გრიგალი
ჰაერი სერავს სერებს ფერებით,
გრიალებს ქარი.
ფშნებში ჩამპალი ჩალის ღერებით
გრიალებს ქარი.
მდინარის პირად ჩინარი გახმა,
გრიალებს ქარი.
შარაზე, წყალზე, გამოღმა-გაღმა
გრიალებს ქარი.
უდაბურია ადგილი ნავის,
გრიალებს ქარი.
გრიალებს ქარი და ქარი ბღავის,
გრიალებს ქარი.
შუა კერასთან ცეცხლი იალებს,
გრიალებს ქარი.
სახურავებზე ქარი გრიალებს,
გრიალებს ქარი.
საქართველოა ეს მთა და ბარი
თუ ის არ არი?
სინამდვილეა ეს თუ ზღაპარი?
გრიალებს ქარი.
გრიალებს ქარი ველად და ბარად
გრიალებს ქარი.
სიცოცხლე არ ღირს უშენოდ არად...
გრიალებს ქარი.
უცებ ზღვის ღელვა ქაფა-რეული
მიმზერს მზისაგან,
იგი მეძახის სიზმარეული
სიცოცხლისაკენ.
თავისუფალი, ლაღი, ძლიერი
ბედისთვის ომი!
ცეცხლის ნავები და კადნიერი
ოცნების ნდომა.
ასე ხმაურობს პოეზია
და ეპოქები,
იქ ჯოჯოხეთზე უტკბოესია
აბობოქრება.
აგერ ხომალდი - ჰორიზონტის
ფრთით დალურჯული.
იქ, ქარიშხალთან უნდა ჰქონდეს
გრიგალს ჩურჩული.
მე მაგონდება გზა ცხოვრების,
ბედის მშვილდები...
დროის წერათა ამთოვრებას
რომ ასცილდები;
იქ ქარის გზაა, უცნობ მხარეს
რომ მიუწია.
ესაა მძაფრი და მშფოთარე
რევოლუცია -
ადამიანურ ძლიერების
აღიარება.
ესაა თამამ ქვეყნიერების
გულში ტარება.
ოკეანესთან დამეგობრება
ზღვებმა დამარხეს -
ზღვა კვლავ უბრუნებს ჩემს ცხოვრებას
აზრს, სიამაყეს.
ისევე გულის სიახლით მდნობ
მიწიდან, ციდან,
დაუსრულებელ მორევებს ვგრძნობ
ყოველი მხრიდან.
ყოფნა ასეთი... ო, არ კმარა...
ყოფნისთვის თასი
მზე ზღვაზე ჩადის: ეს ანკარა
დეკადანსია.
მე ველოდები:
ცას ხანძარი გადანთებია
ოქროს ზოდები
მიმდინარე ტბებად დგებიან.
აქ მნიშვნელობა არის ბასრი
ფერთა ავსების,
მკვეთრი, ახალი, მტკიცე აზრი
დისსონანსების.
და უბოლოოდ მშვიდი ცის გრძნობა,
გრძნობა ფერებით,
ო, ეს მშვიდობა
შორით ნთებული
ადამიანურ ძლიერებით
მოპოებული.
ზღვა და მზის ჩასვლა.
რევოლუცია და მშვიდობა.
სიცოცხლის გაცვლა,
უამიდობა.
ქარით ხარხარებს ქუხილი მუქი,
გრიალებს ქარი.
კიდეებს ცვივა ფერადი ქაფი,
გრიალებს ქარი.
აღვიძებს დევებს დემონის დაფი,
გრიალებს ქარი.
ცას სისხლისფერი მოედო ლუქი,
გრიალებს ქარი.
ზღვას ალმაცერად დაენდო შუქი,
გრიალებს ქარი.
დაწეწილია აფრათა ძაფი,
გრიალებს ქარი.
მეცხრე ტალღაა, მეათე ლაფი,
გრიალებს ქარი.
მეასე გრგვინვა, ელვა და ბუქი,
გრიალებს ქარი.
მე დავინახე მცურავი სული.
მე მისი წელი მეგონა თლილი
ვენერას წელი.
ვიგრძენი გულის მისისა ვნებით
ავადმყოფობა.
ო, მისი თმები... სურნელოვანი ობობას ქსელი,
საიდანაც სწოვს ბაგეებს ბაგე,
როგორც ობობა...
თვალები ფეთქდა, ვით სავსე თასი
ღელვიდან, სადაც მეფობს ეკსტაზი.
მას იტაცებდა ელვათა რკალი
და სული იგი იყო გრიგალი.
ქალნი ზღვის პირად იფენდენ კდემებს -
ზღვას გასცქეროდენ.
ზღვას გასცქეროდენ, ელოდენ გემებს
და თან მღეროდენ:
მზევ ჩამავალო, რიდეებს ჰშვენი -
ნაზი დობილი...
გიყვარდეს მარად ოცნება ჩვენი
გულგაპობილი.
კარგია ბედის ეს მღვრიე ტბორი,
გრიალებს ქარი.
კარგია გემთა რონინი შორი,
გრიალებს ქარი.
ძლიერი სივრცის გრიალებს გორა,
გრიალებს ქარი.
ნისლს გაერია ჰაერი მლაშე,
გრიალებს ქარი.
ნაპირს მოადგა გემები: ვაშა!
გრიალებს ქარი.
და მზეც ჩავიდა ღრუბლებში: აორა!
გრიალებს ქარი.
1923