ბექაური მარი
გაზიარება

დები 

კენჭებით ვთამაშობთ. ისეთი თხელია დები, რომ ზოგჯერ მეშინია, ნაფოტებად არ დაიშალოს. ხმას არ ვიღებთ. კენჭებს ერთმანეთის "ტერიტორიაზე" ვაწყობთ და ვითვლით, ვის უფრო მეტი აქვს. დედამ გამაფრთხილა, "დები ავადაა და ყველაფერი დაუთმეო." ჩვენ სისხლი გავცვალეთ და საიდუმლოდ ვინახავთ, რომ ღმერთის არ გვჯერა. დები ამბობს, "თუ ღმერთი არსებობს, მე უფრო მსუქანი ვიქნებოდიო." ღამღამობით, როცა დების საწოლთან დაყუდებული დედა დაბალი ხმით კითხულობს ლოცვებს, ჩვენ საბანს ვიფარებთ თავზე და ვიცინით. მერე დედა იხრება და გვკოცნის. მე ორჯერ, დების - ოთხჯერ. შუქს აქრობს და ოთახიდან გადის. მალე შეხებას ვგრძნობ. დები მაგრად მიჭერს ხელს და ჩურჩულით მაფრთხილებს: "ტურა მოფრინავს". შეშინებულები ერთმანეთს ვეკვრით. ტუჩებს თვალებზე ვაწებებ ჩემს დას და მიკვირს, რატომაა ასე მლაშე მისი თვალები.

  დებიმ აიჩემა, ქანდაკება ვარო. შუაგულ ოთახში გაუნძრევლად დგას და არ მიყურებს. ვხმაურობ. მინდა, ყურადღება მომაქციოს. მაგრამ არ მიყურებს და სულ უფრო თეთრდება. საჩვენებელი და შუათითი მის თვალებთან მიმაქვს და ველოდები. ურეაქციოა. ვბრაზდები. "შემომხედე!" - ვუყვირი, მაგრამ არ იმჩნევს. "შემომხედე!" ხმას არ იღებს. მხრებში ვეჭიდები და ვანჯღრევ. ისეთი თეთრია, ვეჭვდები, სისხლი არ აქვს-მეთქი... ყვირილზე დედა შემოდის. ფითრდება. 
-შეეშვი! - მიახლოვდება. 
-მაშინ შემომხედოს.
-მე რა გითხარი! - დედა სახეში მირტყამს. 
 ხელებს ვაშორებ ჩემი დის მხრებს და მთელი ძალით ვცდილობ ცრემლების შეკავებას. ვიცი, ახლა არ უნდა ვიტირო. ჩემსა და დედას შორის სიჩუმე იდება. დები ნელა წევს ხელებს მაღლა და ტაშს უკრავს. 
-გეტკინა? - მეკითხება არაბუნებრივი ხმით.
ახლა მე აღარ ვიღებ ხმას.
-გეტკინა?! - ყვირის და სიცილი უტყდება.
-ხომ გეტკინა?! 
-ქანდაკება აღარ ხარ? - სიბრაზეს ვერ ვფარავ.
-ახლა ხომ გაიგე?! აღარ მატკენ! - სიცილისგან ხმა უწყდება და ახველებს.
 დედა ჩუმად მკოცნის თავზე. ისე, რომ დებიმ ვერ შენიშნოს და ვხედავ, როგორ ტირის დედაჩემი.

