ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

ძველი ალბომი 

ვთლი კომშს და ვსუნთქავ სურნელს ბიისფერს,
კახურად ვთლი და ვგრძნობ იმერულად,
ჩემ გულისცემას ახლა ვინ ისმენს,
ან თვალს ვინ ამჩნევს რომ მიმელულა.?!

სიჭრელე ახსოვს თვლემის ღრიჭოებს,
უეცარ ხილვით გადაგლესილი,
რად ენატრებათ ამ უნიჭოებს
რომ მომაწვდინონ ხმა დაგესლილი?!

მაგრამ მე ვუძლებ ამ რეალობას
და სიზმარ-ცხადის ზღვართან კაბები
სურვილს და სურნელს აშრიალებენ 
სიამით ვნებაასაკაფები.

და ყველაფერი, რაც მე გიამბეთ
ამ ძველ ალბომში თვლემს ფოტოებად
მაგრამ დროს უყვარს ძველი იამბის 
და სახეების გამოტოვება. 

ამიტომ ლექსშიც გადმოვიტანე,
ტანგოს რიტმი და ქროლვა ვალსების
და გოგო, როგორც მკლავზე გიტარა 
მე რომ მიყვარდა მთელი არსებით. 

*
შეხედე, მერე დახუჭე თვალი,
ზღვის სუნთქვის სივრცე 
მერამდენედ გადაინახე ხსოვნაში, 
სადაც თოლიებიც ირევიან, 
მეხსიერების ნარჩენებით რომ საზრდოობენ. 

ის გემს გაჰყვა ექვსი თვის წინათ 
და შინ აღარ დაბრუნებულა,
ეს ზღვა ახლა შენს თვალებს იწოვს,
და შენს მზერაში თუ გამორიყავს 
იმ მეზღვაურს, იმავე გზით რომ ვერ ბრუნდება 
და სხვა გზას ეძებს. 

შენში ორი სიცოცხლე ფეთქავს 
და როცა შინ ხარ
მიუჯდები როიალს და 
შენს მოლოდინს მუსიკად აქცევ, 
მერე დაორთქლილ მინაზე წერ ბატიფეხურად, 
რომ გული შენი ღუზაა და 
დარდის ზღვიდან ვეღარ ამოგაქვს

??????