ტფილისი
ქალაქზე ნელმა ალმა იფეთქა,
სახლებზე ადის ფერადი ბოლი
და კიბეებზე, ვით ვინიეტკა,
დაფენილია დაფნის ფოთოლი.
ჩნდება სინათლის ჩქარი ქაფები,
გზებზე ქარივით მოქარავანე,
და აიმართენ, ვით ჟირაფები,
მთა არსენალის და მთა სავანე.
ეს სიონი ჩემი ნათელს დამათოვს,
მტკვარიც დაანთებს ნათელ ხარებას.
ათოვს ხიდეებს, ათოვს მადათოვს,
ათოვს ზმანებებს და მწუხარებას.
და მესიზმრები შენ, ვისაც ქერა
სამოსი გმოსავს სნეულ ოცნებით
და არ მშორდება ღვთისმშობლის ცქერა,
სავსე ქართული პატიოსნებით.
მომაჯადოვა ძვირფასმა ხატმა
და ბედი ჩემი წვა არის მისი,
და ირიბი გზით გამიყვანს სადმე
მარადისი და ძველი ტფილისი.
შემდეგ არაა არსად ახალი
ცა - ოკეანე, მთვარე - ნაფოტი,
ტფილისი ჩემთვის არის მაღალი
გილიოტინა და ეშაფოტი!!!
ნერონის ცეცხლზე იფიქრო კაცმა,
მადონნას გწვავდეს მზე უვედრები
და განიცადო ასეთი ჯვარცმა:
უბედურება, რღვევა, ცხედრები!
დახავსებული კარებით შევლა,
სად ყვავილების ჩუმია შფოთი,
და განიცადო ასეთი წყევლა:
გილიოტინა და ეშაფოტი!!!
სიონი მაინც ნათელს დამათოვს,
მტკვარიც დაანთებს ნათელ ხარებას,
ათოვს ხიდეებს, ათოვს მადათოვს,
ათოვს ზმანებას და მწუხარებას.
და მესიზმრები შენ, ვისაც ქერა
სამოსი გმოსავს ქარის ოცნებით -
და არ მშორდება ღვთისმშობლის ცქერა,
სავსე ქართული პატიოსნებით.
1920