  დები ზურგზე მაზის. მე დაოთხილი დავდივარ ოთახებში. უხარია. "ცხენი მყავსო" - იძახის. არ მომწონს ეს თამაში. ვჩერდები და ველოდები, როდის ჩამოვა ჩემი ზურგიდან. მუხლები და ხელისგულები დასვრილი მაქვს. დების დოქით წყალი შემოაქვს. ხელებზე მასხამს და მთელი ძალით მისრესს ხელისგულებს. საოცრად ბედნიერია. 
-ახლა მე ვიქნები შენი ცხენი. - მთავაზობს სიცილით და არ იცის, რომ ასე არ შეიძლება.
-არ მინდა. - მოკლედ ვუჭრი.
-მე მინდა. - იღუშება.
-არ შეიძლება, დები.
-რახან გამხდარი ვარ, მაგიტომ?
-ხო.
-მაშინ მუცელი ამილოკე. - ისევ უბრწყინდება სახე. 
-ესეც არ შეიძლება. 
-რატომ? - ისევ ის სითეთრე აფარია.
-გვეჩხუბებიან.
-ვერ გაიგებენ… გთხოვ.
-არა, დები. - ვტრიალდები. არ შემიძლია მისი სითეთრის ცქერა და ამ უაზრო სურვილების ასრულებითაც დავიღალე. ჩემკენ გამორბის, წინ მეტუზება და შეშინებული სახით მეკითხება:
-აღარ გიყვარვარ?
-კი.
-მაშინ რატომ არ მეთამაშები?
-დავიღალე. 
ცოტა ხანს ფიქრობს, მერე თითქოს რაღაცას მიხვდაო, ერთბაშად წევს თავს და დამარცვლით ამბობს:
-არა, აღარ გიყვარვარ. ვიცი.
-სისულელეა.
-ეგრეა. 
იატაკზე ჯდება. ხელებს კეფაზე იწყობს და ისე მომშტერებია, ცოტაც და ყვირილს დავიწყებ.
-ყველაზე მეტად მე უნდა გიყვარდე, გაიგე?! - ისტერიული ხმა აქვს.
-მე მიყვარხარ, დები.
-არა! მე სხვა რაღაცას ვამბობ. მე უნდა გიყვარდე, სხვები - არა.
-სხვებიც რომ მიყვარდეს?
-არ შეიძლება. სხვებმა არ იციან ჩვენი საიდუმლოები... დამპირდი!
-დები, ნუ ჯიუტობ!
-არა! დამპირდი! - ძალიან თეთრია.
გვერდზე ვუჯდები და ვცდილობ, დავაწყნარო.
-აბა, დაფიქრდი...
-არ მინდა. მარტო მე უნდა გიყვარდე! დამპირდი!
 იმ წუთას ძალიან მინდება, ღმერთის მწამდეს, მაგრამ აღარ მწამს. ღმერთი რომ არსებულიყო, დები უფრო მსუქანი იქნებოდა. 
-დამპირდი! 
დები სახეს სახეზე მაწებებს. 
-ეს ჩემია. ორივე ჩემია. ჩემი კიდევ - შენია. ნუთუ ვერ ხვდები?!
 მისი ტუჩები ტუჩებზე მედება და თითქოს ორივენი ვლაპარაკობთ.
ცოტაც და ისევ ვგრძნობ ნაცნობ სიმლაშეს, რომელიც დების თვალებიდან ჩემს თვალებშიც იღვრება. თევზის სუნი გვაქვს.

  დები გაღიმებული სახით დგას სარკის წინ. პერანგი კისრამდე აუწევია და ოდნავ ამოზრდილ კოკრებს ხელით ისინჯავს. 
-ხედავ? - ჩემკენ ტრიალდება.
-ჩამოიწიე პერანგი. - ინსტინქტურად ვაბრუნებ თავს. რაღაცნაირად ვხვდები, რომ ეს სირცხვილია.
-არა. ლამაზებია. 
-სირცხვილია, დები.
 ყურადღებას არ მაქცევს. მერე თითქოს ავიწყდება ჩემი იქ ყოფნა. რაღაცას ღიღინებს. ეს სიმღერა პირველად მესმის. ალბათ, თვითონ გამოიგონა. უცებ ფითრდება. სწრაფი ნაბიჯით მიახლოვდება და მაისურს მაღლა მიწევს. ფრთხილად ვეწინააღმდეგები. მეშინია, რამე არ ვატკინო. არ მანებებს. ინტერესით მაცქერდება მკერდზე და გაოგნებული მეკითხება:
-შენ რატომ არ გაქვს? 
-ეგენი მარტო გოგოებს ეზრდებათ. 
თითქოს მიხვდაო. 
-ააააა! - წელავს ჩაფიქრებული.
მერე კისერზე ხელებს მაჭერს.
-გტკივა?
-არა.
-უნდა გეტკინოს.
-მაშინ მტკივა.
-ღმერთი არ არის, გაიგე?! - მიცვალებულზე უფრო თეთრია.
-ვიცი.
მშორდება. ხელებს ისრესს და ღიმილით ამბობს:
-ცოტაც და თითები დამემტვრეოდა…

