ღმერთო, მეცინება!
ერთი უცნაური ამბავი უნდა მოგიყვეთ. არ ვიცი, მკითხველი რამდენად მიიჩნევს მას უცნაურად, მაგრამ ფსიქოლოგები, თერაპევტები, ფსიქიატრები, ყველა, ვისაც ამ ამბის ამოსახსნელად მივაკითხე, აღნიშნავდა, რომ ეს მათ პრაქტიკაში ჭეშმარიტად ყველაზე საინტერესო შემთხვევა იყო. რაც შეეხება ჩემს ამბავს, მოდით, თავიდან მივყვეთ…
ბავშვობაშივე დავასკვენი, რომ ყველაზე ზეშთაგონებული სახეები ადამიანებს მეტროთი მგაზვრობისას ჰქონდათ. როგორც კი პირველად ეს აზრი გამიჩნდა, მაშინვე შევუდექი გადამოწმებას. თხუთმეტი წლისამ ერთი პატარა კვლევა განვახორციელე. ორი კვირის განმავლობაში ვმგზავრობდი სხვადასხვა ტრანსპორტით: სამარშუტო ტაქსით, ავტობუსით, ტრამვაით, მეტროთი, ყოველდღე ორ-სამ საათს და ბლოკნოტში აღვნიშნავდი მგზავრთა და ამათგან ზეშთაგონებული გამომეტყველების მქონეთა რაოდენობას. ბოლოს პროცენტულად გამოვთვალე და შედეგმა დაადასტურა ჩემი ჰიპოთეზა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, გადაადგილების ერთადერთ საშუალებად მეტრო ამერჩია, რადგან ძალიან დამაინტერესა, რა იყო ამ ზეშთაგონების მიზეზი. საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომელსაც პრაქტიკულად ვერ გადავამოწმებდი, წინააღმდეგ შემთხვევაში გიჟად შემრაცხავდნენ. ამიტომ ვარაუდს დავჯერდი: ადამიანებს სამარშუტო ტაქსით ან ავტობუსით მგზავრობისას საშუალება ეძლევათ ქუჩების, შენობებისა თუ სკვერების ყურებაში გაიყვანონ დრო. შესაბამისად, ათას სისულელეზე ფიქრობენ. მაგრამ მეტროში – დახურულ სივრცეში, სადაც ერთადერთი ხედი შენ პირდაპირ ან გვერდზე მჯდომია, ჭედვისას კი - წინ დაყუდებული ფეხზემდგომი ადამიანის სასქესო ორგანო, შეუძლებელია, ცუდ გუნებაზე არ დადგე და ცხოვრების ამაოებაზე არ დაიწყო ფიქრი. ანუ: ავტობუსის, ტრამვაის, სამარშუტო ტაქსის მგზავრებს ჩაფიქრებული სახეები აქვთ, ხოლო მეტროს მგზავრებს – ზეშთაგონებული. არ ვიცი, რამდენად სწორია ჩემი ეს მეორე ჰიპოთეზა, მაგრამ ინტუიტურად და არა ლოგიკურად, მაინც ვფიქრობ, რომ არ ვცდები... დავუბრუნდეთ ამბავს, რომელიც ამ დასკვნებიდან შვიდი წლის შემდეგ გადამხდა თავს და რომელმაც კინაღამ ჭკუიდან შემშალა… ერთხელ, მეტროთი მგზავრობისას, როცა დაღლილობისგან უაზროდ გადამქონდა მზერა ზეშთაგონებული სახეებიდან ფანჯრებზე, ფანჯრებიდან – სარეკლამო განცხადებებზე და სარეკლამო განცხადებებიდან – კარებზე, რომელიც ყოველ ორ წუთში ერთხელ იღებოდა და იკეტებოდა, არც მეტი, არც ნაკლები – საშინელი სიცილი ამიტყდა. კურტ კობეინივით ვაქნევდი თავს და ხმამაღლა ვხარხარებდი. რაღაც ისტერიულ შეტევას ჰგავდა. არადა ისტერიული ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ... როდესაც შეტევამ გადამიარა და დავწყნარდი, შევნიშნე, რომ ვაგონში მყოფი აბსოლუტურად ყველა მგზავრი დაეჭვებული გამომეტყველებით