ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * ორკესტრის ხმაში... 

ორკესტრის ხმაში - ტყის ნაპირია,
წყაროვ და ველო: ქალი და ვაჟი.
ოცნების რაში ვის რად სჭირია,
ვის რად სჭირია ეხლა მირაჟი?

თვალებით ნათლით გადიტვირთება
იქ დედოფალი, აქ მისი პაჟი.
ვოლტორნი ყველას მირაჟს პირდება,
ვის რად სჭირდება ეხლა მირაჟი?

უცებ სროლის ხმა.. თოვლი სადები..
მიყუჩდა სცენა.. არ ისმის ტაში.
ქუჩაზე გაჩნდენ ბარიკადები,
ვის რად სჭირია ეხლა მირაჟი?

სისხლი! ძახილი ახალი ქროლის,
დაუნდობელად ავარდა ცაში -
მირაჟი სისხლის, მირაჟი ბრძოლის,
მირაჟი გზის და ცეცხლის მირაჟი!

1924

??????