ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

რევოლუციონურ საქართველოს 

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

რევოლუციონურს, ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს,
უდიდესს თავის ნებისყოფით, გმირულს, უაღრესს,
თვალწინ გადაშლილ გარდატეხათ უდიადეს აზრს,
მრავალი ათას მტკიცე ძაფით დაკავშირებულს;
აღფრთოვანებას მასებისას, მილიარდიან
ძლიერ ტალღებად რომ მიღელავს ახალის ძალით,
უსასტიკესი დაჟინებით რომ ანგრევს კარებს
მილიონების უფართოეს ჰორიზონტებთან,
ნგრევას, ო, ნგრევას, დაუნდობელ ნგრევას ძველისას,
კარჩაკეტილი ცხოვრებიდან - გავიდეთ მზეზე.
ულმობელ ტრიალს ისტორიის მედგარი ბორბლის,
რევოლუციონურ საქართველოს,
ნახტომს უდიდესს, უზარმაზარს, განსაცვიფრებელს, -
რევოლუციონურს, ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს,
ვაშა, ამ ახალ საქართველოს, ვაშა, შენებას!

1930

??????