მომჩერებოდა. რასაკვირველია, ძალიან შემრცხვა და კარების გაღებისთანავე გარეთ გავვარდი. ვიდრე ავტობუსით სახლში დავბრუნდებოდი, ეს შემთხვევა გადამავიწყდა და არც გამხსენებია, სანამ რამდენიმე დღის მერე ისევ არ მომიწია მეტროთი მგზავრობა. ალბათ არც მაშინ მივაქცევდი ყურადღებას, იგივე რომ არ განმეორებულიყო… დაღლილი და მძიმე სამუშაო დღით ცოტა არ იყოს, ფრუსტრირებული, ვბრუნდებოდი შინ, რომ ზუსტად იგივე დამემართა. კვლავ ისტერიული სიცილი ამიტყდა. არანორმალურივით ვიცინოდი. მერე უეცრად დავმშვიდდი და ისევ ის კადრი წარმომიდგა: უკლებლივ ყველა მგზავრი – ქალიან-კაციან-ბავშვიანად, ახალგაზრდა-მოხუციანად, ყველა მე მიყურებდა. ძნელი მისახვედრი არაა, რა გრძნობა დამეუფლა. შიშისგან ლამის სული გავაფრთხე… მაგრამ მთავარი ეს არაა. ხომ შეიძლება, რაღაც დამთხვევა მომხდარიყო ან უბრალოდ წინა ამბავი გამახსენდა და იმაზე გამეცინა. მაგრამ არა! მას შემდეგ, რამდენჯერაც მეტროში ჩავიდოდი, იმდენჯერ მსგავსი რამ მემართებოდა. ყოველთვის ერთი და იგივე. გადავწყვიტე, მიზეზი დამედგინა და ფსიქოლოგთან წავედი. ფსიქოლოგი შავგვრემანი, შავთმიანი, შავთვალწარბა შუახნის ქალი აღმოჩნდა. მიუხედავად ასაკისა, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფეხიფეხზე გადადებული იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. უნდა ვაღიარო: საშინლად აღმაგზნო სიგარეტის ნამწვზე დარჩენილმა მისი წითელი პომადის კვალმა. მაგრამ არ იფიქროთ, თითქოს ბოლოს ეს ქალი შემიყვარდა ან მასთან ვიწექი. ასე ბანალურად ნამდვილად არ გრძელდება ჩემი ამბავი… მოკლედ, სექსუალურმა ფსიქოლოგმა, სანამ რამეს ვეტყოდი, რატომღაც ივარაუდა – ალბათ ჩემი ასაკიდან გამომდინარე, რომ პრობლემა, რის გამოც მას მივაკითხე, ან სიყვარული იყო ან ოიდიპოსის კომპლექსი და როდესაც მასთან მისვლის ნამდვილი მიზეზი გაიგო, გაოცება ვერ დაფარა. "როგორ თუ გეცინებათ? კი მაგრამ, ყოველთვის?!” – ჩამეძია გაკვირვებული. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და იმ წუთას ანუ თავის დაქნევის მომენტში მივხვდი, რომ ეს ქალი ვერაფერს მიშველიდა. არც შევმცდარვარ. პირველი სეანსის დასრულებიდან რამდენიმე საათში დამირეკა და სხვა ფსიქოლოგის ნომერი მომცა. ისიც დაამატა, რომ მისი, როგორც პროფესიონალის თვითშეფასებას საფრთხე ემუქრებოდა და მთხოვა, აუცილებლად გამაგებინე, თუ რაიმეს გაარკვევო. ზრდილობიანად დავეთანხმე. მეორე დღეს კი ახალ ფსიქოლოგს ვესტუმრე. ამჯერად არ გამიმართლა. როდესაც კარი შევაღე, შავგვრემანი, შავთმიანი, შავთვალწარბა, ოღონდ - მამაკაცი დავინახე. მაგიდასთან იჯდა და ქაღალდზე რაღაცას ხატავდა. მძიმედ ამომხედა და კითხვისგამომხატველი მზერა მომაშტერა. "გამარჯობა.” – ვთქვი მე. "ააა, უცნაური შემთხვევა?” – მკითხა. სიტყვა "უცნაური” გამოკვეთილად გამოთქვა. მის პირდაპირ სავარძელში