ეფემერი
შეხედე! მშვიდი შენი დობილი!
გარე ყორნისა ჰფენია ტევრი,
კუბოში წევს ის, როგორც შედევრი,
იდუმალი და ფიქრ-განდობილი.
მსგავსი მხოლოდ ცა და ალოეა,
ნისლიც ძლივსაა მისი სადარი,
მისი მხატვარი ჯერ არსად არი
და მხოლოდ შენზე ფიქრობს, გოია!
კარგია მისი ძეგლად აგება,
ბროლნი თლილები, სახე - ყვითელი,
ხოლო სადაა დღეს პრაქსიტელი
და შეუცნობთა დაქანდაკება?
სადღაა ნაშთი ძველი ჟინისა?
გოტიე! აი, შენი ტომები,
ოდეს ფანტომებს დაენდომები,
ვით გადარევა პაგანინისა.
1923