ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * ვის არ ახსოვს პატარა... 

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

ვის არ ახსოვს პატარა,
გაყინული უუძველესი სტამბები.
მათ თვითმკვლელობით გაათავეს
თავიანთი სიცოცხლე.
რადგან მათ ძარღვებში ფეთქდა წმინდა
კონსერვატიული სისხლი, დაუმსახურებლად ამაყი.
იგი, მართალია, ჩვეული არ იყო დამცირებისა
და დამონების ატანას.
ასოთამწყობები კი ცივსა და ნესტიან სარდაფებში
ლევდენ სულს.
ჭლექი ახრჩობდა მათ.
ვისთვის უნდა ეთხოვათ მათდამი მოახლოებულ
სიკვდილისაგან დახსნა?
შიმშილი,
წყურვილი,
სიცივე,
უბინაობა.
მაგრამ ისინი ყველაფერს იტანდენ უძვირფასესი
სახელისათვის: კულტურა!
გამოჩნდა რატაციონის მანქანის ლანდი.
სარდაფებიდან მზეზე ამოვიდენ მუშები.
რატაციონის მანქანა დადგა ჩვენი
კულტურის სადარაჯოზე.
ყველგან და ყოველთვის
ახალი წიგნებით, გაზეთებით და ჟურნალებით
იბრძოლებს იგი ყოველი ტირანის წინააღმდეგ,
რომელიც კი მოისურვებს მასზე მბრძანებლობას, სიტყვის
სულის შეხუთვას,
მისი თავისუფალი და ამაყი საომარი სიმღერის შეზღუდვას.
არავითარი სხვისი ბატონური მზრუნველობა
მას არ სჭირდება.
პირიქით -
ის არ დაინდობს არავითარ ტრადიციას ძველსა და ახალს,
რომელიც აბრკოლებს რევოლიუციონური საქართველოს
მსვლელობას.
რატაციონის მანქანა
არის თავისებური უდიდესი პოეზია.
ეს პოეზია აქ უფრო დამარწმუნებელია, მშვენიერი და
დიდებული, ვინემ ბუნებაში.
რკინისგზის სახელოსნოების მანქანების მუსიკა
ან რატაციონის მანქანის მუსიკა!..
შენ ამას მიხვდები!
შენთვის ეს გარდაუვალი ჭეშმარიტებაა...
ეს რკინის სიმღერა - არის პოეზია ორი გიგანტის:
ადამიანის გონებისა და დაუდგომელი შრომის.
იგი კი არ მღერის, არამედ სჭექს.
რატაციონის მანქანა სჭექს,
რატაციონის მანქანა სჭექს.
ვჭექოთ - ჩვენც.
ვჭექოთ.
ვჭექოთ.

1930

??????