მოვთავსდი და ხელახლა შევუდექი ჩემი ისტორიის მოყოლას. თან თვალი მაინც იმ ნახატისკენ გამირბოდა და ვცდილობდი გამომეცნო, რას წარმოადგენდა ფურცელზე გამოსახული უფორმო არსება, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ცხოველის ნიშნებს შეიცავდა, მაგრამ მთლიანობაში არცერთს ჰგავდა. რამდენიმე წუთში ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა. კაცი მოურიდებლად მაკვირდებოდა, მე კი გონებაში ყველა ჯიშის ყველა ცხოველს აღვადგენდი. "რაიმე განსხვავებული ხომ არ გაკავშირებთ მეტროსთან?” – მკითხა ბოლოს. ნამდვილად ვერ მივხვდი, ამ განსხვავებულში რას გულისხმობდა და განმარტება ვთხოვე. "ანუ რამე თქვენთვის მნიშვნელოვანი ხომ არ მომხდარა მეტროთი მგზავრობისას? კონკრეტულად ამ პერიოდს არ ვგულისხმობ. შესაძლოა, ორი წლის წინ, შესაძლოა, სულაც ბავშვობაში… იქნებ გაიხსენოთ…” თვალი გადავავლე წარსულს და უცებ, მართლაც ამომიტივდა შვიდი წლის წინანდელი ექსპერიმენტი ზეშთაგონებულ სახეებზე… ყველაფერი აღტაცებით ვუამბე. ვხვდებოდი, რომ ამბის გასაღებს მივაგენი და სიხარულისგან ღიმილს ვეღარ ვიკავებდი. პრობლემა გარკვეული იყო. როგორც ფსიქოლოგმა ამიხსნა, სიცილის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენდნენ ადამიანები, რომლებიც მეტროთი მგზავრობისას ზეშთაგონებულ სახეებს იღებდნენ. მე კი იმიტომ ვერ ვაკონტროლებდი თავს, რომ ჩემ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი იმპლიციტურ ანუ არაცნობიერ მეხსირებაში ინახებოდა და აი, შვიდი წლის შემდეგ შემახსენა თავი. "ახლა კი, ვინაიდან უკვე გააცნობიერე მიზეზები, შეგიძლია მშვიდად იმგზავრო მეტროთი,” – დაასრულა ახსნა რთული ამოცანის გადაწყვეტით გახარებულმა კაცმა… კაბინეტი დავტოვე სრულიად ნეტარმა და ბედნიერმა. თუმცა მაინც არ მომასვენა ნახატთან დაკავშირებულმა ფიქრებმა და ბოდიშის მოხდით ვკითხე, რა ცხოველი იყო გამოსახული ქაღალდზე. "არარსებული ცხოველი.” – მომიგო ღიმილით, _ "ახალ მიდგომებს ვსწავლობ. კერძოდ, არტთერაპიას. ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ არის ფესვგადგმული. პაციენტს სთხოვენ არარსებული ცხოველი დახატოს და ამით იგებენ მის პიროვნულ თვისებებს. წეღან მეც ვცდილობდი მის დახატვას.” ორივეს გაგვეცინა, მერე ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და დავშორდით… ბუნებრივია, მეტროს ფობიისგან გავთავისუფლდი. საოცარ შვებას ვგრძნობდი და ახლა უკვე საკუთარი თავი მგვრიდა ღიმილს. დიდი აბდაუბდა ვინმე კი ვყოფილვარ. მაინც როგორ ვახერხებდი თხუთმეტი წლის ასაკში, როცა სხვა მოზარდებს სექსზე ფიქრისა და ჰორმონების გააქტიურების გამო სახეზე "პრიშჩიკები” გამოსდით, ასეთი ინტერესები მქონოდა და მსგავსი საოცარი და ამჟამინდელი გადასახედიდან – სასაცილო, ექსპერიმენტები მეტარებინა? მოკლედ, ამეებს შევეშვათ და ჩემს