მივარდნილი აივანი
ამპარტავანი თათარი,
ეზოში დადის მამალი,
მახსოვს მოხუცი ჭადარი
და ძველი დასტურ-ლამალი.
მახსოვს მივარდნილ აივნის
ჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე.
ეხლაც ხანდახან გაივლის
ჩვენი კნეინა, კაკაბი.
სიმინდის ანაქურჩალით
კოკა, შედგმული გაროზზე:
მაღალ ტანით და ჭურჭელით
კაკაბი მიდის წყაროზე.
გახმა ბოსტანში მწვანილი!
და ოხრავს ჭმუნვით მოცული
თავადი ვაშლოვანელი,
ხანდახან ჩემთან მოსული.
„რა უბედური ქარია!
წამოველ... ვიცი: მელოდი!“
დავლიეთ, გაგიხარია...
(ვამაყობ საქართველოთი!)
ოქტავებით ვწერ პოემას:
(ესეც საქმეა თუ არა?)
და სოფლის უდაბნოებას
ამ ზარმაც გადაუარა.
და მეგობარიც ხანდახან
უთუოდ მოვა, თუ ელი:
ტფილისში მეფობს თათარხან,
ღვინო, დუელი, დუელი!
სასახლე გახდა თილისმა!
არ არის არც საშინელი:
კარგად გაიცნო ტფილისმა
ჩინებულება ჩინელის.
„რა უბედური ქარია!
წამოველ... ვიცი, მელოდი!“
დავლიეთ, გაგიხარია..
(ვამაყობ საქართველოთი!)
1918