ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

მწოლარე 

იყო ის მწუხარება - ბალახებში მწოლარე
და ეფინა ალვათა ხეივანის სუმბული,
მიდიოდა მდინარე, როგორც ლურჯი ოლარი
და მახლობლად კიოდა მეთორმეტე ბულბული.

და ფოთლების შრიალი იყო, როგორც ოპერა,
შორეული ბაღები, მედეას ხნის კამარა.
უცებ ქარმა ზვირთები დასავლეთით მობერა,
მიეფერა დაღალულს და ზღვებს გადააბარა.

კითხულობდა პოეტებს: ედგარს, ჰანრი რენიეს -
და ლანდები ჩქარობდენ ოცნებების კიდეზე
და ვერ წარმოედგინა ბედნიერს და მშვენიერს
ცა უფრო უმაღლესი, ცა უფრო უდიდესი.

1919

??????