ამბავს მივხედოთ, რომელიც, სამწუხაროდ, ამით არ სრულდება… მეორე დღეს გვიან გამეღვიძა. კარგ გუნებაზე ვიყავი. ჩქარ-ჩქარა დავლიე ყავა, მოვემზადე და სამსახურისკენ გავწიე. სანამ ავტობუსს ველოდებოდი (მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდი ან ავტობუსით ან სამარშუტო ტაქსით ვმგზავრობდი), აზრად მომივიდა მეტროთი წასვლა. ყოველგვარი შიშის გარეშე შევედი ვაგონში და მოხუცი ქალის გვერდზე დავჯექი. ისევ ზეშთაგონებული სახეები. ისევ სარეკლამო განცხადებები და ისევ ფეხზემდგომთა სასქესო ორგანოები... რასაც ვერაფრით წარმოვიდგენდი, ის მოხდა. ანუ მაინც მოხდა. ანუ ყველაფერი განმეორდა… თავდაპირველად შედარებით ხმადაბლა გამეცინა. მაშინვე გავაანალიზე, რომ იგივე მემართებოდა და მთელი ძალების მობილიზება მოვახდინე, რათა როგორმე თავი შემეკავებინა. წამიერად მივაღწიე კიდეც მიზანს, მაგრამ უცებ, თითქოს უზარმაზარი ტალღა მოვარდაო, გასაოცარი ბგერები ამოვუშვი – თანაც წარმოუდგენლად მაღალ ხმაზე. ვიცინოდი. გაუთავებლად ვიცინოდი. არა, კი არ ვიცინოდი, ისე ვხარხარებდი, რომ ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა და სუნთქვა ისე მეკვროდა, ლამის გავგუდულიყავი… ამჯერად მომდევნო კადრი შეიცვალა: აბსოლუტურად ყველა მგზავრი მე მიყურებდა, მაგრამ ასევე აბსოლუტურად ყველა მგზავრი ჩემთან ერთად ხარხარებდა… რა თქმა უნდა, ამ შემთხვევამ თავზარი დამცა. ნერვები ისე მქონდა აწეწილი, ადვილი შესაძლებელი იყო, დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი. ასე რომ, დიდხანს აღარ მიცდია და ფსიქოლოგის მაგივრად პირდაპირ ფსიქიატრს მივაკითხე. უკვე მესამედ ვყვებოდი ჩემს ისტორიას. თუმცა ამ ისტორიის მოყოლა მომავალშიც უამრავჯერ მომიწევს, მომავალშიც უამრავჯერ მომისმენენ შავგვრემანი და ქერა ფსიქიატრები, ფსიქოლოგები და თერაპევტები, მაგრამ ვერცერთი მათგანი ამოხსნის გამოცანას – რატომ მეცინება. შემთხვევამ, რომელიც ვერ განიმარტა ვერც ფროიდითა და ფსიქოანალიზით, ვერც სკინერითა და ბიჰევიორიზმით და სხვა ათასი უბედურებით, პირდაპირ გაანადგურა ყველა იმ ადამიანის თვითრწმენა, ვისთანაც ამ საკითხთან დაკავშირებით შეხება მქონდა. ვერავინ ხვდებოდა მიზეზს. საბოლოოდ, იმდენად დამთრგუნა მთელმა ამ აჟიოტაჟმა, რომ გადავწყვიტე, მარტივი გამოსავალი მომენახა – აღარასოდეს მემგზავრა მეტროთი… წავშალე ყველა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ნომერი და თავი დავაჯერე, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო… უნდა ვაღიარო, შინაგანად დავმშვიდდი. უკვე აღარ ვიჭყლეტდი ტვინს სიცილზე ფიქრით. ყოველ დილით წყნარად ვდგებოდი ლოგინიდან და ავტობუსით მივეშურებოდი სამსახურში. ჰო, სხვათა შორის, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს დასკვნებში – ავტობუსი საშუალებას გაძლევს მგზავრობისას