ვისმენ დანატრულ ხმას
ალვა მწვერვალსა ხრის
ნაზი ტანივით სწორს,
მთიდან ნიავი ჰქრის
შორს, უბოლოოდ შორს.
შევხვდით ისევე ჩვენ,
გზით მიმავალი გზად,
კვლავ მოგონებებს მფენ,
მაგრამ არ ვიცი: რად?
მზე გიოქროვებს თმას,
ვით მონიავე რულს,
ვისმენ დანატრულ ხმას
და ვერ ვიმშვიდებ გულს.
ფრთადაღალული დღე
ცდება დასავალ ცას.
გარინდებული ტყე
ფიქრობს, არ ვიცი: რას?
1922