გემი „დალანდი“
გამომაღვიძა ღამის ალმა, ნელმა და ქურდმა,
ბაღი ყელამდე ზამბახებით იყო ნაბური,
ირგვლივ ეყარა დანგრეულთა ჩრდილთა ჩუქურთმა,
ბაღს იქით მძიმედ ხმაურობდა ზღვა უდაბური.
მე მივდიოდი, მაღლა იდგა გემი „დალანდი“,
როგორც ნარცისი თავის ლანდზე შეყვარებული,
ჩემი დაფნისთვის მიტაცებდა ლურჯი მანდილი,
ქვეყნად მთვარეულ ზამბახებში შეფარებული.
გემით „დალანდი“ მოვდიოდი სამშობლოსაკენ
და მთვარისაგან გაღვიძება გულს დარდად ჰქონდა,
მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ
და არ მახსოვდა: მქონდა იგი, თუ მომაგონდა?
გახსენებების მომძახოდა მტანჯველი ლანდი:
შენ და მოსკოვი, პეტროგრადი, ლენინი, კრემლი!
შავი ზღვის ზვირთებს მიაპობდა გემი „დალანდი“
და თვალზე მადგა განშორების მსუბუქი ცრემლი.
1918