* * * საღამოვ, ვიცი, ბაღში შეხვალ...
საღამოვ, ვიცი, ბაღში შეხვალ ეკლესიიდან
და გაოცების მწუხარებას მასთან მიიტან.
თითქო ბეჭდებზე დაგეყრება ვარდების ცვარი
და სურნელებით აივსება შენი ლოცვანი.
და მხოლოდ ღამით იგრძნობს სული, როგორც სამებას:
ყვავილებს და ცას, საუკუნო გამოსალმებას.
მოგონებები ელვარებენ ისევ ბეჭდებად,
მოვა დემონი, დაფიქრდება და შეეჭვდება.
და სავანისგან სიზმარივით მიაქვს ღამის ქარს
მხევალთ გალობა: შეიბრალეთ! იგი წმინდა არს!
1915