ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ყვავილები და ღვინო 

წყნარზე წყნარო მზე და ღვინო,
შვების წყაროვ. მზე და ღვინო,
მე მთვრალი ვარ სიყვარულით.
არ დამცარო, მზე და ღვინო,
მშვიდად, წყნარო:
შვების წყარო,
არ დამცარო, მზე და ღვინო,
მე არ მინდა მზე და ღვინო,
წყალი წმინდა, მზე და ღვინო,
უცხოელი არ გეგონო,
მე ვარ კინტო - მზე და ღვინო.
მე არ მინდა
წყალი წმინდა,
მე ვარ კინტო, მზე და ღვინო.
შენში არი მზე და ღვინო,
ყოფნის არე - მზე და ღვინო,
ყვავილებიც, ეშმაკებიც
და სამარეც, მზე და ღვინო.
შენში არი
ყოფნის არე
და სამარეც - მზე და ღვინო.
ნამდვილ სუფრას - მზე და ღვინო,
არის უფრო მზე და ღვინო,
სიკვდილამდე აღტაცებას
ესაუბროს მზე და ღვინო.
ესაუბროს,
როგორც უფროსს,
ქართულ სუფრას მზე და ღვინო.
ეტყვის ყველას მზე და ღვინო
სადღეგრძელოს, მზე და ღვინო,
იყოს მრავალჟამიერი
საქართველოს მზე და ღვინო.
ეტყვის ყველას
სადღეგრძელოს
საქართველოს მზე და ღვინო.

1916

??????