  დედა ნებას გვრთავს, ეზოში ჩავიდეთ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მე პირობას დავდებ, რომ დების გვერდიდან არ მოვცილდები. დები გრძელ ნაბიჯებს დგამს. ერთდროულად კიბის ორ საფეხურს ახტება. უჩვეულოდ აღტყინებულია. "უფალო შეიწყალე შვილი შენი დებიო" - უაზროდ იმეორებს. წუხელ მოკრა ყური, როცა დედა ლოცულობდა. არ იცის, რომ უფალი იგივე ღმერთია, თორემ არ იტყოდა. მაღალი ალვის ქვეშ, სკამზე ვსვამ და ვაფრთხილებ, არსად წავიდეს, ჭკვიანად იყოს და დამელოდოს. თვითონ იქვე, ახლოს, მოედანზე გადავდივარ, სადაც ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ. მიხარია. თითქოს გავთავისუფლდი. სწრაფად დავდევ ბურთს და სახელოთი ოფლს ვიწმენდ, რომელიც წურწურით მდის საფეთქლებიდან. უცებ ყველა ჩერდება. რაღაცას უყურებენ და იცინიან. ვტრიალდები. ვხედავ: დების პატარა ლეკვი უჭირავს ხელში, მაისური ისევ კისრამდე აუწევია, თითით მკერდზე ანიშნებს ძაღლს და ეუბნება, "მოწოვეო." ლეკვი საცოდავად ღმუის და ცდილობს, თავი დაიხსნას. მაგრამ დები მაგრად უჭერს ხელს. მერე მასავით ღმუილს იწყებს და ვერ ამჩნევს, რა ხდება მის გარშემო. ბურთს თავს ვანებებ და ჩემს დასთან გავრბივარ. უკნიდან ხმები მომყვება: "დები, გიჟო!" "დები, ძაღლო!" ეს ხმები მაგრად მიჭერს გულში და ვხვდები, რას ნიშნავს ტკივილი. "არ გაბედოთ!" - ვღრიალებ და მუშტებს ვიქნევ. არაფერი ვიცი იმის გარდა, რომ ყველა მტერია, რომ ყველას უნდა დავარტყა, რათა თვითონაც ეტკინოთ და რომ ღმერთი არ არსებობს...
  ხელს ვკიდებ დების და სახლისკენ მივათრევ. "არა, არ მინდა! ჯერ არ მოუწოვია!" - ღრიალებს და ცდილობს, თავი გაითავისუფლოს. მე უთქმელად ვექაჩები და მჯერა, რომ ცხოვრებაში აღარასოდეს ამოვიღებ ხმას… 
 დები ლოგინზე წვება. მაისურს ისევ ზემოთ ექაჩება და სიცილით მიმანიშნებს კოკრებზე. 
-გინდა, ხელი დაგადებინო? - მეკითხება ინტერესით.
  მის საწოლზე ვჯდები. თავს მკერდის ქვემოთ ვადებ და თავს ვაიძულებ, ახლაც არ ვიტირო. დების შიშველი ხორცის სუნი ასდის. სიმლაშე გაშრა. ვრწმუნდები, რომ ჩემი და მართალია. არავინ შეიძლება მიყვარდეს მის გარდა. ამას ბავშვური ალღოთი ვგრძნობ და მუცელზე ჩემს ხაოიან ენას ვუსვამ. იცინის. "კიდევ, კიდევ!" - ყვირის მთელ ხმაზე. მე კიდე ძვლებს ვუსველებ. მინდა, გაიგოს, რომ მტკივა. რომ მიაღწია თავისას და ახლა უფრო მეტად მტკივა, ვიდრე თვითონ. და ასე, გაუჩერებლად ვლოკავ დების, სანამ არ გამოშრება მისი სითეთრე...
-რას აკეთებ?! - მესმის დედაჩემის აკანკალებული ხმა. ვბრუნდები. ვუყურებ დედაჩემს და ვიცი, ახლა უფლება მაქვს, ვიტირო, მაგრამ არ ვტირი.  

  სიჩუმე ობად მოსდებია ოთახებს. სახლში არავინ ლაპარაკობს, დების გარდა. თითქოს დუმილი დააკანონეს. დედა უცნაურად მაცქერდება ხოლმე და სულ ცრემლები უდგას თვალებში. მე კი დანაშაულს ვგრძნობ იმის გამო, რომ ავადმყოფი დებია და არა - მე. მაგრამ უკვე ვიცი ის - მთავარი, რაც წესით უფრო გვიან უნდა გამეგო. ყველანი ვგრძნობთ, რომ რაღაც შეიცვლება და გვაშინებს ეს ცვლილებები. დები იმიტომ კი არაა თეთრი, რომ ღმერთის არ სწამს. ეს მხოლოდ მისი ავადმყოფობის ბრალია. 

  ფანჯარასთან ატუზული მალულად ვუცქერ, როგორ მიჰყავთ დები სხვა სახლში, სადაც მხოლოდ მისნაირები არიან. დები ტირის და განუწყვეტლივ ჩემს სახელს გაიძახის. თითქოს აქ ვგრძნობ, მისი მლაშე თვალების გემოს. "ღმერთო, შეიწყალე შვილი შენი დები!" - ვიმეორებ. პირველად ვტირი და ვიცი, რომ თევზის სუნი მაქვს.

??????