ბლოკი ალექსანდრ
გაზიარება

*** შენ არასოდეს არ იქნები ჩემი ან სხვისი... (მთარგმნელი ალხაზიშვილი გივი) 

შენ არასოდეს არ იქნები ჩემი ან სხვისი,
აი, რამ შემძრა და უფსკრულთან რისთვის მოვედი,
უძირო დღეთა სიმძიმისგან ვერავინ მიხსნის,
აი, რატომ ვარ შენი ტყვე და შენი პოეტი.

აქ ჩანს ქალური უარყოფის მკაცრი ნიშანი
და საოცარი სილამაზე მიუწვდომელი,
იქ უსასრულო სამყარონი გადაიშალა,
მოჟონავს სული ჰარმონიის შეუცნობელის.

იმღამინდელი ჩემი ღელვა, ბნელი დარბაზი, _
აი, საბრალოვ, რატომ ვფიქრობ და მედარდები,
აი, გზაში ვინ დამადევნა მზერა ლამაზი,
ვინ დამაეჭვა, ტყვედ მაქცია იმ მოლანდების.

თავისუფალო, შენ მიფრინავ და არას ითხოვ
და უორბიტო სივრცეების შენ ხარ ცთომილი,
შენთვის სამყარო მოწითალო კვამლია თითქოს,
იქ რაღაც იწვის, რაღაც შფოთავს შეუცნობელი.

და იმ ბრწყინვაში მომნუსხველი შენი ხმა ისმის,
მხოლოდ მუსიკა, _
არც თანხმობა და არც ღალატი,
მხოლოდ მუსიკა, _
არც წუხილი და არც ხალისი,
მეც ასეთი ვარ, მეყვარები, კარმენ, მარადის.

??????