ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

დილის პური 

და ამ ბალახზე გაფანტულა დილის ცვარ-ნამად
მათი თვალები, მივდივარ და გზად მიმაცილებს.
ხანდახან უკან მობრუნება უყვართ წარმავალთ
და მყისიერად ამცირებენ დროს და მანძილებს.
დილის სუსხიან სილურჯიდან ამოჩრილები
არიან მსგავსნი ჩემი, შენი, ჩვენი, აქ რომ ვართ,
უკანასკნელი ფოთლები და მათი ჩრდილები
ხეებს რომ შერჩათ, დეკემბერი ვიდრე დაქროლავს.
რაღაც სათქმელი შეუნახავს მათ გამოხედვას,
მრავალი სიტყვა _ ერთ მზერაში გადადნობილი,
ნატრული სითბო ობლებისა და ქვრივ-ოხერთა
და უთქმელობა ძმაკაცისა ანდა დობილის.
გადააწყდები ყოველ წუთში მზერას გამჭოლავს,
რომ მიფანტვია მბრწყინავ ბალახს დილის ცვარ-ნამად,
რუხი კორპუსის ფანჯრებიდან ვიღაც გამჭორავს _
დილის პურისთვის, თუ უბრალოდ სადღაც წარმავალს.

??????