ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ქანდაკება 

ხელს ნუ შეახებთ ქანდაკებას, არ გამიფუჭოთ!
ეს გენიოსის სახე არის გამოყვანილი,
შორს რომ გასცქერის და სახეზე დუმილი უცხოდ
გადაფენია... მაღალ ფიქრთ და გრძნობით აღვსილი.
სამკუთხიანი ქუდი ხურავს, მაზედ ვარსკვლავი,
თითქო სამყაროს დასთამაშებს მისთვისვე შექმნილს...
რა აგონდება მეფეს ბედკრულს? - შორი საფლავი
ობოლ კუნძულზე თუ აფიქრებს მწარედ დაღვრემილს?
ან იქნებ ფიქრობს
ძველ საფრანგეთზე,
თავის თავზე და
ზეციურ ღმერთზე?
სამშობლო მხარე
თუ აგონდება
და მისთვის შფოთავს,
მისთვის ღონდება?
ან იქნებ ახსოვს
ბრძოლისა ველი,
ცეცხლად ქცეული
და საკვირველი.
გულს უკლავს სკიპტრა
ოხრად შთენილი
და რესპუბლიკა
კვლავ აღდგენილი?
გმირო, იქნება სული შენი ჩვენს მოკვდავ სოფელს
სთხოვს უჩვეულოს, გასაკვირველს და მიუწვდომელს?
მითხარი, გმირო, რა გაწუხებს, რა გავალალებს,
საით მიაპყრობ შენს გამჭრიახ და ძლიერ თვალებს?
განა კვლავ გესმის რჩეულ რაზმთა მქუხარე ჰანგი,
ფიქრი ისევე ამ სოფელზე გაწუხებს განა?
და ისევე გსურს, რომ მღეროდეს შენივე ჩანგი:
- „შენ, იეღოვავ, ცა გეკუთვნის, მე კი ქვეყანა!“

1909

??????