიც არასოდეს უკრავს ფლეიტაზე ვინმესთვის, არამედ ამას სჩადის მხოლოდ კეთილგონიერებისა და სიბრალულის კარნახით.
კალვინოს თქმით, კოზიმოს ხასიათი იმითაა საინტერესო, რომ ის მიზანტროპი კი არაა, არამედ – მისი დროის პრობლემებში ჩართული ადამიანია. მწერალი შენიშნავს, რომ მარტოობა და ძნელად ასატანი ახირებულობა წარმოადგენს პოეტის, მკვლევრისა და რევოლუციონერის ხვედრს.
ყოველივე ეს ჩემთვის ძალზე არსებითი იყო. მახსოვს, რომ მოგვიანებით, 1968 წლის სტუდენტთა გამოსვლების პერიოდში, მთხოვეს, განმესაზღვრა ინტელექტუალის როლი. მაშინ კალვინოს რომანი დავასახელე ერთადერთი საიმედო სახელმძღვანელოს სახით. დავიმოწმე რა კოზიმოს ნიმუში, აღვნიშნე, რომ ანგაჟირებული ინტელექტუალების უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს ხეებზე ცხოვრება და თანამოაზრეთაგან ჩამოშორება მათ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების შენარჩუნების მიზნით. ინტელექტუალთა მოვალეობას არ წარმოადგენს მტრების წინააღმდეგ გამიზნული ლოზუნგების შემუშავება. ამჟამად ეს თვალსაზრისი პოპულარული არაა, მაგრამ ბევრი სტუდენტი, რომელიც მას უარყოფითად ეკიდებოდა, ახლა მუშაობს იტალიელ კონსერვატორთა ლიდერთან, ბერლუსკონისთან.
რატომ იყო ამ რომანიდან გამოტანილი გაკვეთილი ეგზომ დამაჯერებელი ჩემთვის? კალვინო განმარტავს (“ექვს შენიშვნაში…”): “მორალური გაკვეთილები, ჩვეულებრივ, ძალზე მძიმეა, და ისინი, ვინც გვიტოვებს მათ დასამახსოვრებელ ნიმუშებს, ამას ძალდაუტანებლად, მსუბუქად ახორციელებენ”. კალვინოს არამიწიერი (მისი ბარონის მსგავსად) პროზა უწონადია. ის “უფრო ლაღი და უფრო განმარტებადია ჰაერში, სადაც არავინ არაფერს წონის ან ალაგებს”, როგორც ვერლუნი იტყოდა. ან, კალვინოს სიტყვებით რომ დავასრულოთ, “მაშინ, როდესაც კაცობრიობას მისჯილი აქვს სიმძიმე, ვაპირებ, გავფრინდე (პერსევსის მსგავსად) სხვა სივრცეში – არ ვგულისხმობ ოცნებებში ან ირაციონალურის საუფლოში თავის დახსნას, არამედ – ჩემი თვალსაზრისის შეცვლას, სამყაროს ხილვას სხვა პოზიციიდან, სხვა ლოგიკის, აგრეთვე – შემეცნებისა და ვერიფიკაციის ახალი მეთოდების მეშვეობით. სიმსუბუქის შთაბეჭდილება, რომლისკენაც ვილტვი, არ გაუჩინარდება, როგორც თანამედროვე და მომავალი რეალობის ზეგავლენით გაფანტული ოცნებები”.
აი, სწორედ ეს განახორციელა და მემკვიდრეობად დაგვიტოვა იტალო კალვინომ.