ვინ არის ეს ქალი?
Lecharme inattendu d’unbijou - rose et noir -Baudlelaire
Lademoiselle bleue aux bords frais de la sourse - Th. Gautier
Lamelancoliedes soleils couchants - Poul Verlaine
...et les roses es trop hautes - H. de Régnier*
მიმაფრენდა ნაპრალებზე ლურჯა ცხენი,
გადვიჩეხე,
უკურნებლად დაჭრილი ვარ...
დამეხსენი!
შეკიდებიან მთვარეს - როგორც მძიმე მტევნები,
თეთრ-ვარდისფერი ალუჩები და შადრევნები.
ქანდაკებებმა ჩაიარეს მოხდენილ წყებად.
სადღაც შორს მუსიკა ქარივით კითხულობდა:
ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი
ასეთი ცისფერი?
ჩახმახის წუთი. ბნელ სივრცეში აშლილი ბოლი,
შავი ყვავილის სამუდამოდ მკვდარი ფოთოლი.
ლჲუციფერი: -
ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი
ასეთი ცისფერი?
1916
* მოულოდნელი მომხიბვლელობა სამკაულისა - ვარდისფერისა და შავის - შ. ბოდლერი
ცისფერი ქალწული ნაკადულის გრილ ნაპირებზე - თ. გოტიე
ჩამავალ მზეთა მელანქოლია - პ. ვერლენი
...და ვარდები მეტად ტანმაღალი - ა. რენიე