ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ორატორია 

გასწი! შენი გზა ანათებს ხანას,
რომ მიუვალი გზები ახარო
ყოველ ფაბრიკას, ყოველ ქარხანას,
ყოველ მაღაროს.
გაჰკივლე რკინას, თუჯსა და ნახშირს,
ახალ ტეხნიკას, ახალ მანქანებს;
შენი კივილი გარეთ და სახლში
ბევრს განწირულად ააქაქანებს.
გაჰკივლე ცემენტს, ნავთს, მინერალებს,
შოსსეს, გზატკეცილს, მაინც და მაინც
შეუნთე სოფლელ მეურნის თვალებს,
და მის განუყრელ ტრაქტორს, კომბაინს.
გაჰკივლე ჩვენი ხუთწლედის გმირებს,
რომ ჩვენ ვიზრდებით და აგრე რიგად
მალე ტეხნიკით ვერ გაგაკვირვებს,
ტეხნიკის კერა, ჰეი, ამერიკა.
დაეშვი, ფარდავ, ევროპის ძველის,
იქ ხომ არ ინდობს არვინ არავის;
დასრულდეს აქტი უკანასკნელი
დრამის, მტრისათვის გულშემზარავის!

1925

??????