შემოდგომის დღე
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!
დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი;
როგორ ეკვრება ცას ბნელი ჩრდილი,
როგორ ირხევა გაძარცული ტყე...
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!
სცვივა და სცვივა ხეებს ფოთოლი,
გაყვითლებული, უდროოდ მჭკნარი;
დაბერავს რისხვით, დაბერავს ქარი,
გაყვითლდა მდელო, გაყვითლდა მოლი...
სცვივა და სცვივა ხეებს ფოთოლი.
სავსე ვარ რაღაც იდუმალ გრძნებით,
გამოუთქმელი მიტაცებს შვება.
რა არის იგი - ბედნიერებით
გამოწვეული უბედურება,
თუ უბედობა სიმწარე-ვნებით?
დამშვიდდი, გულო, შეგიყვარდება
ვინმე ამქვეყნად... დამშვიდდი, გულო!
წავა დღეები უსიხარულო,
ისევ აღდგება გამქრალი ვნება,
ჩემო ოცნებავ და სიყვარულო!
წავიდა, გაჰქრა... ვერ შევეკითხე,
რისთვის გამშორდა, რისთვის წავიდა...
გამიქრა სულის ოცნება წმინდა...
ილულება მზე, იძარცვება ტყე...
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!
1912