ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

გადავიღალე 

გადავიღალე სიტყვებში ყოფნით,
ვგრძნობ, საარსებოდ ეს დაღლაც მყოფნის,
სხვაგვარ ცხოვრებას ვეღარ ვახერხებ _
გაჯერებული სისხლით და ოფლით,
ვარ პერსონაჟი ბიბლიურ სოფლის
და ისევ წიგნი მიშლის საღერღელს.
ერთადერთობას ვერ დავიკვეხნი,
მაფიქრებს ძველი ჰარი-ჰარალი,
ვარ შემკრებელი ამ და იმ ქვეყნის
და ჩემში ცოცხლობს, ვინც აღარ არი.
აღარ მოვყვები უაზრო ქადილს,
გაურკვევლობის საზღვარზე ვდგავარ
და ეს დრო მიყვარს, თითქოს რომ გადის,
სინამდვილეში რომ არსად გავა.
ვარჩევ ქაღალდებს, ვგრძნობ დედის წერილს,
ისევ თვალის და ხელის შევლებით,
ვზი მაგიდასთან საბრალო მწერი
და მიკანკალებს ხელის მტევნები.
ვინც ახლა წავა, იქით ივლის ის,
სადაც წყვდიადი თვალებს აცეცებს,
უფლის ცრემლია ზეცა ივლისის
და ვარსკვლავებმა დაანამცეცეს.
მე ტანთ მაცვია მომწვანო ჭინჭი,
ვანათებ ხმაში გაბნეულ ფოსფორს,
შებინდებისას მოვყვები ჭრიჭინს,
რომ შევუერთო ჩემი ხმა კოსმოსს.

??????