ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

კოშკი 

ინგრევა კოშკი საუკუნით აშენებული!
წინაპართაგან მოტანილი ძვირფას ბროლებით,
ცვივა სარკმლები ბედისწერით დაშინებული,
დაშინებული ბედისწერის გამოქროლებით.
სვეტები, რომელთ თავზე ადგა ელვარე თაღი,
წარსულთა დღეთა მტკიცე ბურჯი და მეგობარი,
დგას დაქანცული, გაძარცული, უიარაღო,
ყველასთვის უცხო და ყველასთვის გაუგებარი.
ინგრევა კოშკი სიყვარულით აშენებული,
ვით ძველი რომი, ან ბაგრატის კოშკი-ტაძარი;
სახე გამხდარი, გესლიანად გაცინებული
აქ ისევ გაჩნდა შიშის ლანდი უზარმაზარი;
კოშკის ძველისძველ ფოლიანტზე რაღაც დასწერა
და შემოხაზა გამოუცნობ ნების რკალებით...
ალბათ მოხდება სასწაული საბედისწერო...
ნუთუ არავის, არავის არ შევებრალებით?
ოჰ, გული, გული! რანაირად მტკივა ეს გული!
კოშკში ღამეა... უკვე ჩაჰქრა, ჩაჰქრა სანთელი,
დედა, სადა ხარ! მამა, სად ხარ! ან რად მინდოდა
ეს ტაშისცემა, ეს ვარდები, ეს ჟრუანტელი?
„მოჰყვები ქვეშ ამ უხეშ კედლებს ჩუმ ხეტიალით“ -
მესაუბრება წინათგრძნობა დაჟინებული...
აჰა! ყრუ რყევით, ხმაურობით, გრგვინვა-გრიალით
დაეცა კოშკი, სიყვარულით აშენებული!

1916

??????