ქუჩებს, შენობებსა თუ სკვერებს უცქირო და ათას სისულელეზე იფიქრო. ამიტომაც აუცილებლად გექნება ჩაფიქრებული, მაგრამ არა – ზეშთაგონებული სახე. ზეშთაგონება მხოლოდ მეტროს მგზავრთა ხვედრია… როგორ დასრულდა ჩემი ამბავი? იმაზე გაცილებით მარტივად, ვიდრე ნებისმიერს შეუძლია წარმოიდგინოს... სამი თვის შემდეგ სრულიად შემთხვევით ანუ ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვისა და განსჯის გარეშე, უეცრად გადავწყვიტე მეტროში ჩასვლა. სანამ ექსკალატორზე ვიდექი, დაძაბული ვფიქრობდი, რა მოხდებოდა. ანუ მოხდებოდა თუ არა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ასევე დაძაბულმა გადავინაცვლე ვაგონში და ვინაიდან ყველა სკამი დაკავებული იყო, ვიღაცის თავთან დავეყუდე და სასქესო ორგანო მის მზერას გავუსწორე. თავად კი ჩვეულებისამებრ ვათვალიერებდი ზეშთაგონებულ სახეებს, სარეკლამო განცხადებებს, მოკლედ, ყველაფერს, რასაც შეიძლება მეტროში უყურო. ვაგონში შესვლიდან დაახლოებით ათ წუთში რაღაც დანაკლისის გრძნობა დამეუფლა. ვერაფრით ვხვდებოდი, რა იყო ეს. უბრალოდ ვიცოდი, რომ ამ ვაგონს ან ამ ადამიანებს ან თავად მე - რაღაც აკლდა. მაგრამ ეს გრძნობა გაცილებით უმნიშვნელო გახლდათ იმ მტანჯველ მოლოდინთან შედარებით, რასაც განვიცდიდი. შიში მღრღნიდა, რომ კვლავ დამეწყებოდა სიცილის შეტევა. თუმცა არაფერიც არ მომხდარა. ბოლო გაჩერებამდე ვიმგზავრე. ველოდი, როდის მოხდებოდა, მაგრამ არ მოხდა. "რა უბედურებაა ჩემს თავს?” – გავიფიქრე. წარმოგიდგენიათ? იმდენად დარწმუნებული ვიყავი, სიცილი ამიტყდება-მეთქი, რომ თითქოს გულიც კი დამწყდა, ასე რომ არ მოხდა. თუმცა ახალი ინტერესი უკვე გამაჩნდა – მეპოვა პასუხი კითხვაზე: რატომ არ გამეცინა… სახლში დაბრუნებულმა ცოტა დავისვენე, სული მოვითქვი, მერე კი იატაკზე დავწექი, თვალები დავხუჭე და ვცადე მთლიანად აღმედგინა პირველი შემთხვევა ისტერიული სიცილისა. შეძლებისდაგვარად ცხადად წარმოვიდგინე ის სიტუაცია და ვინაიდან ვერაფერს მივაგენი, განსხვავების აღმოჩენის მიზნით, დილანდელი მგზავრობაც მოვიგონე. მინდოდა, გამეგო, რამ გამოიწვია ჩემში დანაკლისის გრძნობა და უცებ, ყველაფერს მივხვდი. ევრიკა! დანაკლისს წარმოადგენდა განცხადება, რომელიც, როგორც ჩანს, ჩამოხიეს ან ზედ სხვა განცხადება გადააკრეს. მაშინ კი თვალნათლივ წარმომიდგა პირველი შემთხვევა. გამახსენდა, როგორ გამაოცა ამ განცხადების ტექსტმა, რამდენიმე წუთში კი ეს გაოცება სიცილად მექცა და შემდეგ, ყოველთვის, როცა მას ვხედავდი, გაუცნობიერებლად ვაკავშირებდი წინა შემთხვევასთან და სიცილი მიტყდებოდა. მითუმეტეს, რომ ზოგჯერ ვერც კი აღვიქვამდი, ვერ ვაფიქსირებდი, შევხედე თუ არა საერთოდ მას. მოკლედ, ჩემი უცნაური ამბის მიზეზი მართლაც სასაცილო აღმოჩნდა, თუმცა განცხადების შინაარს ნამდვილად ვერ შეედრებოდა: "აქ არ მოფსათ. ღმერთი დაგსჯით!”